საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2015 წელი საქართველოში სტაბილურობის წელი იყო.
„გასულ წელს შეინიშნებოდა პოლიტიკური პლურალიზმის დონის ამაღლება. ამაღლდა სასამართლოს სტრუქტურული დამოუკიდებლობის დონე", - წერს Freedom House.
ორგანიზაციის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მთლიანობაში ქართული მედია მაყურებელს და მკითხველს განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციებს და პლურალიზმს სთავაზობდა.
„2015 წელი სტაბილურობის წელი იყო. დაპირისპირება „ქართულ ოცნებას" და ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის საკმაოდ დაბალ ნიშნულზე იყო, რაც ამ წლის განმავლობაში საარჩევნო პროცესების არარსებობით შეიძლება აიხსნას", - ნათქვამია ანგარიშში.
Freedom House-ის დასკვნაში 2016 წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზეც არის საუბარი, რომელთა შორის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩევა.
„მომავალი პერიოდი უდავოდ იქნება პოლიტიკური აქტივობის ზრდის პერიოდი. საარჩევნო კონკურენცია გაიმართება „ქართულ ოცნებასა" და ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ ძალებს შორის. ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას". ასევე ამომრჩეველთა ხმების მიღების შანსი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას". რაც შეეხება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, მასაც არჩევნებში წარმატების შესაძლებლობა აქვს. ამ პარტიებს, რომელთა შორის პრორუსული, ანტიდასავლური პარტიებიც არიან, აქვს საქართველოს პარლამენტის პოლიტიკაზე გარკვეული გავლენის მოხდენის პოტენციალი. თუმცა ისინი ვერ მოიპოვებენ ხმებს, რომ ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ", - წერს Freedom House.