logo_geo
eng_logo
ლიტვამ სავჩენკოს საქმესთან დაკავშირებულ 46 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- +

13 აპრილი. 2016. 12:06



ლიტვამ უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს საქმეთან კავშირში მყოფ რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. „შავ სიაში" 46 ადამიანი შედის. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ესენი არიან რუსი გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, ასევე უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მოქმედი სეპარატისტები. „შავ სიაში" მყოფ პირებს ლიტვაში შესვლა 10 წლით აეკრძალათ. მათ შორის არიან ასევე უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვისა და აქტივისტის ალექსანდრ კოლჩენკოს დაკავებასთან კავშირში მყოფი პირები.

 

„ჩვენ „შავ სიაში" შევიყვანეთ ისინი, რომ უკრაინას ჩვენი სოლიდარობა ვაჩვენოთ და რუსეთში ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების მიუღებელ და ცინიკურ დარღვევებზე ყურადღება გავამახვილოთ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ადამიანების წინააღმდეგ საქმეები ფალსიფიცირებულია", - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა.


ლინკევიჩუსი მიიჩნევს, რომ მსგავსი „შავი სიის" ამოქმედება მთელ ევროპაში უნდა მოხდეს. ლიტვის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ამ საკითხს განიხილავს.


რუსეთის სასამართლოს მიერ უკრაინელი მფრინავისთვის 22-წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ე.წ. „სავჩენკოს სიის" შედგენის შესახებ განკარგულება გასცა. სიაში 84 ადამიანი ფიგურირებს. უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ „სავჩენკოს სიაში"  შედიან ასევე ოლეგ სენცოვისა და ალექსანდრ კოლჩენკოს საქმეებთან დაკავშირებული პირები.


აგვისტოში რუსეთის სასამართლომ რეჟისორ ოლეგ სენცოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ტერორიზმის ბრალდებით. მის თანამზრახველად სასამართლომ უკრაინელი აქტივისტი ალექსანდრ კოლჩენკო მიიჩნია, რომელსაც 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სავჩენკოს მსგავსად, სენცოვი და კოლჩენკო დანაშაულს არ აღიარებენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner