პუერტო-რიკოში, ქარიშხალ „ირმას" მოახლოების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქარიშხლების მონიტორინგის ნაციონალური ცენტრის ინფორმაციით, „ირმა" პუერტო-რიკოს ოთხშაბათს დაატყდება თავს.
პუერტო-რიკოს გუბერნატორის, რიკარდო როსელოს განცხადებით, საგანგებო ფონდისთვის უკვე გამოიყო 15 მილიონი დოლარი.
კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულების მთავრობა მოსახლეობას მზადყოფნისკენ მოუწოდებს. ქარიშხალ „ირმას" სიმძლავრე მესამე კატეგორიას აღწევს. წვიმა და ძლიერი ქარი ანტიგუასა და ბარბუდაზე, დომინიკის რესპუბლიკაში, სენტ კიტსსა და ნევისზე, მონსერატზე, ანგილაზე, ბრიტანული ვირჯინიისა და სხვა კუნძულებზეა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ „ირმამ" აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს მიაღწიოს და ფლორიდას დაატყდეს თავს. თუმცა, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ჯერ ნაადრევია.