logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა რუხში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
- +

20 თებერვალი. 2016. 14:23



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხს ესტუმრა და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. მთავრობის მეთაურს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უმასპინძლა.



მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერებინა და მისი კონცეფცია გააცნო.


თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისის შესახებ ესაუბრა, რომელთაც სოფელ რუხსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა დღეიდან სოფლიდან გაუსვლელად მიიღებს.


 

რუხი ერთ-ერთი ძველი და დიდი სოფელია სამეგრელოში. სოფელში გადის ორი ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი (თბილისი-სოხუმი, ზუგდიდი-მესტია). სოფელს რკინიგზის ზუგდიდი-ჯვრის მონაკვეთი კვეთს.

 

სოფლის სტრატეგიული მნიშვნელობა დიდი ხანია განსაზღვრა მისმა ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. რუხი ენგურის ხიდის მეშვეობით გალის რაიონს ესაზღვრება.

 

როგორც რუხში, ისე მიმდებარე სოფლებში აფხაზეთიდან დევნილების რამდენიმე კომპაქტური დასახლებაა. მრავლად არიან კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეებიც, რომლებიც პერიოდულად ახერხებენ ოკუპირებული ხაზის გადმოკვეთას, რაც საზოგადოებრივი ცენტრის მნიშვნელობას განსაკუთრებულს ხდის.

 

საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის დაგეგმვისას რუხის შერჩევის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი სწორედ აღნიშნული ჯგუფებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო.

 

სოფელ რუხის საზოგადოებრივ ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა. აქ მკვიდრი თუ მიმდებარე სოფლის მოსახლეობა საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებს. კომფორტულ გარემოში ისინი მარტივად შეძლებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვა. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, ადგილობრივები საზოგადოებრივ ცენტრში ლიბერთი ბანკისა" და მაგთიკომის" მომსახურებით ისარგებლებენ.

სოფლის მკვიდრ მოსახლეობას ყველა ამ სერვისისთვის სოფლიდან გასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ დროსა და ფინანსებს დაზოგავს", - განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.



საზეიმო გახსნის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადგილობრივ მოსახლეობასა და რუხის საზოგადოებრივი ცენტრის მოხალისეებთან შეხვედრა გამართა.



მინისტრმა ადგილობრივებს ახალი პროექტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. პროექტი, „ვარ საზოგადოებრივი ცენტრის მოხალისე" ყველა იმ სოფელში განხორციელდება, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.



მინისტრის განმარტებით, მოხალისეებად უფროსკლასელები იმუშავებენ და ცენტრში მისულ მომხმარებლებს დახმარებას გაუწევენ ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის მოძებნაში, ტექსტის აკრეფაში, ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ელექტრონული თუ მატერიალურად არსებული წიგნის მოძიებაში, „სკაიპის" პროგრამით სარგებლობაში.



პროექტის მიზანია, საშუალება მისცეს ადგილობრივ უფროსკლასელებს, გამოიმუშაონ თანამედროვე გარემოში მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება და ახალ გამოწვევებთან გამკლავება, გაითავისონ კონკურენციის პირობებში საქმიანობის, იდეების გენერირებისა და მათი ეფექტურად განხორციელების უნარები.

 

პროექტი საქართველოში მოქმედ ყველა საზოგადოებრივ ცენტრში განხორციელდება. ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრების სერვისების მიღება უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდის, ფოკის, ნიგოითის, ჯვრის, შორაპნის, ყვარელწყლის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშის, კაზრეთის, შილდის, ორსანტიის, ქვემო ნატანების, კაბლის, ლენტეხის, დაბა ჩაქვის, ხრეითისა და სადახლოს მოსახლეობას", - აცხადებენ სამინისტროში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner