„კახეთის რეგიონში, ხანძრის სამივე ლოკაციაზე ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ხვალ დილიდან დამატებითი ძალები ჩაერთვებიან", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, როგორც მთა-თუშეთში, ასევე ართანის მთასა და შილდაში, ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ხანძრის კერების ჩაქრობას აგრძელებს. გუბერნატორის თქმით, დილიდან განაახლებს მუშაობას ავიაციაც.
„მთა-თუშეთში ხვალ დილიდან განაახლებს ვერტმფრენი მუშაობას. ასევე ადგილზე მივა დამხმარე ძალა. მძიმე ტექნიკა ადგილზე არ იქნება აყვანილი, ვინაიდან რთული რელიეფია და ვერ მივა ხანძრის კერამდე ტექნიკა. რაც შეეხება ფართობს, არ არის ძალიან დიდი ფართობი დამწვარი, თუმცა ციფრების დასახელებას მოვერიდები. ხვალ იქნება შესაძლებელი უფრო დეტალურად საუბარი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.