თელავში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის თათბირი გაიმართა, რომელსაც სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე და კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდნენ. თათბირზე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს, ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და ხანძრის კერების ქრობის პროცესის მიმდინარეობა შეაფასეს. თათბირის მონაწილეებმა ცეცხლის ეფექტურად ლიკვიდაციის განახლებულ გეგმაზე იმსჯელეს.
რთული რელიეფიდან გამომდინარე, ხანძრის უმოკლეს დროში ქრობის მიზნით, დღის განმავლობაში, ცეცხლის კერებთან, ვერტმფრენის მეშვეობით, მეხანძრე-მაშველების დამატებითი რაოდენობის მობილიზება მოხდა.
ამ დროისთვის, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში, ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
ვითარება კონტროლს ექვემდებარება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან ახლომდებარე ტყეში, სადაც ცოცხალი ძალა და საჰაერო ტექნიკა ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ახორციელებს.
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მთა-თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ცოცხალი ძალა და შსს-ს ვერტმფრენი ცეცხლის ლოკალიზებას ერთობლივი ძალებით ცდილობენ.