სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიაში პირველი „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი" ჩატარდა. კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება იყალთოს სამონასტრო კომპლექსში გაიმართა.
კონკურსზე წარმოდგენილი 150 ღვინის ნიმუშიდან 22-მა ოქროს, 20-მა ვერცხლის და 29-მ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. კონკურსში საქართველოს გარდა ღვინოები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი ( საფრანგეთი, სერბეთი, სლოვენია და სხვა).
ის ღვინოები, რომლებმაც კონკურსზე ოქროს მედლები დაიმსახურა, წარდგენილი იქნება საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, სადაც გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი" იმართება.
ქვევრის ღვინის მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, სომელიეები და ჟურნალისტები იღებდენ.
ქვევრის სიმპოზიუმი საქართველოში 2011 და 2013 წლებში ჩატარდა. პირველი სიმპოზიუმის შედეგად გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ მოხდა ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანა.