პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტის შეთავაზებას არც უარყოფს და არც ადასტურებს. „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" სატელეფონო საუბრისას მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით ამ თემაზე კონსულტაციები არავისთან ჰქონია.
გიორგი კვერენჩხილაძე საკითხზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს, ვინაიდან მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება სექტემბერში იწურება.
„ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. 6-7 თვით ადრე ნაკლებად სერიოზული მგონია ამ თემებთან დაკავშირებით საუბარი. უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი იურისტისთვის მოსამართლეობა, მით უმეტეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობა, საკმაოდ პატივსაცემი თანამდებობაა", -განმარტა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა.
გიორგი კვერენჩხილაძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.
„შემიძლია, გულწრფელად დაგიდასტუროთ, რომ არანაირი პრობლემა არავისთან ურთიერთობაში არ მქონია",- განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.