logo_geo
eng_logo
გურიის რეგიონს ინგოლშტადტის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტიდან 25 ეკონომ-გეოგრაფი მაგისტრატურის სტუდენტი ეწვია
- +

7 სექტემბერი. 2017. 23:53



გურიის რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გურიის გუბერნატორის ოფიციალური მოწვევითა და საკონსულტაციო კომპანია „ბრენდორ ქონსალთინგის" ორგანიზებით, რეგიონს ეწვია ინგოლშტადტის (გერმანია) უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტიდან 25 ეკონომ-გეოგრაფი მაგისტრატურის სტუდენტი.


პროფესორ ჰარალდ ფეჰლანერისა და ჰანეს თეესის ხელმძღვანელობით, სტუდენტები დღეს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.


„სტუდენტები სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში ტურისტული ადგილების პოტენციალის პირველად კვლევას განახორციელებენ. აღნიშნული კვლევის შედეგები ღირებული იქნება რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის",- განაცხადა გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ.


როგორც შეხვედრაზე ინგოლშტადტის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა ჰარალდ ფეჰლანერმა აღნიშნა, მათი გურიაში ვიზიტის მიზანი არის იმ ტურისტული პოტენციალის დეტალურად შესწავლა, რომელიც ამ რეგიონს ტურიზმის მიმართულებით გააჩნია. უნდა დაიდოს სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება ტურიზმის პოლიტიკის მართვა და რეგიონში ინვესტიციების მოზიდვა.


აღსანიშნავია, რომ პროფ. ჰარალდ ფეჰლანერი გახლავთ ტურიზმის სამეცნიერო ექსპერტების საერთაშორისო ასოციაციის AIEST-ის პრეზიდენტი და მისი თაოსნობით განხორციელებულია ტურიზმის, რეგიონალური განვითარებისა და მართვის უამრავი სამეცნიერო კვლევა წამყვანი კვლევითი ცენტრის - Eurac Research-ის (www.eurac.edu), ინგოლშტადტის უნივერსიტეტის (www.ku.de) და მსოფლიოში ტურიზმის ექსპერტების პირველი სამეცნიერო ასოციაციის (www.aiest.org) ფარგლებში.


ნიშანდობლივია, რომ გურიაში ვიზიტამდე პირველად საქართველოში ქალაქ თბილისში ჩატარდა ტურიზმის სამეცნიერო ექსპერტების საერთაშორისო ასოციაცია AIEST-ის 2 დღიანი კონფერენცია, რომელსაც დელეგატები მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებოდნენ.


კვლევის ეტაპზე შეხვედრები გაიმართება ადგილობრივი სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო სექტორთან, სამეცნიერო წრეების, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან, შემოქმედის ეპარქიის სასულიერო პირებთან, მედიასთან და მოსახლეობასთან. სტუდენტები რეგიონში 13 სექტემბრის ჩათვლით დარჩებიან.





 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner