logo_geo
eng_logo
„პეტრიაშვილს აქციის ჩატარება გია ალანიამ დაავალა“ - სკანდალი პროფკავშირების ირგვლივ
- +

4 სექტემბერი. 2017. 23:33


გაერთიანებულ პროფკავშირებში სკანდალური ყრილობისთვის ემზადებიან. სექტემბერში პროფკავშირებმა ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე კენჭს დავით ოქიტაშვილიც იყრის, რომელსაც მოქმედი თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის სახით ამ ეტაპზე ერთადერთი კონკურენტი ჰყავს.


არჩევნებამდე ორი კვირით ადრე კანდიდატები ერთმანეთს ურთიერთბრალდებებს უყენებენ. პეტრიაშვილი, რომელიც ორგანიზაციას 11 წელია მართავს, ოქიტაშვილს სახელისუფლებო კანდიდატად აცხადებს. ოქიტაშვილი კი პროფკავშირების ხელმძღვანელს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებასა და სანდრო გირგვლიანის მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებს.


ურთიერთბრალდებები და კომპრომატები მოახლოებული ყრილობის წინ... მინიშნებები კეთდება პოლიტიკურ ინტერესებზეც. ირაკლი პეტრიაშვილის მისამართით მწვავე განცხადება მმართველი პარტიიდანაც გაკეთდა, პროფკავშირების თავმჯდომარეს „ქართულმა ოცნებამ" წარსული გაუხსენა.


„ბოლო რამდენიმე დღეა, ვაკვირდები რკინიგზის ირგვლივ პოლიტიკური ხანძრის ხელოვნურად გაჩენის დაუფარავ მცდელობას. რაშიც სრულიად არაორაზროვნად იკითხება რკინიგზის მენეჯმენტის მიერ შექმნილი წარმატებული სახელმწიფო კომპანიის იმიჯის დაზიანების სურვილი. ეს ცუდია, განსაკუთრებით იმიტომ რომ ვხედავთ ეს ყველაფერი ბატონი პეტრიაშვილის პოლიტიკური ამოცანებისა და გეგმების შესრულებისთვის კეთდება, რაც მან დაადასტურა კიდეც. კარგად ორგანიზებული, სწორად ფუნქციორებადი პროფკავშირები უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია დემოკრატიული საზოგადოების და ვხედავთ, რომ პროფკავშირების საქმიანობის ამგვარად წარმართვის რესურსი ბატონ პეტრიაშვილს არ აქვს. პოლიტიკური ამოცანებით დატვირთული პროფკავშირები კი არის ინსტრუმენტი დასაქმებულების საკუთარი ვიწრო და სუბიექტური ამოცანების უზრუნველყოფის საქმეში, რაც სახეზეა ამ შემთხვევაში. მივმართავ მათ, რკინიგზის პოლიტიზება დაუშვებელია, რკინიგზაში ქაოსის დათესვის სურვილი მავნებლობაა და ამას ხელისუფლება არ დაუშვებს. მეორე მხრივ, თუ არსებობს მოსაზრება, რაც უნდა იცოდეს რკინიგზის ხელმძღვანელობამ, არსებობს ამის გამოთქმისა და გაზიარების უამრავი დემოკრატიული და საქმიანი ფორმატი. ამიტომ მე მოვუწოდებ ბატონ პეტრიაშვილს, დაუყოვნებლივ დაასრულოს პოლიტიკური ბაკქანალია, ნუ ეცდება რკინიგზელების საქმიდან მოწყვეტას და საკუთარი პოლიტიკური ცხოვრება მასში რკინიგზელების ჩათრევის გარეშე წარმართოს", -განაცხადა „ქართული ოცნების" დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ.


პეტრიაშვილის ერთადერთი კონკურენტი დავით ოქიტაშვილი კი, რომელიც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წერილობით ადასტურებდა პეტრიაშვილის მხარდაჭერას, დღეს ამბობს, რომ მას ამ განცხადებაზე ხელი იძულებით მოაწერინეს.



დავით ოქიტაშვილი, ხელოვანთა პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარე: ეს განცხადება იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, რომელზეც ხელი ყველა დარგის პროფკავშირს იძულებით მოგვაწერინეს. დიახ, ვადასტურებ, რომ ერთი თვის წინ ასეთი განცხადება ჩემი ფაქსიმილეთი ნამდვილად გაიგზავნა, მაგრამ მაშინ ბევრი რამ ჩემთვის უცნობი იყო.


- ვინ გაიძულათ ამ განცხადებაზე ხელმოწერა და ისეთი რა ინფორმაცია გახდა ამჯერად თქვენთვის ცნობილი, რომ გადაწყვეტილება რადიკალურად შეცვალეთ?


- ასეთი განცხადებების გაგზავნას იძულებით მოითხოვდა პეტრიაშვილის მოადგილე ქალბატონი ეთერ მათურელი. მე მაშინ ამ ფორმალობაზე ხელის მოწერას დავთანხმდი, რადგან პეტრიაშვილის საგმირო საქმეების შესახებ კიდევ ბევრი რამ არ ვიცოდი. დიახ, არ ვიცოდი, რომ ის გახლავთ სანდრო გირგვლიანის მკვლელების მფარველი და ირიბი თანამონაწილე. მე ამ პიროვნებასთან დაპირისპირებული ვარ 2013 წლიდან. არცერთ არჩევნებში მისთვის ხმა არ მიმიცია. თანამდებობაზე ყოფნის დროს მან მთლიანად გაანადგურა და მიწასთან გაასწორა ეს ორგანიზაცია, თუმცა ჩემთვის პიკი იყო რამდენიმე დღის წინ მიღებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის შედიოდა გირგვლიანის მკვლელებთან ციხეში. მათთან მეგობრობდა და ღრეობდა. მან სამსახურიდან გააგდო გენერალ კობალაძის მამა და მის ნაცვლად დაასაქმა გირგვლიანის მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, გია ალანიას მამა. ასეთ ადამიანს მორალური უფლებაც კი არ აქვს, რომ პროფკავშირების ხელმძღვანელად იწოდებოდეს და მე გარწმუნებთ, რომ მალე პეტრიაშვილის მრავალწლიანი ეპოპეა საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებში აუცილებლად დასრულდება. 2005 წელს ავტომატებით, მერაბიშვილისა და ადეიშვილის დახმარებით გააგდეს ტუღუში და დასვეს ეს გარეწარი. მას შემდეგ არ დასრულდა მისი ე.წ. მმართველობა. ჩემთვის გაურკვეველია, ვინ მფარველობს დღემდე? რა უფლებით იყენებს დასაქმებული ადამიანების სახელს? რა უფლებით მართავს აქციებს? „ნაციონალური მოძრაობის" დროს მის მიერ გამართული აქციები რატომღაც არ მახსენდება. მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ იმ რკინიგზელებს, რომლებიც მართლა გულწრფელად გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები უნებურად იქცნენ პეტრიაშვილის მზაკვრული გეგმის მონაწილეებად. ვინ უჭერს მხარს დღეს პეტრიაშვილს? ის, ვინც ავტომატურად ამართლებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, ირინა ენუქიძის მკვლელობას! ჩემმა აქტიურობამ მდგომარეობიდან გამოიყვანა და პირდაპირ შანტაჟზე გადავიდა. თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა მივმართო - ირაკლი პეტრიაშვილო, შენმა მატარებელმა ჩაიარა და ეს რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაფორმდება. მე მოვიგებ ამ არჩევნებს სამართლიანად და არა იმ ბინძური მეთოდებით, როგორც ის ინარჩუნებდა პოსტს მთელი ამ წლების განმავლობაში. დღეს პროფკავშირები, მისი თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის სახით, არის „ნაციონალური მოძრაობის" ბოლო ბასტიონი და მისი დამარცხებით დასრულდება ე.წ. კოჰაბიტაციაც.


- რა იცით, რომ პეტრიაშვილს კავშირი ჰქონდა გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირებთან?


- არსებობს კადრები, როგორ შედის ციხეში გირგვლიანის მკვლელებთან. ექსკლუზიურად ვეუბნები თქვენს გაზეთს - კონკრეტული თვითმხილველი მზად არის, ამ ყველაფრის შესახებ უკვე ღიად ისაუბროს. ეს ადამიანი რამდენიმე დღეში ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და ყველაფერს სააშკარაოზე გამოიტანს. პეტრიაშვილის ადგილი პროფკავშირებში კი არა, ციხეშია.

 

- თქვენ ფინანსურ დარღვევებზეც საუბრობდით, კონკრეტულად რას გულისხმობთ?


- ამ ადამიანმა გაყიდა მთელი ქონება, რაც კი პროფკავშირების ბალანსზე ირიცხებოდა. რაც დარჩა, საკუთარ ბიზნესად აქცია ყველაფერი. ამის მიუხედავად, ერთ დოკუმენტს ვერ გამოიტან პროფკავშირებიდან, იმდენად დახურული სისტემაა. მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ ეს საკითხი და გაარკვიონ, სად წაიღო უზარმაზარი თანხები მთელი ამ წლების განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, პროფკავშირების ფინანსური წყარო გახლავთ საწევროები და გრანტები. ეს ადამიანი ყველაფერ ამას საკუთარ ჯიბეში მიაქანებს. ოფიციალურად გრანტიჭამია ჩინოვნიკად იქცა. მან კარგად იცის, რომ ამ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და გაყალბებისთვის ემზადება, მაგრამ მინდა დავარწმუნო, რომ ეს ნომერი აღარ გაუვა. გამოჩნდა უამრავი ადამიანი, რომელიც უკვე ხმამაღლა საუბრობს მის საგმირო საქმეებზე. მალე ერთ-ერთი მოწმე გააკეთებს სკანდალურ განცხადებას, როგორ ჩაუდეს პეტრიაშვილის ზონდერებმა ნარკოტიკი და დაათმობინეს დარგი. ასეთი შანტაჟით ამ ადამიანმა უზარმაზარი ქონება დააგროვა. არაერთ ბიზნესში ფლობს წილებს, მათ შორის გაყინული პროდუქტების ბიზნესში, დელისთან მიმდინარე მშენებლობაში და ა.შ.


- თუმცა არის მოსაზრება, რომ თქვენ გაქვთ სახელისუფლებო მხარდაჭერა და მმართველი გუნდი პეტრიაშვილის წასვლით არის დაინტერესებული...


- სახელისუფლებო მხარდაჭერა ჰქონდა პეტრიაშვილის, რომელიც თავის დროზე ჩასვეს ამ სავარძელში და დღემდე ფეხს არ იცვლის. ის იყო პირადად სოდ-ისა და ადეიშვილის კანდიდატი. რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ  უნდა ჩაერიოს პროფკავშირების არჩევნებში, თუმცა მადლობელი ვიქნები, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩემს კანდიდატურას დაუჭერენ მხარს.


„პრაიმტაიმი" ბრალდებებზე საპასუხოდ პროფკავშირების მოქმედ  თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილსაც დაუკავშირდა. ის ოქიტაშვილის გააქტიურებას „საქართველოს რკინიგზის" ირგვლივ ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. როგორც ცნობილია, პროფკავშირები რკინიგზის მენეჯმენტის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავენ.


ირაკლი პეტრიაშვილი, პროფკავშირების თავმჯდომარე: ეს არის პირდაპირი შეკვეთა. ერთი თვის წინ ეს ადამიანი მე მიჭერდა მხარს და წერილობით მთხოვდა, რომ კვლავ მეყარა კენჭი, ერთი თვის შემდეგ კი თურმე გონება გაუნათდა და აღმოაჩინა, რომ ათას სიბინძურეში ვყოფილვარ გარეული. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს კამპანია „საქართველოს რკინიგზიდან" და ხელისუფლებასთან დაახლოებული მცირე ბიზნესჯგუფიდან იმართება. მათ სურთ, პროფკავშირების ხელმძღვანელად მოიყვანონ მათდამი ლოიალური პიროვნება.


