არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი უმსხვილესი უძრავი ქონების კომპანია Green Valley International Real Estate Group-ი ტაბახმელაში „მწვანე ქალაქის" მშენებლობას ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყებს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვახტანგ გურგენიძე რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა მიღებული აქვთ და სექტემბრის განმავლობაში ინდივიდუალური სახლების მშენებლობის ნებართვების მიღება მოხდება. შემდეგ კი აქტიური სამშენებლო პროცესი დაიწყება. გურგენიძის ინფორმაციითვე, ტაბახმელაში შავი გზების გაკეთება დასრულებულია.
Green Valley City-ს პროექტი 88 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება, ტერიტორიის 35% მწვანე ნარგავებით დაიფარება. ამასთან, მოხდება თანამედროვე არქიტექტურის ინტეგრაცია, რომელიც თანხვედრაშია გარემოს დაცვის უმაღლეს სტანდარტებთან.
პროექტი გულისხმობს საცურაო აუზების, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, კორტების, საჯარო ბაღების და საბავშვო ზონების, თურქული აბანოების, სუპერმარკეტის, ლაქშერი რესტორნების, კაფეების და საცალო გაყიდვების ობიექტების განვითარებას. საინვესტიციო ღირებულება 30-35 მილიონი დოლარია.
ცნობისთვის, არაბულმა კომპანიამ მიმდინარე წლის მაისში გონიოში თაუერების მშენებლობა დაიწყო. TWIN TOWERS სამი თაუერისგან შედგება, ორი 28–სართულიანი და ერთი 20-სართულიანი შენობა. მშენებლობა 2021 წელს დასრულდება. თაუერებში სასტუმროები განთავსდება, რომელსაც მენეჯმენტს თავად Green Valley გაუწევს.