logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ეს იყო საკმაოდ სერიოზული გამოწვევა საქართველოსთვის
- +

4 სექტემბერი. 2017. 14:09



ბოლო დღეებში ქვეყანაში სახანძრო ეპიდემია მძვინვარებს. მეხანძრე-მაშველებს საქართველოს არაერთ რეგიონში უწევთ ტყის ხანძრებთან გამკლავება. საგანგებო შტაბს პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. „პრაიმტაიმი" დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს მღებრიშვილი სტიქიასთან ბრძოლაში მისი უწყების რესურსებს და ეფექტურობას? რა ეტაპზეა ხანძრის გამომწვევის მიზეზების დადგენის მიზნით დაწყებული გამოძიება? დადგება თუ არა დღის წესრიგში სამაშველო ინფრასტრუქტურისა და ავიაციის განახლების საკითხი? ამ თემებზე გთავაზობთ ინტერვიუს შინაგან საქმეთა მინისტრთან.

 

- ბატონო გიორგი, როგორ აფასებთ სამაშველო ღონისძიებებს, განსაკუთრებით ბორჯომსა და აბასთუმანში ჩატარებულ ღონისძიებებს?


- ეს იყო საკმაოდ სერიოზული გამოწვევა საქართველოსთვის, რომელსაც, ვფიქრობ, ეფექტურად გავართვით თავი. სტიქიასთან ბრძოლა არაა მარტივი, არც ერთ ქვეყანაში. გსმენიათ, ალბათ, როგორ ებრძვიან ხანძარსა და სხვა სტიქიურ შემთხვევებს შეერთებულ შტატებში, ევროპაში. ეს ბრძოლა ხშირად კვირაობით გრძელდება და ზოგჯერ მსხვერპლითაც სრულდება. საბედნიეროდ, ჩვენს შემთხვევაში, არ ყოფილა ადამიანური მსხვერპლი, რასაც, უბრალოდ, უკან ვერ დააბრუნებ. სამწუხაროდ, ბუნებას ზიანი მიადგა, მაგრამ ჩვენ შევძელით, გადაგვერჩინა ტყის დიდი მასივი განადგურებისგან, რისი საშიშროებაც ნამდვილად არსებობდა. დანარჩენს კი - ჩვენ ყველა ერთად აღვადგენთ. ვხედავ, რომ ამ მიმართულებითაც დიდია საზოგადოების კონსოლიდაცია. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ, უდიდეს მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა სტიქიასთან ბრძოლაში, ჩვენს გმირ ბიჭებს, მეხანძრე-მაშველებს, მფრინავებს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარატმენტის თანამშრომლებს, ჯარისკაცებს, მეტყევეებს, ექიმებს, მოხალისეებს, ჟურნალისტებს...


იცით, რომ ხანძრის გამწვავების პირველივე წუთებში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა. მას ყველაზე მძიმე დღეებში პირადად ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად ჩვენს გვერდით, საველე შტაბში იყო. მადლობა ჩემს კოლეგებს - სხვა სამინისტროებსა და სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც მაქსიმალურად იყვნენ ჩართული შტაბის მუშაობაში: სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, პარლამენტარებს, რომლებიც სტიქიის ადგილზე ჩვენს გვერდით იყვნენ. 


ვფიქრობ, ეს დღეები იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყებების ეფექტური და კოორდინირებული მუშაობით, საზოგადოების სწორი ჩართულობით, უმოკლეს დროში მიაღწიო შედეგს და დაამარცხო სტიქია.

 

- რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია ამ სტიქიებთან ბრძოლის შედეგად? რამდენად მომზადებულები შევხდით ამ ყველაფერს?


- წეღანაც აღვნიშნე, რომ მასშტაბურ ხანძრებთან ბრძოლა დიდი გამოწვევაა იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომელთაც ჩვენზე გაცილებით უკეთესი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა გააჩნიათ.  ამ დროს, რაც უნდა მზად იყო, ყოველთვის ჩნდება უკმარისობის შეგრძნება და იმის განცდა, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა. ვფიქრობ, ჩვენმა სახელმწიფომ და თითოეულმა იმ ადამიანმა, ვინც ამ მასშტაბური ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში იყო ჩართული, დაამტკიცა, რომ ურთულეს ვითარებაში ჩვენ შეგვიძლია, ერთად გავუმკლავდეთ განსაცდელს. 


თუმცა, ბუნებრივია, ყოველი ასეთი გამოწვევა შესაბამისი დასკვნების გამოტანის საფუძველს გვაძლევს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ დაგვჭირდება რიგი სისტემური ცვლილებების განხორციელება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ასეთი ტიპის გამოწვევებთან გაცილებით მაღალი ხარისხის მზადყოფნაში მოიყვანს.

 

- დგას თუ არა დღის წესრიგში ტექნიკური აღჭურვილობის განახლების საკითხი?


- რა თქმა უნდა, საჭიროა და აუცილებელი შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, ავტოპარკის განახლება. ბოლო პერიოდში ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. სიმართლე გითხრათ, სახანძრო-სამაშველო სამსახურს ჰქონდა საკმაოდ სერიოზული პრობლემები, როდესაც 2015 წელს ეს სამსახური შსს-ს შემოუერთდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შეიქმნა.  ამ დღიდან მოყოლებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ მოვახდინეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 22 შენობის სრული რეაბილიტაცია და ავაშენეთ 7 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო შენობა, რომლებიც უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღვჭურვეთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ აშშს-თან, ევროკავშირსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით. 


ასე რომ, მუშაობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება, რაც, ვფიქრობ, მომავალი წლის ბიუჯეტშიც აისახება.


- სტიქიამ აჩვენა, რომ ქვეყანა განიცდის სამაშველო ავიაციის დეფიციტს, რის გამოც საერთაშორისო დახმარება გახდა საჭირო... აპირებთ თუ არა სპეციალური ვერტმფრენების შეძენას?


- ამ ეტაპზე, სახანძრო-სამაშველო მიმართულებით ჩვენ ვიყენებთ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენს, რომლმაც წარმატებით განახორციელეს არაერთი ოპერაცია, გადაარჩინეს არაერთი ადამიანი, ჩვენი მოქალაქე და უცხოელი ტურისტი სამთო ექსპედიციებისას, წყალდიდობებისას და მონაწილეობა მიიღეს ხანძრების ეფექტურ ლიკვიდაციაში.


სამწუხაროდ, ახლახან ჩვენმა ერთ-ერთმა ვერტმფრენმა - „მი-8", ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილ ხელოვნურ წყალსაცავთან, ავარიული დაშვება განახორციელა.  ჩვენმა მფრინავებმა იმ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავისი მაღალი პროფესიონალიზმი და თავიდან აგვაცილეს უდიდესი ტრაგედია. სწორედ ამ ვერტმფრენმა იმ დღეებში 600-მდე გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა.


ჩვენ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებლად განვაახლებთ ჩვენს საავიაციო ტექნიკას. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი მასშტაბური სტიქიის დროს საერთაშორისო დახმარების გამოყენება მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა და ამაში არაორდინარული არაფერია. ასეთ ვითარებაში რეგიონული ჩართულობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, მეზობელ ქვეყნებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბორჯომისა და აბასთუმნის ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში: აზერბაიჯანს, თურქეთს, ბელარუსს, უკრაინას, ირანს, სომხეთს. დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის.

 

- ბევრი მოსაზრება გამოითქვა იმაზე, თუ რატომ არ გამოიყენა ხელისუფლებამ „სუპერ პუმები"... რას უპასუხებთ კრიტიკოსებს?


- არაერთგზის განვაცხადეთ, რომ ამ ტიპის ვერტმფრენების სახანძრო-სამაშველო ოპერაციებში გამოყენება წარმოუდგენელია. ამასწინათ ჟურნალისტებსაც საკუთარი თვალით ვაჩვენეთ და დეტალურად ავუხსენით მიზეზები. მაგრამ ადამიანების იმ მცირე ნაწილს, რომელთაც არ სურს გაგება, რაც არ უნდა ელაპარაკო და არგუმენტირებული პასუხები გასცე, ისინი მაინც ერთსა და იმავეს გაიმეორებენ. ამიტომ ეს პოლემიკა სრულიად აზრსმოკლებულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სად არის ლოგიკა: პირველ რიგში, სახელმწიფოს, ჩვენს ინტერესშია, ამ ხანძრების უმოკლეს დროში ჩაქრობა. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. როგორ ფიქრობთ, გვყავს ვერტმფრენები და საკუთარი თავის საზიანოდ მათ არ ვიყენებთ?.. ამას წინ გაცხოველებული პოლემიკა იყო იმაზე, რომ ჩვენი ვერტმფრენები, თურმე, ღამით არ დაფრინავენ. რა თქმა უნდა, ღამით ყველა ვერტმფრენი დაფრინავს, მაგრამ ამ ტიპის სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, არ მონაწილეობენ. ეს ყველამ დაინახა, როცა ხანძრების ქრობის სამუშაოებში სხვა ქვეყნების ვერტმფრენებიც იყო ჩართული. ღამით ისინიც მუშაობას დროებით აჩერებდნენ. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. ასე რომ, უარგუმენტო საუბარს, რომელსაც ხშირად მიზანმიმართული ხასიათი აქვს, მე ვერ ავყვები.

 

- მეხანძრე-მაშველებს ეს დღეები მართლაც გმირულად უწევდათ სტიქიასთან ბრძოლა... რამდენად ადეკვატურია მათი ხელფასები და სოციალური უზრუნველყოფა? იგეგმება თუ არა სტიქიასთან ბრძოლაში ჩართული ადამიანების პრემირება?


- ჩვენი მეხანძრე-მაშველები რომ გმირები არიან, მათ ეს არაერთხელ დაამტკიცეს. მე ქედს ვიხრი ამ გმირი ბიჭების წინაშე. ვფიქრობ, ვერანაირი თანხა ვერ აანაზღაურებს მათ თავდადებულ შრომას.


მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს, რომ გასცა განკარგულება იმ ადამიანების პრემირების შესახებ, რომლებიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში იყვნენ ჩართული. ჩემი მხრივ, ბუნებრივია, შს სამინისტროს სახელით, მოხდება მათი სხვადასხვა ფორმით წახალისება.


გასულ წელს პარალმენტმა დაამტკიცა ჩვენს მიერ ინიცირებული ცვლილებები კანონში „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ", რაც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრეებისა და მაშველებისთვის წელთა ნამსახურობისა და წოდებების მიხედვით დანამატების დაწესებას, მათი სოციალური დაცვისა და საპენსიო გარანტიების პოლიციელებთან გათანაბრებას ითვალისწინებს. 2016 წლის 1 სექტემბრიდან მათ უკვე მიენიჭათ „სამოქალაქო უსაფრთხოების" შესაბამისი სპეციალური წოდება, ყოველთვიურად ფულად სარგოზე დაუწესდათ დანამატი ნამსახური წლებისთვის და ასევე, წოდებრივი სარგო; განესაზღვრათ ერთჯერადი ფულადი და სხვა დახმარება, აგრეთვე, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები; სააგენტოს მოსამსახურეებს მიეცათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა, ხოლო მათი ოჯახის წევრებს - დაზღვევის შესაძლებლობა; ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კი, 2017 წლის 1 იანვრიდან, მათ ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია.


ამას გარდა, 2016 წლის 12 ივნისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩვენ აღვნიშნეთ მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე.


რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანების შრომისა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, ისევე, როგორც დანარჩენი პოლიციელების, რომლებიც მზად არიან, ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებას თავი შესწირონ.

 

- ხომ არ განიცდის სამაშველო სამსახური კადრების დეფიციტს?


- ამ ეტაპზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 3500-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ეს პრინციპში, საკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ ხანძრებს და სხვადასხვა სამაშველო ოპერაციას ეფექტურად გავუმკლავდეთ. თუმცა, როდესაც მასშტაბურ სტიქიასთან გვაქვს საქმე, ამ დროს, რა თქმა უნდა, დამატებით ძალებს ვიყენებთ, როგორც ბორჯომის, აბასთუმნისა და სხვა  შემთხვევებში ნახეთ.

 

- როგორ მიმდინარეობს გამოძიება ამ მართლაც საეჭვო სახანძრო ეპიდემიის მიზეზების დადგენის მიზნით? (რისი თქმა შეგიძლიათ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე?)


- მართლაც ბევრი ხანძარი დაემთხვა ბოლო პერიოდში ერთმანეთს. არ ვიცი, ეს უბრალო დამთხვევა იყო თუ სხვა მიზეზებიც არსებობს. ამას გამოძიება დაადგენს. ექსპერტები და გამომძიებლები აქტიურად მუშაობენ, ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას.

 

- როგორ ფიქრობთ, რუსეთისთვის დახმარების თხოვნა რატომ გახდა ხმაურის მიზეზი?


- ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა უკვე  გასაგებად ისაუბრა და მე დამატებითი შეფასებების გაკეთებისგან თავს შევიკავებ.  

 

 

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner