თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა.
როგორც „პრაიმტაიმს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილისკენ რამდენიმე ჯგუფი უკვე გასულია. მათივე ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენსაც გამოიყენებენ.
ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენის გამოყენება თელავის მუნიციპალიტეტმაც მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ კოხტას მთის ფერდობზე არის ხშირი ფოთლოვანი ტყე, რის გამოც ხანძრის კერასთან ტრანსპორტით მიახლოება შეუძლებელია, სწორედ ამიტომ მეხანძრე მაშველებს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი, ჯერ უცნობია.