logo_geo
eng_logo
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 47.92%-ით, ხოლო გადაზიდული ტვირთის მოცულობა 21.23%-ით გაიზარდა
- +

8 სექტემბერი. 2017. 17:38


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებმა, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად  2 703 117 მგზავრი გადაიყვანა, რაც 47.92%-ით (875 724 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (1 827 393 მგზავრი).


მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:


  • 2017 წლის 8 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 620 682 მგზავრით მეტს მოემსახურა (სულ 2 071 720 მგზავრი), ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (1 451 038 მგზავრი). შესაბამისად მგზავრთნაკადის ზრდის მაჩვენებელმა 42.78% შეადგინა;


  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 82.59%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 8 თვეში აეროპორტი 154 966 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 282 945 მგზავრი შეადგინა, რაც 127 979 ერთეულით მეტია;


  • გასული თვეების განმავლობაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 342 264 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 56.36% ით (123 366 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (218 898 მგზავრი).


რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში 4 933 მგზავრს მოემსახურა, 98.03%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ 8 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (2 491). ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე 1 255 მგზავრს მოემსახურა.


მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 859-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემები ასე გამოიყურება:


სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობაა სულ  13 708, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 11 388, ხოლო ჩარტერების - 2 320. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 39.18%-ს შეადგენს.


15.00%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 8 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 83 196, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 95 677 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.


მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 23 182. 669 ტონა შეადგინა, რაც 4 060.25 ტონით, შესაბამისად, 21.23%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner