logo_geo
eng_logo
მთავარ პროკურატურას კეზერაშვილის „ყურით ჩამოთრევის“ ახალი შანსი მიეცა!
- +

13 აპრილი. 2016. 11:49


 

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი ჯერ საფრანგეთის ექსპროვანსის სასამართლომ განაცხადა, ამჯერად კი საქართველოს ხელისუფლებას მის გადმოცემაზე უარი ლონდონის სასამართლომ განუცხადა.


კეზერაშვილი ქართული სამართალდამცველების მიერ რამდენიმე ბრალდებით იძებნება, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ შეძლეს ევროპელი მოსამართლეებისა და პროკურორების დარწმუნება დავით კეზერაშვილის დანა შაულში, ან, უბრალოდ, ამის სურვილი არც აქვთ და ეს არც გააკეთეს. როცა საფრანგეთის სასამართლოში კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი იხილებოდა, ფრანგი პროკურორები გაოცებას ვერ მალავდნენ, იმდენად უსუსური მტკიცებულებები ჰქონდათ გაგზავნილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, იუსტიციის სამინისტროს კი ეს მტკიცებულებები მთავარმა პროკურატურამ მიაწოდა. მაშინ გავრცელდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთავარ პროკურატურაში ეს შეგნებულად გაკეთდა და ადეიშვილის პროკურორებმა და გამომძიებლებმა გააკეთეს. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ლონდონის სასამართლოშიც იგივე მოხდა. მოკლედ, საქმე გვაქვს მთავარი პროკურატურის სრულ უუნარობასთან. თუმცა, ორიოდე დღის წინ საქართველოს ხელისუფლებას კიდევ გაუჩნდა შანსი, დავით კეზერაშვილის საქართველოში ჩამოყვანისა და გასამართლებისა არა მხოლოდ ძველ ბრალდებებზე, არამედ, სავარაუდოდ, ახალი ბრალდების საფუძველზე.


შვეიცარიული მედიის ინფორმაციით, ე.წ. „პანამურ დოკუმენტებში" საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახელი ფიგურირებს.


როგორც შვეიცარიული გამოცემა Tribune de Geneve წერს, 2006 წელს, როდესაც დავით კეზერაშვილმა თანამდებობა დაიკავა, ის მხოლოდ ერთ ბინას ფლობდა. „2008 წლის დეკემბერში, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ, ის იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა და... მალევე ოლიგარქი გახდა", - წერს Tribune de Geneve. გამოცემის ინფორმაციით, კეზერაშვილის გადადგომიდან 10 დღეში ნდობით აღჭურვილმა პირმა მისთვის სამი ოფშორული კომპანია დააფუძნა. აღნიშნული კომპანიების ანგარიშებზე ნავთობის გაყიდვიდან მიღებული დიდი თანხები ირიცხებოდა.



Tribune de Geneve-ის ინ ფორმაციით, „პანამური დოკუმენტებიდან" ირკვევა, რომ 2012 წელს კეზერაშვილის ერთ-ერთმა ოფშორულმა კომპანიამ შვეიცარიულ ბანკში, Bantue Cantonale de Geneve -ში (BCGE) გახსნა ანგარიში, სადაც 20 მილიონი ფრანკი გადაირიცხა. ამას გარდა, რამდენიმე შვეიცარიულ ბანკში (ABN AMRO da BNP Paribas) ანალოგიური გზით გადაირიცხა კიდევ 25 მილიონი ფრანკი.


შვეიცარიული გამოცემა, ასევე, აღნიშნავს, რომ 2013 წელს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო და ინტერპოლმა მისი დაკავების ორდერი გასცა. გამოძიების დაწყების შემდეგ 2013 წლის მაის-ივნისში კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა პანამურ იურიდიულ კომპანიას Mossack Fonseca-ს მოულოდნელად დოკუმენტების უკანა თარიღით რეგისტრირება მოსთხოვა. ამის შემდეგ, სასამართლო საქმის წარმოების დაწყებამდე, კეზერაშვილმა მთელი თავისი აქტივები სხვა ორ ოფშორულ კომპანიაში გადაიტანა.


Tribune de Geneve -ის ცნობით, კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა, რა დროსაც განაცხადა, რომ ის ფინანსური შუამავლის როლს არ ასრულებდა და მის კომპანიას კლიენტების ანგარიშებისადმი წვდომა არ ჰქონდა.


2016 წლის 7 აპრილს შვეიცარიის პროკურატურამ რამდენიმე ბანკის საქმიანობის შესწავლა დაიწყო, მათ შორის ერთ-ერთი BCGE-ია, რომელშიც დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას ანგარიში ჰქონდა გახსნილი.


გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად, პანამური იურიდიული კომპანია Mossack Fonseca-ს ზოგიერთ შემთხვევაში კლიენტებს ფულის გათეთრებასა და გადასახადებისგან თავის არიდებასა და სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა. გამოძიება Mossack Fonseca-ს 11,5 მილიონი დოკუმენტის შესწავლას ეფუძნება. იურიდიული კომპანიის კლიენტებს შორის ნახსენები არიან მსოფლიოს ყოფილი და მოქმედი ლიდერები, პოლიტიკოსები, ცნობილი სპორტსმენები.


ამ საქმეში ჩართული ჟურნალისტები ეჭვობენ, რომ ამ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიები და შესაბამისად, მათი მფლობელები, დიდი ოდენობით „შავ ფულსაც" ათეთრებდნენ, იარაღითაც ვაჭრობდნენ უკანონოდ და ტერორისტებსაც ამარაგებდნენ იარაღით, ასევე, სხვადასხვა გზით აფინანსებდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებს. დავით კეზერაშვილი კი ამ ყველა ბრალდებაშია ეჭვმიტანილი სხვადასხვა ქართველი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მიერ. ამის შესახებ ქართულ და უცხოურ მედიაში არაერთი პუბლიკაცია დაბეჭდილა და ტელევიზიითაც არაერთი მასალა გასულა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მიერ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიების მიერ იარაღით უკანონო ვაჭრობის შესახებ ლაპარაკია ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონისა და საქართველოში ამერიკის ელჩის, ჯონ ტეფტის მიმოწერაში, რომელიც თავის დროზე „ვიკილიკსმა" გაასაჯაროვა. იმ დროს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო და სავარაუდოდ, ეს კომპანიები მის სახელზე იყო რეგისტრირებული.


თუ საქართველოს პროკურატურამ ამ მიმართულებით იმუშავა, წესით, ნათელი მოეფინება იმ ფაქტსაც, როგორ გახდა თავდაცვის მინისტრობიდან გადამდგარი დავით კეზერაშვილი 2 წელიწადში მილიარდერი და „ნაცმოძრაობის" მთავარი დამფინანსებელი. მოკლედ, მთავარ პროკურატურას შანსი მიეცა, დავით კეზერაშვილს ისეთი ბრალი წაუყენოს, ვერც ერთი ქვეყნის სასამართლომ ვერ გაუბათილოს და ვნახოთ, გამოიყენებს თუ არა ამ შანსს.


მკითხველს შევახსენებ, რომ დავით კეზერაშვილი „ალია ჰოლდინგსა" და პირადად მე, ჟურნალისტ ლევან ჯავახიშვილსაც გვიჩივის 2014 წლის 23 ივნისს, გაზეთ „კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებული ჩემი სტატიის გამო - „როგორ იუბილეებს იხდიდნენ „ნაციონალები" და მათი ოჯახის წევრები ბიუჯეტის ხარჯზე". ამ პუბლიკაციაში, დახურულ წყაროზე დაყრდნობით, ვწერდი, რომ 2008 წლის 22 სექტემბერს, დავით კეზერაშვილმა, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით გადაიხადა დაბადების დღე, რაც 17 000 ლარი დაჯდა. კეზერაშვილი ამ ფაქტს უარყოფს და სასამართლოსაც მიმართა. ჩვენგან დავით კეზერაშვილი მოითხოვს, გავრცელებული ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის საფასურად, 2 500 ლარს. ეს საქმე საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ასმათ კოხრეიძემ განიხილა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. გავრცელებული ცნობების უარყოფაც დაგვავალა „ალიასა" და „კვირის ქრონიკის" მეშვეობით და კეზერაშვილის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად(!!!) ეს 2500 ლარიც დაგვაკისრა. ეს დაუსწრებელი გადაწ ყვეტილება მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ იმიტომ გამოიტანა, რომ მე სასამართლო პროცესზე წარმოვადგენ საკუთარ თავსაც და „ალია ჰოლდინგსაც", ცხადია, შესაბამისი რწმუნების საფუძველზე და ორჯერ, საპატიო მიზეზის, ავადმყოფობის გამო, ვერ დავესწარი სასამართლო სხდომას, ორივე შემთხვევაში, პროცესის დაწყებამდე ვერ მოვასწარი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ჩემი ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. პირველად ეს 2015 წლის 22 ივლისს მოხდა, მეორედ, იმავე წლის 29 ივლისს. სწორედ ამ დღეს გამოიტანა მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ დაუსწრებელი გადაწყვეტილება დავით კეზერაშვილის სასარგებლოდ. თუმცა, სასამართლოს ორივე შემთხვევაში წარვუდგინე ჩემი ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობები, რომელთა თანახმადაც, ავად ვიყავი და სასამართლო სხდომებს ამის გამო ვერ დავესწრებოდი. მეტიც, როცა მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ ჩვენთვის გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღო, იმ დროს ერთ-ერთ კლინიკაში ვიწექი და სხდომას როგორ დავესწრებოდი? ამ ცნობების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა განეხილა ჩვენი საქმე, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ასმათ კოხრეიძის მიერ, დავით კეზერაშვილის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება გაუქმებულია და ყველაფერი თავიდან დაიწყო. საქმე ისევ მოსამართლე ასმათ კოხრეიძეს დაეწერა და პროცესი 15 აპრილს არის ჩანიშნული.


იმედია, ქალბატონი ასმათ კოხრეიძე გონივრულ და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს, იმ მოსამართლეთა რიგებში არ ჩაეწერება, რომელნიც, მიზეზთა გამო, დღემდე ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა ლიდერთა „გათეთრებას" და ამჯერად, საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდადებულ დავით კეზერაშვილს „თეთრ ყვავად" არ წარმოაჩენს...


ლევან ჯავახიშვილი


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner