logo_geo
eng_logo
მამა პეტრე: ორჯერ დაბადება არ მეყოფა, სათითაოდ რომ ჩამოგიაროთ და მადლობა გითხრათ…
- +

7 სექტემბერი. 2017. 00:13


მამა პეტრე კვარაცხელია, ოპერაციის შემდეგ, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ორჯერ დაბადება არ მეყოფა, სათითაოდ რომ ჩამოგიაროთ და მადლობა გითხრათ...  იმის მიუხედავად, რომ მართლა მეორედ დავიბადე, ალბათ, მადლობის სიაში ვინმე მაინც გამომრჩება... ისიც ვიცი, მადლობისთვის არავინ შეწუხებულა, მაგრამ განახლებულ გულს უნდა იყვიროს ,,მადლობა"...

 

წლების მანძილზე, მხოლოდ შეტევის მოლოდინი მქონდა. დაუჯერებელია, მაგრამ ეს მოლოდინი სამუდამოდ გაქრა... ახლა კი, თქვენთან შეხვედრის მოლოდინი მიჩქარებს გულს... ჩქაროსნული დაიძრა და ხმა უფრო და უფრო მიახლოვდება...

 

ღმერთს ვთხოვ, მხოლოდ თქვენს მსახურად დამაყენოს დარჩენილი ცხოვრება...

 

ადამიანები ერთმანეთისთვის სამოთხე ვართ, გულწრფელი და თბილი ღიმილი სამოთხის მზეა, რომელიც მაცხოვრის შობის დღესასწაულივით ათბობს ზამთრის სუსხს...

 

რამდენნიც ხართ, იმდენი მადლობა... გამოდის, რომ მილიონი მადლობა!.. ჩვენ გვერდით ავს და ბოროტს არ დაედგომება... ჩვენ არ გვშურს, არ გვძულს... ჩვენ გვიყვარს, გვიყვარს, გვიყვარს... არ ვკითხულობთ, ვინმე ღირსია თუ არა სიყვარულის, რადგან როცა გიყვარს, კარგად ხარ, მშვიდად ხარ, ღმერთს გრძნობ...

 

თქვენგან რამდენი რამ ვისწავლე... პირველ რიგში, ის, რომ შეიძლება ადამიანს არ იცნობდე და სასწაულად გიყვარდეს... უამრავს ,,უცნობი" ვუყვარვარ, მაგრამ ეს მათი ნიჭის დამსახურებაა... მოვინდომებ, უფრო მეტი ვისწავლო თქვენგან, ჩემი წინამძღვრისგან.... მამა სერაფიმე თავზე ხელს არასდროს გადაგისვამს, არასდროს დაგიყვავებს... ის ბევრს არ საუბრობს, უსიტყვოდ გეხმარება და გეხიდება... მისი ასეთი ბუნება სვეტიცხოვლის ძალასავით მჭირდება... ცხარე ცრემლებით ვტირი, უფლის კვართთან ლოცვა ისე მენატრება... ნუ დაკარგავთ დროს, ხშირად ესტუმრეთ ამ ტაძარს, დანარჩენს იგრძნობთ და მიხვდებით...

ს ვ ე ტ ი ც ხ ო ვ ლ ა მ დ ე !" - წერს მამა პეტრე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner