logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მსჯავრდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები გამოკითხვის მიზნით დაიბარა
- +

8 სექტემბერი. 2017. 14:16


2017 წლის 8 სექტემბერს,  საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულები არიან ე.წ „კორტების სპეცოპერაციის" საქმეზე მსჯავრდებული ი. ფ-ს მეუღლე ნ. ხ., შვილი - ნ. ფ., ასევე ადვოკატები დ. ხ. და მ. ვ.

 

„საქმე ეხება მოწმის მიმართ განხორციელებული მოსყიდვისა და მასზე განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტებს (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით).

 

ანალოგიურ ფაქტზე, საქართველოს მთავარი პროკურატურა, ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის" საქმის ერთ-ერთი მოწმის წერილობითი განცხადების საფუძველზე, გამოძიებას აწარმოებს ჯერ კიდევ  2017  წლის 08 თებერვლიდან. მოწმე განცხადებაში მიუთითებდა, რომ ამავე საქმეზე მსჯავრდებული პირების ახლო ნათესავები, ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ მას ჰპირდებოდნენ დიდი ოდენობით თანხას.

 

გამოძიების მიმდინარეობის პროცესში,  კორტების სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ კვლავ მომართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და განაცხადა, რომ  ამავე საქმეზე მსჯავრდებული ი.ფ.-ს ახლობლები ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე ახდენდნენ  ზეწოლას.

 

მოწმის სახით გამოკითხვისას, აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ მას შეხვდნენ მსჯავრდებულ ი.ფ.-ს მეუღლე ნ.ხ. და ერთ-ერთი შვილი, რომლებმაც უთხრეს, რომ მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა შეეცვალა ჩვენება და  უნდა ეთქვა, რომ თითქოსდა შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა და არაფერი დაუნახავს, ასევე თითქოს მსჯავრდებულ ი.ფ.-ს მამხილებელი ჩვენება მისცა პროკურატურის მხრიდან ზეწოლის შედეგად. სანაცვლოდ მას გადასცემდნენ  30 000 აშშ დოლარს  და უზრუნველყოფდნენ მოწმის ქვეყნიდან გაყვანას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება, მოწმის მიმართ განხორციელებული მოსყიდვისა და მასზე განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner