თბილისის პროკურატურის ორგანიზებით ქ.თბილისში პროექტების „ადგილობრივი საბჭოს" და „საზოგადოებრივი პროკურატურის" განხორციელება დაიწყო. ადგილობრივი საბჭოს პირველი სხდომა და პროექტების პრეზენტაცია თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა, რომელსაც ქ. თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი მოადგილესთან ერთად, მთავარი პროკურატურის, თბილისის მერიის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტ „ადგილობრივი საბჭოს" მიზნებისა და ფუნქციების შესახებ. ასევე, განხილული იქნა სტატისტიკა ქ. თბილისში გავრცელებული დანაშაულებისა და პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი მიზეზების შესახებ. სხდომის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები გავრცელებული დანაშაულების წინააღმდეგ განსახორციელებელ პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
ადგილობრივი საბჭოს პროექტის მიზანია სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების მიერ თბილისში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის განხილვა და ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების ერთობლივი დაგეგმვა.
ადგილობრივი საბჭოს სხდომაზე განხილული იდეების თბილისში განხორციელებას საქართველოს პროკურატურა ,,საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში გეგმავს, რომლის შესახებაც სხდომის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ. შეხვედრაზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და მონაწილეებს სტატისტიკა გააცნო.
ადგილობრივი საბჭოს სხდომები თბილისის ყველა რაიონში გაიმართება.