logo_geo
eng_logo
„ახალი ძალების მოძრაობა“: მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვა არ არსებობს!
- +

4 სექტემბერი. 2017. 23:58


„მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვა არ არსებობს", - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან, ნაციონალური პოლიციიდან, იუსტიციის სამინისტროსა და სასაზღვრო სამსახურიდან გამოთხოვილ ოფიციალურ პასუხებზე დაყრდნობით აცხადებს.


პარტიაში აცხადებენ, რომ ყველა ზემოხსენებული უწყება ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვა არ არსებობს.

 

„მაშ ასე, მიხეილ სააკაშვილისთვის 10 სექტემბერს კრაკოვეცის გამშვებ პუნქტზე უკრაინის საზღვრის გადაკვეთაში ხელის შეშლის არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობს", - ნათქვამია „ახალი ძალების მოძრაობის" მიერ FACEBOOK- ში გავრცელებულ განცხადებაში.


განცხადებას თან ახლავს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან, ნაციონალური პოლიციიდან, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან მიღებული ოფიციალური პასუხები.


ნაციონალურ პოლიციაში აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ავტომატიზებულ აღრიცხვაზე არ დგას. ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს არ მიუღია საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისგან მიხეილ სააკაშვილის გადაცემის მოთხოვნა ან განაჩენი.


„სამართალდამცავი ორგანოების ნებისმიერი მცდელობა, არ შეუშვან მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე, შესაძლებელია ჩაითვალოს დანაშაულებრივ ქმედებად და უკრაინის კანონმდებლობის დარღვევად", - აღნიშნულია „ახალი ძალების მოძრაობის" განცხადებაში. 


შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს გეგმავს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის უკრაინის საზღვარს პოლონეთიდან, კრაკოვეცის გამშვები პუნქტის გავლით გადალახავს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner