ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის „შინდისის" გადაღებები 12 სექტემბერს დაიწყება.
პირველი დღეს გადაღებები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში დაიწყება. 13 სექტემბრიდან კი მთავარი გადასაღები მოედანი გორში მოეწყობა.
პროექტის ავტორმა და პროდიუსერმა ედმონდ მინაშვილმა „პირველ არხს" განუცხადა, რომ ფილმის გადაღებების გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია.
„მოლაპარაკებები ცნობილ ამერიკელ მსახიობთან ჯონ მალკოვიჩთან ჩაიშალა. ფილმში არც მერაბ ნინიძე და ია სუხიტაშვილი მიიღებენ მონაწილეობას. მთავარ როლებზე დავით ბახტაძე და გოგა პიპინაშვილი კვლავ არიან დაკავებულნი. უკვე შერჩეულია კინოსურათის მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლები. გადაღებების მოსამზადებელი პერიოდი გასულ თვეში დაიწყო, როდესაც მსახიობთა 20-კაციანი შემადგენლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე ორი კვირით საცხოვრებლად შევიდა".
„შინდისის" გადაღებებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 801 384 ლარი გამოიყო. ედმონდ მინაშვილის განცხადებით, გამოყოფილი თანხა გადაღებების დასაწყებად საკმარისია, თუმცა ფილმის დასასრულებლად დამატებითი თანხების მოძიება გახდება საჭირო, რადგან ფილმის ბიუჯეტი 2 მილიონ ლარამდეა.
„შინდისს" ირაკლი სოლომონაშვილის სცენარით რეჟისორი დიტო ცინცაძე გადაიღებს. სცენარს საფუძვლად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეალურად მომხდარი ამბავი უდევს.