მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა ხანძრების საბედისწერო რკალშია მოქცეული, „საქართველოს რკინიგზის" დეპარტამენტის გარშემოც ცეცხლოვანი პროცესები ვითარდება. კერძოდ, რამდენიმე რკინიგზელს 10 დღეზე მეტია, შიმშილობა აქვს გამოცხადებული და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. მათ სოლიდარობა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ და ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გამოუცხადეს, თუმცა, „საქართველოს რკინიგზის" დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ ეს საპროტესტო ტალღა „ნაცმოძრაობისა" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ არის მართული. მაგალითად, რკინიგზის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რომ ადგილი აქვს „სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული, არშემდგარი პოლიტიკოსის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას". თავის მხრივ, პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა დაჩი ცაგურიას „არშემდგარი კაცი" უწოდა და საქმე იქამდეც მივიდა, რომ აქციის მონაწილეები ცაგურიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ. რა ხდება რეალურად და რკინიგზის დეპარტამენტის წინააღმდეგ აგორებული პროცესის უკან იმალება თუ არა პოლიტიკური პროვოკაციის კვალი? ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის" სტაჟიან თანამშრომელს, თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლ რკინიგზელს გია ყრუაშვილს ვესაუბრებით:
-ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ყველა პატიოსანი რკინიგზელი მეძვირფასება და მემშობლიურება, მაგრამ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან, სადაც ამ კაცის სახელი და გვარი ფიგურირებს, ყველგან სიბინძურესა და, უკაცრავად, ჩათლახობას აქვს ადგილი.
- რის საფუძველზე აცხადებთ ამას?
- კონკრეტული ფაქტების საფუძველზე! 2010 წელს, როცა სააკაშვილის რეჟიმის ოპოზიციაში ვიყავი და აქტიურად ვებრძოდი რკინიგზაში არსებულ განუკითხაობას, პეტრიაშვილმა დამინახა და მითხრა - რკინიგზის დეპარტამენტის შეფს ირაკლი ეზუგბაიას უნდა „გავუტ...აკოთო". მაშინვე ვუთხარი - თუ რკინიგზელების უფლებების დაცვა გინდა, შემოგევლოს ჩემი თავი, მაგრამ შენ და ეზუგბაია „თელასში" ერთად მუშაობდით და ერთმანეთის ტყავს არ დახევთ, ისე არ გამოვიდეს, რომ ეზუგბაიას მაყუთზე გაურიგდე და რკინიგზელთა პრობლემების ხარჯზე „წაიბალახო", თორემ არ დაგზოგავ-მეთქი. არა, რას ლაპარაკობო, - თავი გაიგიჟა პეტრიაშვილმა და მეც 25 რკინიგზელი მივუყვანე, მაგრამ, როცა რკინიგზის დეპარტამენტის დირექტორის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ, ეზუგბაიამ პეტრიაშვილი დაიბარა და ერთმანეთში კოხტად გარიგდნენ.
- როგორ, ეზუგბაიამ პეტრიაშვილი ფულით მოისყიდა?
- სანთელი არ მჭერია და არ ვიცი, ფული გადაუხადა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ პეტრიაშვილი გაჩუმდა და პროტესტი ჩაიფარცხა, ხოლო იმ 25 რკინიგზელიდან ნახევარზე მეტი სამსახურიდან გაყარეს.
სააკაშვილის რეჟიმის გადაძაღლების შემდეგ, როცა „საქართველოს რკინიგზაში" დავიწყე მუშაობა, პეტრიაშვილმა მოინდომა, რომ რკინიგზელთა პროფკავშირების თავმჯდომარედ თავისი კაცი - ვიტალი გიორგაძე გაეყვანა. სიმართლე უნდა ითქვას, გიორგაძე ნამდვილად არ იყო ცუდი კანდიდატურა, მაგრამ, რადგან მის უკან პეტრიაშვილისნაირი გაფუჭებული კაცი იდგა, მე და ცნობილი ჟურნალისტის თამთა სანიკიძის მამამ თენგიზ სანიკიძემ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ რკინიგზის პროფკავშირების ხელმძღვანელი არა პეტრიაშვილის პროტეჟე, არამედ ჩვენი კანდიდატი გამხდარიყო.
- ეს როგორ გააკეთეთ - არჩევნები გააყალბეთ?
- რა თქმა უნდა, არა! კენჭისყრა აბსოლუტურად სუფთად ჩატარდა, უბრალოდ, ჩვენ თავდაუზოგავად და პროფესიონალურად ვიმუშავეთ, რომ პეტრიაშვილს თავისი კაცი ვერ გაეყვანა. ამან პეტრიაშვილი ძალიან გააღიზიანა და რამდენიმე რკინიგზელის გაფიცვას გაუკეთა ორგანიზება. კერძოდ, გასულ წელს რკინიგზელები, ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, 8 დღით გაიფიცნენ და „საქართველოს რკინიგზის" პარალიზება მოხდა. გაფიცულებთან მივედი და ვუთხარი - ძმებო, იცოდეთ, რომ ნაცები და ირაკლი პეტრიაშვილი თავიანთ ბინძურ თამაშში გიყენებენ და არ ქნათ ეს საქმე-მეთქი! მაშინ რკინიგზელებმა არ დამიჯერეს და აქეთ დამიპირისპირდნენ, მაგრამ ყველაფერი ზუსტად ისე აუხდათ, როგორც ვუთხარი.
- დააკონკრეტეთ.
- პეტრიაშვილი რკინიგზის დეპარტამენტის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს მოელაპარაკა, უშიშროების თანამშრომლის თანდასწრებით გარიგდნენ და გაფიცულ რკინიგზელთა მოთხოვნები ჰაერში დარჩა, პეტრიაშვილმა კი ისევ თავისი გაინაღდა.
- ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი რკინიგზელთა პროტესტით ვაჭრობს?
- მე ფაქტებს გეუბნებით და პეტრიაშვილის საქციელს რაც ჰქვია, ეს საზოგადოებამ შეაფასოს. საერთოდ, მთავარი პრობლემა, იცით, რა არის? „საქართველოს რკინიგზა" ისევ „ნაცმოძრაობის" ზონდერებით არის გავსებული, რის შესახებაც „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა არაერთხელ ჩავაყენე საქმის კურსში და თვით ბიძინა ივანიშვილსაც კი გავუგზავნე წერილი, მაგრამ ამაოდ.
კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებ - საქართველოს რკინიგზაში ნაციონალები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, დიდ თანამდებობებზე სხედან და გადაზიდვებსაც ისინი კურირებენ!
- ის ადამიანები, რომლებიც ახლა რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან შიმშილობენ, კონკრეტულად რას ითხოვენ და რამდენად სამართლიანია მათი პროტესტი?
- ეს ადამიანები ლიანდაგის მუშები არიან, რომლებიც გურჯაანიდან მარნეულში გადაიყვანეს სამუშაოდ, მაგრამ არც ხელფასი მოუმატეს და არც საცხოვრებლით უზრუნველყვეს. ამდენად, მათი პროტესტი სამართლიანია, რასაც ითხოვენ, ამის მოგვარებაც მარტივად შეიძლება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობაც მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მოშიმშილეებს მარნეულში ბინა დაუქირაოს და მივლინების თანხაც გამოუწეროს, მაგრამ პრობლემებს ისევ და ისევ პეტრიაშვილი ქმნის. დიახ, რკინიგზის დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია ცამდე მართალია, როცა აცხადებს, რომ ირაკლი პეტრიაშვილი არის ნაცებისაგან მართული მკვდარი პოლიტიკური ფიგურა!
კითხვას ვსვამ და მათ შორის, პირველ რიგში, „საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობას ვეკითხები - ბოლოს და ბოლოს, რა გახდა ეს ირაკლი პეტრიაშვილი, ასე რომ ეფოფინებით?!
- მოიცადეთ, „საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობა ეფოფინება პეტრიაშვილს?
- დიახ, სწორედაც რომ ასეა! წარმოიდგინეთ, პროფესიონალ რკინიგზელებს, მათ შორის მეც, საშვის დაშვების უფლებაც კი ჩამოგვართვეს, ხოლო პროფკავშირების ხალხს _ პეტრიაშვილის თანამშრომლებს რკინიგზის დეპარტამენტის შენობაში ორი ოთახი გამოუყვეს.
კიდევ ერთ ფაქტს გეტყვით _ პეტრიაშვილი სიყალბეში ვამხილე და კონკრეტული მტკიცებულებები მოვიპოვე, რომ მას ათეულობით რკინიგზელი ფიქტიურად ჰყავდა გაფორმებული პროფკავშირში, დიახ, 90 ყალბი ხელმოწერა აღმოვაჩინე, რომელიც უშიშროებას გადავეცი, უშიშროებამ პროკურატურას გადაუგზავნა და იმის მაგივრად, რომ საქმე გამოეძიებინათ, კინაღამ აქეთ დამიჭირეს - რა უფლება გქონდა, ყალბი საბუთები რომ გამოჩხრიკეო?!
ამის შემდეგ პეტრიაშვილი რკინიგზის ხელმძღვანელობასთან მივიდა და უთხრა - რკინიგზის პროფკავშირის გამგეობიდან ყრუაშვილი მოაშორეთო. „საქართველოს რკინიგზის" ჩინოვნიკებმა შემომითვალეს - პეტრიაშვილს აღიზიანებ და ამიტომ პროფკავშირის გამგეობის წევრი აღარ უნდა იყოო, რის შემდეგაც დავწერე განცხადება და წავედი.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ - რკინიგზელებს ყოველთვის თანავუგრძნობ და მათ ინტერესებსაც ყოველთვის დავიცავ, მაგრამ სადაც პეტრიაშვილი გაიჭაჭანებს, იქ ჩემი ფეხი არ იქნება!
- მიგაჩნიათ, რომ რიგითი რკინიგზელების პრობლემებს ვიღაცები თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისათვის იყენებენ?
- რა თქმა უნდა, ასეა და პირდაპირ ვაცხადებ - თუ რკინიგზელთა საპროტესტო აქციაზე „ევროპული საქართველო", „გირჩი" და „ნაცმოძრაობის" სხვა „ასკოლკები" გამოჩნდებიან, მივალ და ხელჩართულ ჩხუბს გავუმართავ!
სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის დროს თავგამოდებით ვიბრძოდი რკინიგზელთა ინტერესების დასაცავად, რადგან 2006-2011 წლებში 3 ათასზე მეტი რკინიგზელზე მეტი გაყარეს სამსახურიდან, მაგრამ მაშინ პეტრიაშვილს კრინტი არ დაუძრავს და ახლა გაახსენდა რკინიგზელთა უფლებები?!
„საქართველოს რკინიგზაში" დღეს იმაზე დიდი კორუფცია ტრიალებს, ვიდრე სააკაშვილის დროს და ამას ის ნაციონალები აკეთებენ, რომელებიც კვლავ თანამდებობებზე არიან გამოჯგიმული! სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით - „საქართველოს რკინიგზაში" წამყვან თანამდებობებზე მყოფი ადამიანები უკვე ხმამაღლა აგინებენ „ქართულ ოცნებას", დერეფანში ბიძინა ივანიშვილის კარიკატურებს დააფრიალებენ და დასცინიან!
- კი მაგრამ, ვინ არის ეს ხალხი და როგორ „დაითრიეს" თანამდებობები რკინიგზაში?
- ეზუგბაიას ყოფილი საყვარლები და ცოლის ხელისმომკიდეები „გულაობენ" დღესაც „საქართველოს რკინიგზაში" და გამკითხავი არავინ არის! პირადად მე ძალიან მრცხვენია იმის გამო, რაც დღეს „საქართველოს რკინიგზის" გარშემო ხდება და პეტრიაშვილის ბინძური ხელი რომ არ იყოს ჩარეული ამ საქმეში, შესაძლოა, იმ რკინიგზელების გვერდით მეც დავმჯდარიყავი საშიმშილოდ.
- პირდაპირ გკითხავთ - პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ნაცია?
- ირაკლი პეტრიაშვილი პირწავარდნილი ნაცია, რომელიც პროფკავშირების თავმჯდომარედ თავიდანვე სააკაშვილის კუდ-მა დასვა! დიახ, ჩემი ცოლისძმა მუშაობდა მაშინ კუდ-ში და ძალიან კარგად ვიცი, პეტრიაშვილი ვინც არის!
- დაჩი ცაგურია რატომ ჰყავთ მიზანში ამოღებული?
- იმიტომ, რომ სიმართლეს ამბობს - პეტრიაშვილი ნაცია და ნაცების დაკვეთას ასრულებს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოშიმშილე რკინიგზელთა მოთხოვნები სამართლიანია, რასაც რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობაც იზიარებს და მზადყოფნას გამოთქვამს, მათი მოთხოვნები შეასრულოს, მაგრამ პეტრიაშვილი და მის უკან მდგომი ნაცმაცუნები აფუჭებენ საქმეს, რადგან მათ რკინიგზელთა პრობლემები კი არა, არჩევნების წინ პოლიტიკური ტემპერატურის აწევა აინტერესებთ.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ - ნაციონალების ხროვას რაც უფრო მალე მოაშორებენ „საქართველოს რკინიგზიდან", რიგითი რკინიგზელების პრობლემაც მით უფრო მალე მოგვარდება! აი, ეს არის სიმართლე და ამ სიმართლეს გაუსწოროს თვალი ხელისუფლებამ!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა