logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: რატომ დააწვინეს პრეზიდენტი ღურწკაიების სახლში ყველაზე სახიფათო ადგილას?
- +

7 სექტემბერი. 2017. 20:01


 

დამოუკიდებელი ჟურნალისტი ირაკლი შონია გაზეტ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობას მიმოიხილავს და ზვიად გამსახურდიას თანმხლებ ბესარიონ გუგუშვილის, ბაჩუკი გვანცელაძისა და რობიზონ მარგველანის მიმართ გაჩენილ კითხვებზე საუბრობს.


„სულ რამდენიმე კითხვა მაქვს, მაინტერესებს, როგორ აღმოჩნდა გუგუშვილი ძველი ხიბულადან ჩხოროწყუში, მოლაშხიების ოჯახში უსაფრთხოდ, როცა ტელევიზიით გადმოსცეს ზვიად გამსახურდიას „თვითმკვლელობის" ამბავი და იქვე მყოფ ხალხს თავზარი დაეცა, რატომ მოატყუა გუგუშვილმა და თქვა, პრეზიდენტი ცოცხალია, ეს ყველაფერი სპეციალურად არის გაკეთებული, ზვიადი კარგად და უსაფრთხოდ არისო?!

 

ვინ მისცა ბესარიონ გუგუშვილს „ზაპოროჟეცი", რომლითაც ბათუმში უსაფრთხოდ ჩავიდა და ვინ მისცა მას საბუთები? როცა შევარდნაძის ხუნტას ყველგან ბლოკ-პოსტები ჰქონდა მოწყობილი და ყველას ამოწმებდა, გუგუშვილი ბათუმში უსაფრთხოდ როგორ ჩავიდა? რატომ არ მისცა გუგუშვილმა უფლება, გადაეღოთ პრეზიდენტის ცხედარი ვიდეო და ფოტოკამერით, როცა ამის საშუალება იყო?

 

ჯონსონ კვარაცხელიას სახლში, სადაც ზვიად გამსახურდიას ცხედრის ბალზამირებისთვის ექიმი ჯალაღანია მოიყვანეს და ექიმმა ეჭვი გამოთქვა - ეს თვითმკვლელობა არ არისო, გუგუშვილი საშინლად გაღიზიანდა და ექიმს უბრძანა, შენი საქმე აკეთე, ეგ შენი საქმე არ არისო! რატომ? რატომ არ ეცხო გუგუშვილს სხეულზე ზვიადის სისხლის შხეფები? აი, ამაზე გამცეს პასუხი გუგუშვილმა!

 

რაც შეეხება რობიზონ მარგველანს - ამასწინათ „ფეისბუქზე" გადავეყარე და შეკითხვები მივწერე! არავის არაფერს ვერჩი, უბრალოდ, რობიზონმა ამ კითხვაზე მიპასუხოს: ვინ უთხრა და ვისი მითითებით წამოიღო მარგველანმა პრეზიდენტის ქვეშაგები და საბანი ღურწკაიების სახლიდან, დაასხა ნავთი და დიზელის საწვავი და ჯონსონ კვარაცხელიას ეზოში დაწვა? რატომ გააკეთა ეს? თუ პრეზიდენტმა თავი მოიკლა, სად არის გასროლილი ტყვიის გულა? პრეზიდენტის სიკვდილის შემდეგ რატომ გაწმინდა „სტეჩკინი"? რატომ წაშალა ამ გზით იარაღზე ნათითურები? რატომ დააწვინეს პრეზიდენტი ღურწკაიების სახლში ყველაზე სახიფათო ადგილას და თვითონ რატომ შეიმალნენ სახლის სიღრმეში? გამსახურდიას ექსპერტიზა ვალიკო ზარანდიას სახლში ჩაუტარა აკადემიკოსმა თამარ დეკანოსიძემ, დეკანოსიძე შევარდნაძის გაგზავნილი იყო.

 

მაინტერესებს, რა დამსახურებისთვის დაინიშნა 1994 წლის იანვარში რობიზონ მარგველანის ძმა კრწანისის რაიონის გამგებლად. მარგველანმა 1993 წლის 21 სექტემბერს სენაკის აეროპორტი ვერ იცნო და კინაღამ კოპიტნარში დასვა პრეზიდენტის თვითმფრინავი, და 1994 წლის თებერვალში დათოვლილი ჯიხაშკარი როგორ იცნო? ვერცერთ ამ კითხვაზე მარგველანმა პასუხი ვერ გასცა და „ფეისბუქზე" ლანძღვა-გინებაზე გადავიდა.

 

რაც შეეხება ბაჩუკი გვანცელაძეს - გვანცელაძე დღეს უკრაინაში სააკაშვილის ქილერების ახალაიების და ცააძეების დამცველია და ზვიადზე კრინტს არ დაძრავს. ის ამბობს, რომ ცუდად იყო და ძველ ხიბულაში გუგუშვილმა დამაწყნარებლები დაალევინა, მაინტერესებს, ასეთი რა დაალევინა, რომ 25 წელია პრეზიდენტის მკვლელობა თვითმკვლელობად ეჩვენება? მე პირადად ამ საქმეში ჩართულობის გამო ლანძღვა-გინების მეტი არაფერი მიმიღია, მაგრამ ვალდებული ვარ ქვეყნის, ისტორიის და პირველი პრეზიდენტის წინაშე", - განაცხადა შონიამ.

 

 









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner