დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მთავრობის მიმართ ოპონენტების მხრიდან მიზანმიმართული პროვოკაციებია დაგეგმილი.
„მინდა, მივმართო მოსახლეობას, ნუ აჰყვებიან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციებს და ნუ ჩაერთვებიან პოლიტიკურად მართულ პროცესებში. ეს არ უკავშირდება მათი რაიმე ყოფითი პრობლემების მოგვარებას და მხოლოდ და მხოლოდ პოპულისტური ნაბიჯებია. შესაბამისად, ეს ქმედები კონკრეტული პირების პოლიტიკური მიზნების მიღწევასთან არის დაკავშირებული, რასაც არც ჩვენ და არც თქვენ ხელი არ უნდა შევუწყოთ. ჩვენთვის მთავარია, ვაკეთოთ საქმე. ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რათა მოსახლეობას უკეთესი საცხოვრებელი და გარემო პირობები ჰქონდეთ.
ხაზი მინდა გავუსვა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახშირებულ კრიტიკას ოპონონტების მხრიდან, როდესაც ისინი ცდილობენ, მთელი რიგი საკითხები, რაზეც ვმუშაობთ, გადაიყვანონ პოლიტიკურ ჭრილში და საზოგადოების ნაწილი შეიყვანონ შეცდომაში. ატარებენ დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას და თითქოს ცდილობენ, ჩაერთონ დედაქალაქის პრობლემების მოგვარებაში. ეს მათი მხრიდან გადადგმული პოპულისტური ნაბიჯებია და სხვა არაფერი. მათ ავიწყდებათ, რომ მათი მმართველობის პერიოდში თავად უგულებელყვეს ძალიან ბევრი ის პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ჩვენ დღეს ვახერხებთ და რომლის გადაჭრაზე საკმაოდ დიდი ძალისხმევა არის დაკავშირებული ჩვენი მხრიდან", - განაცხადა დავით ნარმანიამ.