- თუმცა იგივე ბრალდება თქვენი მისამართითაც გაჟღერდა, რომ თითქოს თავის დროზე ამ თანამდებობაზე სწორედ ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერით მოხვდით...


- პროფკავშირების თავმჯდომარის ბოლო არჩევნები ჩატარდა 2013 წელს. მაშინაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" დამნიშნა? რა თქმა უნდა, სრული სისულელეა. შეგიძლიათ, ნახოთ ევროკავშირის ევროკომისიის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნები, სადაც დეტალურად არის საუბარი, რა ზეწოლის ქვეშ იყო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთინება „ნაციონალური მოძრაობის" დროს. ამ აბსურდს და შავ პიარსაც აქვს დასასრული და დარწმუნებული ვარ, ყრილობის დელეგატები ამას წერტილს დაუსვამენ.


- 11 წელია, ხელმძღვანელობთ პროფკავშირებს... ხომ არ ფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი დროა, ერთი ადამიანისთვის ამ თანამდებობაზე ყოფნისთვის?


- ამ არჩევანს აკეთებენ პროფკავშირის წევრები, ყრილობის დელეგატები. რომ არა, სახელმწიფოს სურვილი, ხელში ჩაიგდოს პროფკავშირები და საკუთარ მარიონეტად აქციოს, სიმართლე გითხრათ, აღარ ვაპირებდი კანდიდატურის დაყენებას, მაგრამ გამოწვევა მიღებულია და არავის მივცემ უფლებას, ორგანიზაცია ჯიბის პროფკავშირად აქციოს.


- რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ თქვენ კავშირი გქონდათ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირებთან?


- ნახეთ კადრები. იქ თუ სხვა ჩინოსნების სახეები ჩანს, ჩემი სახეც ხომ უნდა დაფიქსირებულიყო არა? ასეთივე წარმატებით შემიძლია ვთქვა, რომ კენედი თქვენ მოკალით. რაღაც საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს. არანაირი კავშირი ამ ხალხთან არ მქონია. ერთადერთი, გია ალანიას მამა იყო ჩვენი კულტურის სახლის ხელმძღვანელი. ის ამ თანამდებობაზე დაინიშნა მანამ, სანამ მის შვილს გირგვლიანის საქმეზე დააკავებდნენ და მერე მალევე გარდაიცვალა კიდეც. ეს იყო და ეს. 


„პრაიმტაიმი", ასევე, ესაუბრა ყოფილ მსჯავრდადებულს გია ალავიძეს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად იხდიდა სასჯელს. ალავიძემ, გამოძიებას ჩვენებაც მისცა და დეტალურად აღწერა ის პრივილეგიები, რომლითაც კუდ-ელი მსჯავრდადებულები სარგებლობდნენ. მან კონკრეტული მაღალჩინოსნებიც დაასახელა, რომლებიც მაშინ გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირებს საკანში სტუმრობდნენ. „პრაიმტაიმთან" საუბრისას ალავიძე ირაკლი პეტრიაშვილის ვიზიტსაც იხსენებს.


„როგორც იცით, ეს ადამიანები ციხიდან ძალიან ბევრ რამეს წყვეტდნენ. პირადად ირაკლი პეტრიაშვილი მათთან შემოსული იყო ომის დღეებში. მე ნანახი მყავს 2008 წლის 7-12აგვისტოს პერიოდში. მარტო იყო მოსული და კაი ხანს ესაუბრებოდა გია ალანიას. იმავე დღეს აქცია ჩაატარა კასპში. ეს იმიტომ მახსოვს, რომ იმ დღეს ახალგორის გადასახვევში პატრულის მანქანას რუსმა ტანკმა გადაუარა. ალანიამ დაავალა აქციის ჩატარება და ხალხის ორგანიზებულად ჩაყვანა", - ამბობს „პრაიმტაიმთან" საუბრისას გია ალავიძე.


ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner