სასტუმროს ნომრის კედელზე ათავსებდნენ სურათს, სადაც ჩამონტაჟებული გახლდათ ფარული კამერა
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო შექმნისა და შენახვის ბრალდებით პროკურატურამ გასულ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად „პრაიმტაიმმა" გაავრცელა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სპეცოპერაცია 8 აპრილს, გამთენიისას, ჩატარდა და ერთდროულად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის არაერთი ყოფილი თანამშრომელი აიყვანეს. მათ საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკისას კი სამართალდამცველებმა კომპიუტერები და სხვადასხვა სახის ნივთმტკიცებები ამოიღეს.
ვინ არიან დაკავებულები? სად და რა გეგმით ხდებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების მოპოვება და რა მტკიცებულებები ამოიღეს სამართალდამცავებმა სხვადასხვა სასტუმროდან?
ამ ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთ ხელმძღვანელად კუდ-ის უფროსის დათა ახალაიას მოადგილე ვასილ, იგივე ვაჟა ლელუაშვილი სახელდება. ლელუაშვილი სამართალდამცავებმა 2012 წლის არჩევნებიდან მალევე დააკავეს. მაშინ მას კომპიუტერული ვირუსის მეშვეობით პოლიტიკური ოპონენტების არასანქცირებულ მოსმენას ედავებოდნენ, თუმცა, როგორც ირკვევა, ლელუაშვილი პოლიტიკოსებსა და სხვა ცნობილ სახეებს არა მხოლოდ უსმენდა, არამედ საძინებლებშიც უთვალთვალებდა. ფარული მოწყობილობები მონტაჟდებოდა კონსპირაციულ ბინებსა თუ იმ სასტუმროებში, სადაც თვალთვალის ობიექტები ჩერდებოდნენ. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების პროცესში გამოძიება ქვეყნის მასშტაბით არაერთი სასტუმროს საქმიანობით დაინტერესდა. მედიაში გაიჟღერა მხოლოდ სასტუმრო „ბაზალეთის" სახელმა, თუმცა ჩვენი წყაროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკითხეს სხვა არაერთი ასეთი ობიექტის თანამშრომლებიც.
ირკვევა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი სწორედ სასტუმრო „ბაზალეთში" 2012 წლის მაისში გაკეთდა. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის წინასწარ ცნობილი გახდა, რომ სასტუმროს ნომერი დაჯავშნილი ჰქონდათ პოლიტიკურად აქტიურ პირებს. ლელუაშვილის დავალებით და შსს-ს ჩინოსნების უშუალო მონაწილეობით, სასტუმროს დაჯავშნილი ნომერი წინასწარ აღიჭურვა ვიდეოგადამღები ტექნიკით და ამ გზით უკანონოდ მოიპოვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები. როგორც ჩანს, კუდ-ი, ტექნიკური თვალსაზრისით, სხვადასხვა მეთოდს მიმართავდა. მაგალითად, ჩვენი ინფორმაციით, სპეცჯგუფი ნომრებში ათავსებდა კედელზე ჩამოსაკიდ სურათს, სადაც ფარული კამერა იყო ჩამონტაჟებული. გარდა კედლის სურათისა, ფარული გადაღებისთვის ისინი სასტუმრო ატრიბუტიკისთვის დამახასიათებელ სხვა ნივთებსაც იყენებდნენ. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ერთ-ერთი ყოფილი ჩინოსანი ფარული მოწყობილობის დაყენებას ადასტურებს. თუმცა იქვე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, ვისი ფარული გადაღება წარმოებდა.
2012 წელს არასანქცირებული მოსმენებისთვის დაკავებული ლელუაშვილი მალევე გირაოთი გაათავისუფლეს. სასამართლოში ამ საქმის არსებითი განხილვა ამჟამადაც გრძელდება. პროკურატურაში კი მის წინააღმდეგ არაერთი ჩვენება დევს, მათ შორისაა შსს-ს ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტის მოადგილის, ბექა კვარაცხელიას ჩვენებაც. კვარაცხელიას თქმით, ის და მისი თანამშრომლები ახდენდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პირებიდან ინფორმაციის ფარულად და არასანქცირებულად დაუფლებას, რაზედაც ნებართვა და მითითება ჰქონდათ ვაჟა ლელუაშვილისგან და დათა ახალაიასგან.
„თავიდან, როდესაც პროგრამა ახალი შექმნილი იყო, ვუსმენდით ოპერატიულად საინტერესო პირებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც არჩევნებისთვის გამოცხადდა მზადება, გადავერთეთ პოლიტიკურ თემაზე და მთელი ჩემი სამსახურის თანამშრომლების საქმიანობა მიმართული იყო იქით, რომ მოგვესმინა კოალიცია „ქართული ოცნების" წევრთათვის. აღნიშნულის შესახებ დავალება მიღებული მქონა ვაჟა ლელუაშვილისგან. ფაქტობრივად, მოცემული გვქონდა მთელი კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერები", - წერს ჩვენებაში ბექა კვარაცხელია.
მისივე თქმით, მიღებულ ინფორმაციას ისინი აწვდიდნენ ვაჟა ლელუაშვილს და დათა ახალაიას, თუმცა ჩვენების ბოლოს კვარაცხელია აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წელია, მას კონტაქტი აღარ ჰქონია დათა ახალაიასთან და ინფორმაციას აწვდიდა მხოლოდ ვაჟა ლელუაშვილს.
რად უღირდა და რის ფასად უთვალთვალებდა ვაჟა ლელუაშვილი ცნობილ ადამიანებს? ამ კითხვაზე პასუხი ძნელი მისახვედრი არ იქნება, თუ მის ქონებრივ დეკლარაციას გადაავლებთ თვალს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მან საკმაოდ დიდი ქონება დააგროვა. ლელუაშვილის სახელზე ირიცხება ათი ათასობით კვ.მ. მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლები წავკისში, გრიგოლეთსა თუ თბილისში. წინა ხელისუფლების დროს ის დათა ახალაიას მარჯვენა ხელად ითვლებოდა. ამბობენ, რომ კავშირების დამყარებას ახალ ხელისუფლებასთანაც შეეცადა, თუმცა უშედეგოდ, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-4 წელს მას ხელბორკილები უკვე მეორედ დაადეს და დიდი ალბათობით, ამჯერად, გირაოს გადახდას აღარ აკმარებენ. თავად ლელუაშვილი ყოველგვარ ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან საერთო არაფერი აქვს. ამის შესახებ ის დაკავებამდე ორი დღით ადრე გაკეთებულ სპეციალურ მიმართვაში საუბრობს, რომელიც ლელუაშვილის ოჯახმა მისი დაპატიმრების შემდეგ გაავრცელა.
ვაჟა ლელუაშვილის გარდა, პროკურატურამ ამავე საქმეზე კიდევ 6 პირი მისცა პასუხისგებაში, მათგან ერთ-ერთი - გივი კაციტაძე მიმალვაში იმყოფება. კაციტაძე დათა ახალაიას უწყებაში (კუდ-ი) 2011-12 წლებში მუშაობდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ქვეყანა დატოვა. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს:
დაკავებულთა შორისაა თბილისის კუდ-ის ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი. ამბობენ, რომ შიუკაშვილი ახალაიების ნდობით სარგებლობდა. თავად დათა ახალაიას უწყების მაღალჩინოსანი გახლდათ, მისი მეუღლე კი ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს სამხედრო პოლიციის მთავარი ინსპექტორი იყო. მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, რევაზ შიუკაშვილი თბილისის კუდ-ის უფროსის თანამდებობიდან კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დააწინაურეს.
იმავე დღეს, 2012 წლის 8 ივლისს დაწინაურდა კიდევ ერთი ბრალდებული ირაკლი ყიფშიძეც, რომელიც, ასევე, ბაჩო ახალაიას ახლო მეგობარი გახლდათ, თუმცა რატომღაც მას „პატარა ვანოს" მეტსახელით უფრო იცნობენ. ირაკლი ყიფშიძეს ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს ძველი თბილისის პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა. თუმცა ბაჩო ახალაიას მინისტრობის შემდეგ მას თბილისის მთავარი სამმართველო ჩააბარეს.
ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილებას ხელმძღვანელობდა კიდევ ერთი ბრალდებული - ზურაბ პავლიაშვილი, რომელიც მოგვიანებით კუდ-ის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსად დაინიშნა. მისი სახელი ფიგურირებს ჟურნალისტ ნანა ფაჟავას ოჯახისთვის 40-ათასლარიანი ავტომობილის უკანონო ჩამორთმევაში, პავლიაშვილის გვარმა გაიჟღერა 2009 წელს ოპოზიციონერი აქტივისტის, ანზორ მეზვრიშვილისთვის ნარკოტიკის ჩადებისა და ამ მოტივით მისი დაპატიმრების საქმეშიც.
პროკურატურის მიერ, ასევე, დაკავებულია პავლიაშვილის მოადგილე გიგლა შიოშვილი. შიოშვილის სახელი ფიგურირებს ოპოზიციური მოძრაობა „სახალხო კრების" აქტივისტების დაკავების საქმეში. „სახალხო კრების" წარმომადგენელი ლაშა ამირეჯიბი იხსენებს, რომ მათ აქტივისტებს ვასიკო გოგოლაძესა და ზაურ მაკარაძეს გიგლა შიოშვილმა ერთი და იგივე იარაღი ჩაუდო და გლდანის ციხეში გაისტუმრა. ამირეჯიბის ინფორმციითვე, 2014 წელს შიოშვილი მოულოდნელად ქვემო ქართლში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. კერძოდ, გარემოს დაცვის სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსად. მაშინ გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გახლდათ. მისი მოადგილე კი - „სახალხო კრების" ყოფილი წარმომადგენელი, თემურ მურღულია. გიგლა შიოშვილის მამა წლების განმავლობაში, ასევე, ძალოვან უწყებებში მუშაობდა. ჯერ კიდევ 1996 წელს ედუარდ შევარდნაძემ გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვა, ეს მაშინ, როდესაც ანზორ შიოშვილი შსს არასრულწლოვანთა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მისი კარიერიდან განსაკუთრებით საინტერესოა ერთი ეპიზოდი, როდესაც ანზორ შიოშვილი 12 წლის გოგონას ტრეფიკინგის საქმეს იძიებდა. ამბობდნენ, რომ დაზარალებულს საქმის გახსნის სანაცვლოდ შიოშვილი 5000 დოლარს სთხოვდა, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა, რომელიც მისი ვაჟის საქმესთან კავშირში არ გახლავთ.
P.S როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოძიება აქტიურად იკვლევს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი არაერთი სასტუმროს წარსულ საქმიანობას და მათ კავშირებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან. ამბობენ, რომ უკვე დაკითხულია არაერთი სასტუმროს თანამშრომელი და ხელმძღვანელობა. იკვეთება თუ არა ამ დანაშაულში სასტუმროს მფლობელების ბრალეულობა და რა გზით ითანხმებდნენ მათ ნომრებში ფარული მოწყობილობის დამონტაჟებაზე? ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. დაზუსტებული ინფორმაციით, სხვადასხვა ასეთი ობიექტიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სასტუმროს დაჯავშნის ვაუჩერები, თანამშრომელთა სია და სხვა სახის დოკუმენტაცია.
მირიან ბოქოლიშვილი