„ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ არის ჩვენი დარგი", - ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვების და გადამმუშავებელი მრეწველობის დამოუკიდებელი პროფკავშირის გამგეობის წევრმა მაკა ჩიქოვანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩიქოვანმა გაერთიანებული პროფკავშირების ლიდერის ირაკლი პეტრიაშვილის მხრიდან დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებზე ზეწოლაზე ისაუბრა:
„ჩვენ მიმართ გახორციელდა დიდი ტერორი ირაკლი პეტრიაშვილისა და ეთერ მათურელის მხრიდან. აგვისტოში შემოვარდნენ ჩვენთან ოთახებში და მოხდა ჩვენი დარბევა - დაგვიკეტეს ოთახები, ქალები გარეთ გამოყარეს... ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა ლავრენტი ალანია", - განაცხადა მაკა ჩიქოვანმა.
მაკა ჩიქოვანის თქმით, დარბევის მიზეზად ფინანსური დავალიანება დასახელდა, რომელიც დარგს ყოფილი თავმჯდომარის პირობებში დაუგროვდა. თუმცა, ჩიქოვანმა აქვე აღნიშნა, რომ დარბევამდე მათ წერილობითი გაფრთხილება არ მიუღიათ.
„მიზეზები ჩვენთვის გაურკვეველია. როდესაც ვიკითხეთ მიზეზი, მათ ახსენეს ფინანსური დავალიანება, თუმცა, არ ყოფილა ისეთი დავალიანება, რომლის გამოც შეიძლება დარგის წარმომადგენლები ოთახიდან გამოყარო", - აღნიშნა მაკა ჩიქოვანმა.
მაკა ჩიქოვანის თქმით, ირაკლი პეტრიაშვილის მხრიდან მსგავს ქმედებებს მხოლოდ იმიტომ ჰქონდა ადგილი, რომ დარგის თავმჯდომარეს თანამდებობა დაეტოვებინა. როგორც ჩიქოვანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, დარბევამდე ცოტა ხნით ადრე, გაერთიანებული პროფკავშირების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ დარგის თავმჯდომარეს თანამდებობა საკუთარი ნებით დაეტოვებინა.
„ძალიან დიდი ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა მივიღეთ იმის გამო, რომ მანამდე გვქონდა მოთხოვნა თავმჯდომარის მიმართ, დაეწერა განცხადება და წასულიყო. გაერთიანებას არ აქვს უფლება, ჩაერიოს დამოუკიდებელი დარგის საკადრო ცვლილებებში", - განაცხადა მაკა ჩიქოვანმა.
აქვე მაკა ჩიქოვანმა გაერთიანებულ პროფკავშირებში მოახლოებულ არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ირაკლი პეტრიაშვილის მხრიდან მუდმივად ისმის მოწოდებები, რომ ყველა დარგმა არჩევნებში მხარი მას დაუჭიროს.