„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით, საოკუპაციო რეჟიმს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარება შევთავაზეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია", - ამის შესახებ პირველ არხს შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ განუცხადა.
სოფელ ფლავისმანში მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხუთი ჯგუფი, თუმცა ქართველ მეხანძრეებს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობა ჯერჯერობით არ მიუღიათ, რადგან ხანძრის კერა საოკუპაციო ხაზს მიღმა მდებარეობს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი სოფელ ფლავისმანიდან იუწყება, ოკუპირებულ სოფელ ოტრევთან, დასახლებული პუნქტის მახლობლად ხანძრის კერა ლოკალიზებულია. ხანძრის კერა ამ ეტაპზე მეორე ფერდობზე რჩება, რომელიც დასახლებული პუნქტიდან უფრო მოშორებით მდებარეობს. ადგილზე მეხანძრეები ოკუპირებული ცხინვალის მხრიდან მუშაობენ.