logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ვიცი რა პოლიტიკური ბოღმა აქვთ „ნაცებს“
- +

1 სექტემბერი. 2017. 03:12


კრიზისების მართვის საბჭოში სისტემური ცვლილებების განხორციელებასა და აღნიშნული საბჭოს მიმართ ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი სესიაშვილმა გადაცემაში „დღის ამბები" ისაუბრა:


„მე მაყურებელს შევახსენებ, რომ 2006 წელს დაახლოებით 24 დღის განმავლობაში იწვოდა აბასთუმანში ტყე და წინა ხელისუფლება არათუ ვერ გაუმკლავდა, არამედ ეს ხანძარი ლიკვიდირებული იყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც წვიმა წამოვიდა. მე სამწუხაროდ, ასევე მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ წინა წლების განმავლობაში ასობით ჰექტარი იწვოდა „ნაცების" დროს და აქაც ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე იდგა ქვეყანა. იმის მაგივრად წინა ხელისუფლებას ეფიქრა და ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობები გაეუმჯობესებინა, დაგვიტოვეს ძალიან რთული, მძიმე მემკვიდრეობა და ყბადაღებული ის ორი ვიპ-კლასის პუმის ვერტმფრენი, რომლის გადაკეთების შესაძლებლობა არ არსებობს და ესეც კარგად გაიგოს მაყურებელმა. ასევე არ ვიცი რა პოლიტიკური ბოღმა აქვთ „ნაცებს". როცა გვესაუბრებიან ოკუპაციაზე და მავთულხლართებზე, მგონი ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ვისი პოლიტიკური უმეცრებისა და უმოქმედობის შედეგი იყო ის, რომ სამწუხაროდ ჩვენმა მტერმა - რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და მას შემდეგ ერთადერთი რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა" იყო ის, რომ მედიას აჩუმდებდა, რათა ხალხს არ გაეგო მავთულხლართების გავლებისა და იმ მცოცავი პოლიტიკის შესახებ, რომელიც მათი მმართველობის დროს ხორციელდებოდა.

 

აქვე მე მინდა გამოვეხმაურო იმ არაკვალიფიციურ კრიტიკას, რომელიც მე მოვისმინე კრიზისების მართვის საბჭოსთან მიმართებაში. ამ ადამიანებს არ აქვთ არც კომპეტენცია, არც პროფესიონალიზმი და მეტიც, უბრალოდ სურვილი არ აქვთ, რომ ელემენტარულად კანონი წაიკითხონ, ან როგორც დეპუტატები მივიდნენ კრიზისების მართვის საბჭოში და გაეცნონ თუ რას წარმოადგენს ეს საბჭო. უბრალოდ არ იციან და უსინდისოდ, პოლიტიკურად სპეკულირებენ ამ თემით. მოსახლეობას უბნევენ ტვინს, რომ მცირედი პოლიტიკური ქულები თვითონ კი არ დაიწერონ, არამედ შავი პიარი აუგორონ ხელისუფლებას, რომელიც ბოლო დღეებში მართლაც მოწოდების სიმაღლეზე იყო. მადლობა პრემიერს, მე ძალიან ხშირად ვიყავი ბორჯომის ხეობაში და მართლაც აღფრთოვანებული დავრჩი ამ პიროვნებით, რომელიც დღე და ღამე შემართებით და მოტივაციით, როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი ებრძოდა ამხელა გამოწვევას.

 

რაც შეეხება კრიზისების მართვის საბჭოს როგორც სისტემას, არ გააჩნია არც ტექნიკური საშუალებები და არც სხვა შესაძლებლობა, რომ ტაქტიკურ დონეზე შეეწინააღმდეგოს ამა თუ იმ გამოწვევას. კრიზისების მართვის საბჭო არის საკოორდინაციო შესაძლებლობა, მექანიზმი, რომელიც ერთვება მხოლოდ მას შემდეგ და ამის სპეციალური საერთაშორისო დადგენილი სტანდარტების არსებობს, არსებობს კრიზისების დონეები, რომლის დროსაც განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში ერთვება კრიზისების საბჭო და როგორ ხდება ამ საბჭოს შესაძლებლობების საკოორდინაციო საშუალებების გამოყენება. ანუ კრიზისები მართვის საბჭო უნდა ჩაერთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, არსებული ინსტრუქციებით, როცა კრიზისი იღებს ეროვნულ დონეს. და მართლაც ასე, როცა შსს საკუთარი შესაძლებლობებით, ძალებით ვერ უმკლავდებოდა ხანძარს, გაჩნდა საჭიროება, რომ ჩართულიყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტექნიკა, სოფლის მეურნების სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები და ცოცხალი ძალა. ამ შემთხვევაში უკვე არათუ კრიზისების მართვის საბჭომ, არამედ უშუალოდ პრემიერმა აიღო საკუთარ თავზე შტაბის ხელმძღვანელობა და ამ შემთხვევაში მან ყველა შესაბამის უწყებასა და სამინისტოროსთან ერთად განახორციელა კოორდინაცია, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში გამკვლავებულიყვნენ ამ ხანძარს. ასე რომ ვინმეს თუ უნდა ამით სპეკულაცია მოახდინოს და მოსახლეობაში დანერგოს ის აზრი, რომ კრიზისების მართვის საბჭო არაფერს არ აკეთებს და უნდა გავაუქმოთ, ძალიან ცდება. ეს საბჭო არის შექმნილი ბრიტანული დახმარების ფარგლებში, არის კობრას ანალოგი. მეტსაც გეტყვით, რომ თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით უკეთესია, ვიდრე კობრას სისტემა და ჩვენ კრიზისებისთვის ვემზადებით მშვიდობიანობის პერიოდში და თუ არ ჩანს როგორ ხდება კრიზისების საბჭოს გამოყენება, ღმერთმა დაგვიფაროს და ეროვნული დონის კრიზისი რომ წარმოიქმნას, ეს ის შესაძლებლობა და საშუალებაა, რომლის ეფექტურობა ძალიან მაღალი იქნება.

 

კრიზისები მართვის საბჭოს ზოგადად ფუნქციონირება სჭირდება ტრეინინგები, წვრთნა მომზადება, უნდა კოორდინაციის უნარ-ჩვევების გაძლიერება, ამ შესაძლებლობების გამოყენება პრაქტიკაში და ა.შ... ამ სისტემის ტრანსფორმირება და რეფორმირება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი კრიზისების მართვის საბჭოს მაქსიმალური დაახლოება იმ კრიზისების გამკლავებასთან, საჭიროებებთან რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner