საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ნიკა სირაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თუშეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან აქტიურად განახლდა.
სირაძის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება ხანძრის დარჩენილი კერების ლოკალიზება. მისივე ინფორმაციით, სამუშაოების წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხელისშემშლელი ფაქტორი რთული რელიეფური პირობებია, რის გამოც ადგილზე სამაშველო სამსახურის სპეციალური ტექნიკა მუშაობას ვერ ახერხებს.
სირაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად ხანძრის ლოკალიზებას ასევე ცდილობენ სატყეო სამსახურის თანამშრომლები და მოხალისეებით დაკომპლექტებული ჯგუფები. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 1 ვერტმფრენი.