logo_geo
eng_logo
„ბეჭზედ არწივი მეხატა“
- +

12 აპრილი. 2016. 19:12


(საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობისათვის)


ბაგრატიონთა დინასტია ჯერ მარტო იმით გამოირჩევა მსოფლიო მონარქიულ სახლებს შორის, რომ არცერთი ქვეყნის სამეფო დინასტიას არა ჰყოლია იმდენი მოწამე და წმინდანი, რაც ჩვენს სამეფო საგვარეულოს.


ბაგრატიონები ყოველთვის თავიანთი სამშობლოს, თავიანთი ხალხის ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მისი ჭირისა და ლხინის გაზიარებით, ქართველი ერის ბედი საკუთარ ბედად აქციეს და საქართველოს მარტვილობას თავიანთი მარტვილობა შეუთანადეს და გადააჯაჭვეს.


ამიტომაც უნდა ვეპყრობოდეთ ბაგრატიონთა დინასტიას განსაკუთრებული კრძალვითა და პატივით.


ამ საგვარეულო სახლის ისტორიასაც.

აწინდელ ყოფასაც.

და მომავალსაც.


მითუმეტეს, რომ დიდი ამბებია მოსალოდნელი ამ სამეფო სახლის ცხოვრებაში, დიდი განახლება და აღორძინება, იდუმალი შუქით გაცისკროვნებული _ ჩვენი სულიერი მამისა და საჭეთმპყრობლის მიერ შეგულიანებული და ნაკურთხი, საქართველოს სახელმწიფოებრივ განმტკიცებას სასიკეთოდ რომ უნდა წაადგეს.


***

კინოფილმის `ღიმილის ბიჭები~ სახელწოდება გიორგი ლეონიძის ლექსით _ `არ დაიდარდო, დედაო...~ _ რომ იყო შთაგონებული, დიდი რამ მიხვედრა არ ესაჭიროებოდა, რადგანაც ამ ჰიმნივით პოეტური ნიმუშის ზეპირად გამეორება ყველა წიგნიერ ქართველს შეეძლო, მაგრამ კინორეჟისორი რევაზ ჩხეიძე მაინც მოვალედ მიიჩნევდა თავს, ეპიგრაფად წაემძღვარებინა დასაწყისი სტრიქონები: ღიმილის ბიჭი ვიყავი, ბეჭზედ არწივი მეხატა, ცხრამეტი წლისა შევსრულდი, ოცი არ გადამეხადა, მამულის დროშა მეჭირა, მტერს ვეცემოდი მეხადაო.

მაგრამ ნეტა ყველა თუ ხვდებოდა, რას ნიშნავდა: ბეჭზე არწივი მეხატაო?

ვითომ ტატუირებას?

თუ... რაღაც უფრო მეტსა და მნიშვნელოვანს?

თამაზ ნატროშვილი ისტორიულ ესეში `საუკუნეთა ნისლიდან~ ამ სტრიქონს დაუკავშირებდა ძველთაძველ ლეგენდას, რომელიც გამოჩენილ ვენეციელ მოგზაურს მარკო პოლოს (XIII საუკუნე) საგანგებოდ აღენიშნა საქართველოს აღწერისას:

წინათ აქაური მეფეები იბადებოდნენ ბეჭზე არწივის ნიშნითო.

დიახ, მეფეები და არა ყველა ბაგრატიონი.

ეს ლეგენდა გამოეხმო გიორგი ლეონიძეს და ახლა ფილმის ავტორები (რეჟისორთან ერთად სცენარისტი სულიკო ჟღენტი) ამ სტრიქონებს დაყრდნობოდნენ არამარტო მოხდენილი სათაურის შესარჩევად, არამედ კინოფილმის სულისკვეთების, მხატვრული მრწამსის გამოსაკვეთად.

ბეჭზედ არწივი მეხატაო...

ასე უნდა წარმოვიდგინოთ ფილმის ჭაბუკი გმირები:

მათ შორის თემური _ რომელსაც კახა ქორიძე განასახიერებს.

მათ შორის `ჭკუისკოლოფა~ _ რომელსაც ნუგზარ ბაგრატიონი ასხამს ხორცს.

სხვებზეც გადანაწილდებოდა ეს სიმბოლური ნიმუში, მაგრამ უნდა დამდგარიყო დრო, როდესაც კახა ქორიძეს უნდა მოენდომებინა დამტკიცება, რომ ნუგზარ ბაგრატიონს არამარტო პერსონაჟად ყოფნისას, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც ჰქონდა ამოკვეთილი ბეჭზე ეს ღვთიური ნიშანი, ბაგრატიონთა მარადიული დამღა, რომლის მიხედვითაც ამოიცნობოდა მათ შორის უშუალო სამეფო შტო.

არასოდეს იფიქრებდა მკვლევარობასა და ბაგრატიონთა მთავარი გენეალოგიური ხაზის დაზუსტება-დადგენას, რომ არა ყოფითი რეალობა, რომელიც თვითვე უბიძგებდა აქეთ, ნება-უნებლიეთ დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მღელვარების შუაგულში რომ მოექცეოდა.

Aრადა, სამღელვარო თითქოს რა უნდა ყოფილიყო:

თვით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოიწადინებდა ქვეყნის მოწყობას ამ მოდელზე: საპარლამენტო მონარქია.

ჩვენს სინამდვილეში უნდა განხორციელებულიყო ის, რაც ვერ შეძლეს 1832 წლის შეთქმულებრივი მოძრაობის წევრებმა, ამაღლებული განზრახვა ვერ აქციოს რეალობად, რაკიღა აჯანყება _ საერთოკავკასიური სულით გაჟღენთილი _ წინასწარვე გაიცემოდა და შეთქმულები ციხე-გადასახლებაში ამოჰყოფდნენ თავს.

სადაც გაწყვეტილიყო დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა რუსეთის ძალმომრეობით, იქიდანვე უნდა განახლებულიყო.

მეფობას მოუღეს ბოლო რუსებმა?

პოლიტიკური წყობა კვლავ სამეფო თარგს უნდა მორგებოდა, ოღონდ არა აბსოლუტურ მონარქიას, რასაც ალექსანდრე ორბელიანი უჭერდა მხარს, არამედ _ პარლამენტურს, რასაც სოლომონ დოდაშვილი ემხრობოდა, მისი გავლენით დანარჩენებიც და... ალექსანდრე ორბელიანიც უდავიდარაბოდ შეუერთდებოდა ამ საერთო აზრსა და განწყობილებას.

ძნელი სავარაუდო არ არის, რომ ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა თუ ვაჟა-ფშაველას პოლიტიკური იდეალიც კონსტიტუციური მონარქიისაკენ გადაიხრებოდა.

მოგვიანებით პავლე ინგოროყვა საგანგებოდ აღადგენდა ბაგრატიონთა ღვთიური წარმოშობის იდეას _ არა იმდენად წარსულის ისტორიული სურათის წარმოსაჩენად, რამდენადაც მომავლის საქართველოსათვის.

ქვეყნის სათავეში ეროვნული ხელისუფლების მოსვლამდე _ 1990 წლის 5 ოქტომბრის `ლიტერატურული საქართველოს~ ფურცლებზე _ გამოქვეყნდებოდა ოთარ ჩხეიძის პოლიტიკური ესეი `პარლამენტური სამეფო ხელისუფლებისათვის~, რომელშიც ყოველმხრივ იყო დასაბუთებული ჩვენს ქვეყანაში ამ სახელმწიფო წყობის დამკვიდრების საჭიროება, უპირველესად მაინც _ ზნეობრივი გარემოს შესაქმნელად, საპატრიარქოსთან ერთად რომ წარუძღვებოდა ქართველი ერის გასვლას სრული მორალური სიმრთელის გზაზე; უშუალოდ კი არასოდეს ჩაერეოდა ქვეყნის მართვაში.

ცხადია, მეფობის ინსტიტუტის აღდგენა სრულებით არ გულისხმობდა ფეოდალიზმის რაიმეგვარ გაცოცხლებას, რაც ძირშივე გამორიცხულია.

ზვიად გამსახურდიას ისედაც ჩაეთქვა გუნებაში პარლამენტური მონარქიული წყობის შემოღება ანუ ძალდატანებით გაწყვეტილი ტრადიციის აღდგენა, და ოთარ ჩხეიძის ესეი კიდევ უფრო განუმტკიცებდა ამ რწმენას.

მაგრამ არ დასცალდებოდა ხალხის შემზადება ამ იდეის შესაცნობად, მისაღებად, გასაზიარებლად.

შესაძლებელი რომ ყოფილიყო _ ანუ საამისო დრო ჰქონოდა _ პარლამენტური მონარქიის შემოღება, მაშინ მის ხელისუფლებას ასე ადვილადაც ვეღარ დაამხობდნენ. და თუ მაინც დაამხობდნენ, ის კი უეჭველად მოხერხდებოდა, რომ ქვეყნის მართვა სამხედრო საბჭოს ხელში აღარ გადავიდოდა, აღარც პარლამენტი დაიშლებოდა და გამოიძებნებოდა გზა და საშუალება, რომ სწორედ პარლამენტი წაძღოლოდა ქვეყანას, ასე თუ ისე შეენარჩუნებინა წონასწორობა და ერთბაშად ათწლეულებით უკან არ გადავტყორცნილიყავით.

წაძღოლოდა მეფისა და პატრიარქის ერთობლივი თანხმობითა და გადაწყვეტილებით.

ქვეყნის კრიზისის ჟამს ძალიან წამოიწევდა მეფის ავტორიტეტი და გავლენა.

მშვიდობიან ჟამს კი არავის შეაწუხებდა თავისი არსებობით.

ეს მიზანი ამოსჭრია გულში უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს და ყველაზე რეალურ და დამაჯერებელ გზად გამოძებნიდა უფლისწულის აღზრდას იმ წეს-კანონებით, სამეფო ოჯახს რომ შეჰფერის.

მეფე კი აუცილებლად ნუგზარ ბაგრატიონის ოჯახიდან უნდა ყოფილიყო.

განახლებული დინასტიის სათავეში მისი შვილიშვილი უნდა მდგარიყო.

სამეფო გვირგვინისაკენ სხვანიც იწვდიან ხელს და ცდილობენ, ისტორიული ქრონიკები და დოკუმენტები მოიშველიონ თავიანთ უფლებათა დასამტკიცებლად?

გვერდით შტოთა ჩამომავალთაც მონებებიათ სამეფო ტახტი და სკიპტრა?

მაგრამ მათ მიერ მოხმობილი ცნობები ტენდენციურად რომ არის ამოკრებილი და ხელოვნურად შეკოწიწებული?

ამ ყოველივეს შესაფერისი განსჯა და უარყოფა ესაჭიროებოდა, გენეალოგიურ ცხრილში ღრმად ჩახედვა, მატიანის მონაცემთა თუ დოკუმენტების კვალზე მიყოლა და მიკერძოებათა მხილება, რასაც ამ საქმეზე გადაგებული კაცი თუ ითავებდა, მითუმეტეს პოლიტიკურ ქსელშიც რომ მოუწევდა ტრიალი, `ვარდების~ გადატრიალებით მოსული ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ჟურნალისტურ დემაგოგიასთან გამკლავება.

ეს ყოველივე მის წიგნს `ბაგრატიონები. სამეფო ტახტის მემკვიდრე~ _ მეცნიერულ ღირებულებებთან ერთად _ შესძენდა პოლიტიკური პამფლეტის მნიშვნელობასაც.

კომპოზიციურად კი წიგნი ისე მოხდენილად აიგებოდა, ისე გადანაწილდებოდა განსჯა და დოკუმენტები, ისეთ სიმძაფრეს შეიძენდა კვლევა-ძიებაც და პუბლიცისტური ნაწილიც, ერთმანეთს ძალდაუტანებლად შენივთებული, რომ თხზულება დეტექტიური სულითაც განიმსჭვალებოდა _ შესაფერისი სიმახვილითა და ექსპრესიით.

პოლიტიკური პამფლეტის იერი ზედმეტი იქნებოდა, დემაგოგიური თავდასხმების ნაცვლად პარლამენტური მონარქიის იდეაზე მსჯელობა მეცნიერული დისკუსიის ფარგლებში რომ წარმართულიყო, ამ იდეის მოწინააღმდეგეებს თავიანთი არგუმენტები მოეხმოთ და პატიოსანი პაექრობისას წარმოჩენილიყო ამ არგუმენტთა დამაჯერებლობა თუ სიმყიფე.

მაგრამ ისინი სულ სხვა გზას აირჩევდნენ.

და პასუხად მხილებას მიიღებდნენ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებდა პარლამენტური მონარქიის იდეის სიცოცხლისუნარიანობასაც და ჩვენი სახელმწიფოსათვის ყველაზე შესაფერის მოდელად მისი შეთავაზების აუცილებლობასაც.

უფლისწული გიორგი თავის ჟამს ელოდება.

საქართველოს პატრიარქი ისე გაჰყურებს იმ ჟამს, როგორც დიდი გაბრწყინების დასაწყისს.

და ამ დასაწყისის საძირკველში საიმედოდ ჩაიკირება კახა ქორიძის ეს მრავალმხრივ მნიშვნელოვანი წიგნი _ `ბაგრატიონები. სამეფო ტახტის მემკვიდრე~, როგორც საიმედო გზამკვლევი და მეკავშირე.

***

როგორც კინოგმირებს, კახა ქორიძესაც და ნუგზარ ბაგრატიონსაც ბეჭზე არწივი აღბეჭდოდათ.

ყოფით რეალობაში ეს მადლი უხილავად დაჰყოლია ნუგზარ ბაგრატიონს, მაგრამ ხილულად სხვა ვინ აქცევდა, სანდო გზამკვლევს სხვა ვინ შექმნიდა, თუ არა ის პერსონაჟი, გიორგი ლეონიძის მიერ გამოხმობილი ლეგენდა მასაც რომ უნდა მოერგო ფილმის სიუჟეტში.

თავისებურ წინასწარმეტყველებადაც კი შეიძლება აღვიქვათ ამ გადასახედიდან `ღიმილის ბიჭები~, რევაზ ჩხეიძის უჩვეულო მიგნებად, მაინცდამაინც ეს ორი პიროვნება რომ შეარჩია მსახიობებად, სხვა ფილმებში რომ აღარც უთამაშიათ და ეს დარჩებოდა მათ ერთადერთ კინოროლებად.

მოდი და ნუ ირწმუნებ შემთხვევითობას ამოფარებული კანონზომიერების იდუმალ ძალას.

სადღაც მიკარგულიყო მარკო პოლოს მოგზაურობის დღიურის ის პასაჟი, მხოლოდღა ისტორიკოსები რომ გადაავლებდნენ თვალს სინანულით.

მაგრამ გიორგი ლეონიძე მარჯვედ გამოიყენებდა ამ სტრიქონებს, ამ სიმბოლურ ხატს, მეომრის სახეს რომ ამოაფარებდა, სინამდვილეში კი რეპრესიებს შეწირულ პატრიოტებს იგულისხმებდა, ვითომ ტამანში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს რომ მიუძღვნიდა ამ ლექსს, არადა ლევან ლეონიძის ტრაგიკული ბედი შთააგონებდა, საკუთარი ძმისა.

ასე შემოიტანდა ლიტერატურულ მიმოქცევაში.

ასე აიყოლიებდა კინოფილმის შემქმნელებს.

ასე აღიქვამდა მაყურებელი ნუგზარ ბაგრატიონის გმირსაც _ ბეჭზე არწივამოტვიფრულად.

ჯერ კიდევ მაშინ... ღიმილის ბიჭად შერაცხულს.

და თურმე სად უნდა შეკრულიყო წრე და რა მოხდენილად დაგვირგვინებულიყო _ ერთი საუკეთესო პოლიტიკური პამფლეტით, რაღაც დიდის მიმანიშნებლად და წინამორბედად.

***

იქ კი, მაშინ აღტაცებულიყო მარკო პოლო, მრავლისმნახველი მოგზაური: ეს რა ჩინებული ლეგენდა მოვისმინე, ფურცელზე მისი აღუბეჭდაობა როგორ შეიძლებაო!..

ბეჭზედ არწივი მეხატაო, _ პოეტურ სტრიქონად გარდათქვამდა გიორგი ლეონიძე და ერთდროულად გაჰყურებდა წარსულსაც და მომავალსაც: იმედით, სევდით... სევდით, იმედით... და რაღაც უჩვეულოს მოლანდებით...




როსტომ ჩხეიძე

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner