პროექტი „Zrda" აცხადებს საგრანტო კონკურსს კენკროვანი კულტურების სანერგე მეურნეობების მოწყობის მიზნით.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისდწინებულია ჟოლოსა და მაყვლის კულტურების ერთი სანერგის მოწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც წარმოდგენილი იქნება კენკრის ნერგის ვეგეტაციური გამრავლების ტექნოლოგიები.
უწყების ცნობით, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ახმეტაში არსებულ კომპანიებსა და ფერმერულ მეურნეობებს, რომელთაც აქვთ სურვილი თანამონაწილეობის პრინციპით მოაწყონ კენკრის სანერგე მეურნეობა.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინონ არა უგვიანეს 25 სექტემბრისა (17:00 საათი) Zrda პროექტის რეგიონალურ ოფისებში და ახმეტის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში ან გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: subawards@zrda.ge.
საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა ახმეტის სოფლის მეურნების სამინისტროს საკონსულტაციო სამსახურში გაიმართება 12 სექტემბერს, 14:00 სთ-ზე.
საგრანტო კონკურსი ცხადდება, ასევე, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებშიც.
„აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი Zrda საქართველოში არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით", - განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
წყარო http://www.knews.ge