ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში სამი ვერმტფრენია ჩართული, ხოლო თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან - ერთი.
როგორც „ინტერპრესნიუსს" კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ცოცხალი ძალა მიყვანილია ხანძრის კერამდე, როგორც თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, ისე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში.
„ართანის მიმართულებით დაკვამლიანების და ცეცხლის რამდენიმე წყაროა. იქ დილიდან სამი ვერტმფრენი მუშაობს. საკმარისი რაოდენობით ცოცხალი ძალა მისულია ცეცხლთან და ქვემოდან ამუშავებენ. გარდა ამისა, ვერტმფრენის მეშვეობით სოფლის ზემოთ გადავსხით დესანტი, რომ ცეცხლის გავრცელების არეალი ზემოდანაც შეეზღუდათ. რაც შეეხება თუშეთის მიმართულებას, ამჟამად ვერტმფრენი ცეცხლის ქრობის სამუშაოს ასრულებს, მანამდე მაშველები გადაჰყავდა, იმიტომ, რომ სხვანაირად თუშეთში ასვლას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა. ცოცხალი ძალის ცეცხლთან მიყვანა ხანდახან უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ზემოდან წყლის დასხმა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ ხანძარი გუშინ გაჩნდა. შილდაში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.