ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილ პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას განცხადებით, საქართველოსთან ფედერაციის და კონფედერაციის მოწყობის თაობაზე მოლაპარაკებები 2008 წლის ომამდე იყო შესაძლებელი.
შამბას განმარტებით, ამჟამად, ყველანაირი მსჯელობა ფედერაციული მოწყობის შემოთავაზების თაობაზე არათუ მიმავალი, არამედ, უკვე წასული მატარებლის საფეხურზე შეხტომის მცდელობაა.
"აფხაზური მხარის რეაქცია შეიძლება იყოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი - ფართო ავტონომიის, ერთობლივი სახელმწიფოს, ფედერაციისა და კონფედერაციის შესახებ შეთანხმებები შესაძლებელი იყო მხოლოდ ომამდე და ეს განიხილებოდა კიდეც. ქართული მხარე უარს ამბობდა ნებისმიერი კომპრომისული წინადადების განხილვაზე. ახლა კი, როგორც იტყვიან, მატარებელი უკვე წასულია. 2008 წლის 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყებით, საქართველო, ფაქტიურად, ცალმხრივად გავიდა ყველა მოლაპარაკებიდან, რასაც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების აღიარების შესახებ",- აღნიშნა სერგეი შამბამ "ლაივპრესთან" ინტერვიუში.