Washington Post-ის ინფორმაციით, Facebook-მა აღიარა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსების უფლება რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიას მიჰყიდა. როგორც გამოცემა იტყობინება, ამის შესახებ Facebook-ის წარმომადგენელმა კონგრესში გამომძიებლებს უამბეს. როგორც სოციალური ქსელის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სარეკლამო ბანერებს მომხმარებლები ისეთ გვერდებზე გადაჰყავდათ, რომლებზეც აშშ-ის მოქალაქეებისთვის სენსიტიურ თემებს განიხილავდნენ.
გავრცელებული ცნობით, Facebook-მა დაადგინა რომ აღნიშნულმა კომპანიამ რეკლამის განთავსებაში 100 000 დოლარი გადაიხადა. როგორც Washington Post-ი წერს, ის დაკავშირებულია „რუსულ ტროლებთან", რომლებიც კრემლის პროპაგანდას ეწეოდნენ.
„ამ გვერდებზე შუღლის გაღვივებას ცდილობდნენ და შესაბამისად, სოციალური ქსელის ქცევის წესებს არღვევდნენ",- ამბობენ Facebook-ში.
ამ გვერდების გამოვლენა შიდა გამოძიების შედეგად მოხერხდა და ამჟამად ყველა მათგანი დახურულია.
2016 წელს ბევრი ამტკიცებდა, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ხელი სოციალურ ქსელებში ე.წ. ყალბი ახალი ამბების გავრცელებამ შეუწყო. Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი არაერთხელ გაკიცხეს იმის გამო, რომ ამ თემას არასერიოზულად მიუდგა.