„სულ ვცდილობ, წარმოვიდგინო, ამა თუ ის საკითხზე ზურა რა პოზიციას დაიკავებდა", - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ „ვერსიას" ინტერვიუში. ხოფერიას განმარტებით, ჟვანია ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებდა და მისი მოკვლის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ამ საკითხს ასახელებს.
„ზოგჯერ, როცა სიტუაცია გვეძაბებოდა, აი, თუნდაც მაშინ, როცა ოპოზიციაში გადავედით და ერთმანეთს ვეუბნებოდით, მორჩა, ჩიხში ვართ, მაგრამ ზურა გამოსავალს იპოვისო. დღეს სწორედ ეს განცდა არ მაქვს...
ზურა ცოცხალი რომ იყოს, აბსოლუტურად სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებდით!
სხვათა შორის, ზურა ცალკე პოლიტიკური ძალის შექმნას აპირებდა. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა მიშა უკვე პრეზიდენტი იყო, მოგვთხოვეს, პარტია „გაერთიანებული დემოკრატები" დაგვეშალა. ამის გამო შიგნით ძალიან სერიოზული დაპირისპირება გვქონდა. ზურამ პარტია დაშალა, თუმცა ალბათ, მაშინვე დაიწყო ფიქრი, რომ ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნიდა. ბადრი პატარკაციშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ფინანსური პრობლემებიც არ არსებობდა. ვფიქრობ, ზურას მოშორების ერთ-ერთი საფუძველი ესეც გახდა..." - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.