დიახ, ასეა, უკრაინას დიდი განსაცდელი ელოდება წინ. ცუნამი MIHA უშიშრად მიიწევს წინ და 10 სექტემბერს უკვე უკრაინის საზღვართან იქნება. მაინც, რომელი მხრიდან შეეცდება ცნობილი ტაიფუნი ქვეყანაში შეღწევას? ეგ დაზუსტებით არავინ იცის, მაგას ვერავინ გამოიცნობს, ძალიან ძნელია ამ მოვლენის პროგნოზირება. თქვენ გგონიათ, ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული სახელმწიფოს პრობლემაა? არა, ბატონებო და ქალბატონებო, ნახეთ, რას ამბობს გავარვარებული „ნაციონალი", ეკა ხერხეულიძე:
„ადრე მეკითხებოდნენ - როგორ ხარ? ახლა მეკითხებიან -10 სექტემბერს რა იქნება? ამ მოსაწყენ ვითარებაში, ერთ კაცს რომ შეუძლია ცხოვრება საინტეროსო გახადოს, აი ამას ქვია მასშტაბი.
რა მნიშვნელობა აქვს, მოგწონს თუ არა, ყველასთვის ნათელია, რომ ცვლილება ამ კაცთან არის დაკავშირებული. ეს მოლოდინიც მისი არაკეთილმოსურნეების მხრიდანაც, ირიბი აღიარებაა მიშას შესაძლებლობების, თორემ აღიარებენ თუ არა, მათი სიჯიუტის ხარისხზეა დამოკიდებული".
დიახაც, მიშას შეუძლია, მოსაწყენი ცხოვრება გახადოს ძალიან საინტერესო. ახლა მეც მაგაზე ვფიქრობდი, რომ არა მიშა, ხომ იქნებოდა მთელი ცხრა წელიწადი მდორე და უხარისხო? რომ არა ადამიანების წამება, გაკოტრება, კვლა და ერთ ადგილას პრეზერვარივწამოცმული „დუბინკების" კეთება, ხომ მოვიწყენდით და მთქნარების მეტს არაფერს გავაკეთებდით? აი, ამაშია საქმე!
როგორც უკრაინის მთავრობა აცხადებს, უკვე მობილიზებულია არმია, ჰაერშია აწეული მთელი ქვეყნის ავიაცია, გამაგრებულია საზღვრები, სავალე პოზიციებზე გადავიდნენ სპეცსამსახურები. გამოყოფილია სასწრაფო დახმარების ასეულობით ბრიგადა. საგანგაშო მდგომარეობაა გამოცხადებული სახანძრო ნაწილებში. ფეხზე დგას საზღვაო ფლოტი, წყალქვეშ პატრულირებენ სპეციალური ნავები. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თქმით, 9-ში საღამოს ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა. შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ყველაზე კრიტიკული იქნება 10 სექტემბერი, შეიძლება ბიძგები შემდგომ დღეებშიც განმეორდეს, მაგრამ მთავარი მაინც ეგ დღეა და როგორმე უნდა გადავიტანოთო.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას... იმედია, ცუნამი MIHA დაინდობს სახელმწიფოს და იერიშს მიიტანს მხოლოდ ოლიგარქებზე. ვნახოთ, ამხანაგებო, ვნახოთ!
გელა ზედელაშვილი