კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დღის ბოლომდე სოფელ ართანაში ცეცხლის ლოკალიზება მოხდება. მისი თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ამ დროისთვის სიტუაციის გაუარესების საშიშროება არ არსებობს.
„ართანაში დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალაა მობილიზებული. დილით ალპურ ზონაში გადასხმული დესანტის შედეგად, საქმემ წინ წაიწია. ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აქ არ არსებობს. აქტიურად მუშაობს ავიაცია. დღის ბოლომდე, ალბათ, ართანასთან მოხდება ცეცხლის ლოკალიზება, თუმცა, ოპერაცია გაგრძელდება, რადგან ყველა მცირე წერტილიც კი მოითხოვს დამუშავებას. ამ ეტაპზე ყველაფერი კონტროლირებადია", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ცეცხლი ფაქტობრივად ლოკალიზებულია ყვარელში, სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია და მიმდინარეობს ტერიტორიის დამუშავება, რათა თავიდან არ გაჩნდეს კერები.