ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ მალანიას ხელმძღვანელობით მუშაობა დილის 8-ის ნახევრიდან განაახლა. დღის ბოლომდე იგეგმება ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია.
„დილის 6 საათიდან ცოცხალი ძალა რამდენიმე მიმართულებით გაიშალა. სრულად ლოკალიზებულია ცეცხლის ყველა კერა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულია 500-მდე მეხანძრე-მაშველი და გდდ-ს თანამშრომელი. ასევე, სამუშაოებს აწარმოებს მძიმე ტექნიკა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების დაქსელვა და მიწის ნიადაგის დამუშავება. დილიდან მუშაობს 2 ვერტმფრენი", - ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, 3-4 დღის განმავლობაში მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდება ხანძრის სრული პერიმეტრის დამუშავება.