თბილისში, ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა გადაიდო. მშენებლობა, რომელიც 2017 წელს უნდა დაწყებულიყო, „სხვა უფრო პრიორიტეტული პროექტების გამო" ჯერ ვერ განხორციელდება.
„რადგან სხვა პროექტები უფრო პრიორიტეტული იყო, მათ შორის პეკინის გამზირის რეაბილიტაცია, წლევანდელი პროექტების ნუსხაში ვაშლიჯვრის ესტაკადის პროექტი არ გვიდევს, თუმცა მომდევნო პერიოდში ნამდვილად იქნება გათვალისწინებული. ვაშლიჯვრის ესტაკადის ტექნიკური პროექტი მომზადებულია, მას ექსპერტიზა აქვს გავლილი. პროექტი მზადაა იმისათვის, რომ შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში ის განხორციელდეს", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა 2017 წელს იგეგმებოდა. ამ გზას მნიშვნელოვნად უნდა განეტვირთა სატრანსპორტო კვანძები. რამდენიმე თვის წინ დავით ნარმანია აცხადებდა, რომ "ეს ადგილი წარმოადგენს ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს ქალაქში და ახალი ესტაკადა ამ გზაზე გადაადგილებას გაცილებით მარტივს გახდის".
„ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობა, რომელსაც ჩვენ 2017 წელს ვგეგმავთ ეს გახლავთ ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამომავალი ესტაკადის მშენებლობა, უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდებარე გადატვირთული მონაკვეთების განმუხტვის მიზნით", - აცხადებდა დავით ნარმანია 2016 წლის ბოლოს.
მიუხედავად იმისა, რომ მარშალ გელოვანის ქუჩას ორმხრივი მიმართულების გზა აქვს, გამყოფი ზოლით და თითოეული მიმართულებით 3 სამოძრაო ზოლია, პიკის საათებში ქუჩა ძალიან გადატვირთულია და მოძრაობის სიჩქარე მკვეთრად ეცემა, მცირდება ქუჩის გამტარუნარიანობა, ამას ემატება ვაშლიჯვრის დასახლებიდან შეკრებილი სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც ერთმანეთს სარაჯიშვილის ქუჩაზე უერთდებიან და გელოვანის ქუჩების გადაკვეთაზე ერთ დონეში გამოდის. ერთი ზოლით თბილისში მიმავალი ტრანსპორტი შეერწყმება დასავლეთიდან თბილისში მომავალ ნაკადს გელოვანის ქუჩით, ხოლო დასავლეთის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო ნაკადი მრავალი კონფლიქტური წერტილის გამო, იძულებულია ელოდოს კვანძის განტვირთვას, ძალიან სწრაფად იქმნება საცობი და შუქნიშნების მიუხედავად, სატრანსპორტო ნაკადის მწკრივი, რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძეზე გრძელდება.
გზის ამ მონაკვეთზე ესტაკადის მშენებლობა დედაქალაქის მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, გელოვანის გამზირის პიკის საათებში განტვირთვა ვერ მოხდება.