2 სექტემბერს, 17:00 საათზე, კურორტ ,,საირმეში", მუსიკალური ფესტივალი „საირმე 2017"-ის ფარგლებში, ანსამბლ ,,თბილისის" კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.
„ფოლკლორული ანსამბლი ,,თბილისი" შეიქმნა 1980 წელს. ჩატარებული აქვს 6000 ზე მეტი კონცერტი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ანსამბლი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ქართველ და უცხოელ შემსრულებლებთან როგორებიც არიან ბენი ანდერსონი (შვედეთი, პოპ-ჯგუფი აბბა) და ნინო ქათამაძე (საქართველო, ჯგუფი ინსაითი). გამოცემული აქვს 17 ალბომი. რეპერტუარშია ქართული ხალხური სიმღერები, ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებები, ქართული ფოლკლორულ-ინსტრუმენტული კომპოზიციები, ქალაქური ფოლკლორი.
ანსამბლის წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები გოგი დოლიძე და ნუგზარ აფხაიძე.
მუსიკალური ფესტივალი ,,საირმე 2017" კურორტ ,,საირმეში" ივლისის ბოლოს დაიწყო და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად უფრო მრავალფეროვანი გახდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ანსამბლები და სოლო შემსრულებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
ფესტივალის პროგრამა: 2 სექტემბერი - ანსამბლი ,,თბილისი"; 9 სექტემბერი - ანსამბლები ,,იამე" და ,,ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი"; 10 სექტემბერი - ანსამბლი ,,ბასიანი" (ფესტივალის საზეიმო დახურვა).
ფესტივალის წარმომდგენი: სასტუმრო „საირმე" და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი", - ნათქვამია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.