logo_geo
eng_logo
უკრაინაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე 2012 წელს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის მონაწილე იყო
- +

8 სექტემბერი. 2017. 23:02


რუსული გამოცემა „კომერსანტის" ინფორმაციით, თემურ მახაური (იგივე რუსლან პაპასკირი და ალი დაბუევი) რამდენიმე წლის წინ თურქმა სამართალდამცავებმა ​თურქეთში დოკუ უმაროვის მომხრე ჩეჩნების მკვლელობისთვის დააკავეს.


თურქეთის ხელისუფლებამ მაშინ ის კრემლისთვის მუშაობაში დაადანაშაულა. სტამბოლის პროკურატურა ხუთი ჩეჩენის მკვლელობისთვის მახაურის სასიკვდილო განაჩენს ითხოვდა, თუმცა მახაური ბრალს უარყოფდა. როგორ დამთავრდა სასამართლო პროცესი თურქეთში, უცნობია.


ორი პირი, რომელთა მკვლელობაშიც მახაურს ედებოდა ბრალი, რუსტამ ალტემიროვი და ზაურბეკ ამრიევი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ დომოდედოვოს აეროპორტში ტერაქტთან შესაძლო კავშირისთვის იძებნებოდნენ, მესამე - ალი ოსაევი თურქეთში დოკუ უმაროვის წარმომადგენელი იყო.


პირველი მკვლელობა, რომელშიც ეჭვმიტანილი იყო თემურ მახაური, 2009 წლის 26 თებერვალს მოხდა: 48 წლის ალი ოსაევი სტამბოლის ზეიინბურნუს რაიონში იმ მრავალსართულიან სახლთან მოკლეს, სადაც ის ბინას ქირაობდა. პროკურატურამ მტკიცებულებად სადარბაზოს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები წარმოადგინა, სადაც მოკლულის ნათესავებმა მახაური ამოიცნეს.


მორიგი გახმაურებული მკვლელობა, რომელშიც მახაურს ედებოდა ბრალი, 2011 წლის 16 სექტემბერს სტამბოლის იმავე უბანში მოხდა. მაშინ კაფედან გამოსული სამი ჩეჩენი მოკლეს. როგორც მაშინ თურქული მედია იტყობინებოდა, ქილერის მთავარი სამიზნე დოკუ უმაროვის უახლოესი გარემოცვის წევრი ბერგ-ხაჯ მუსაევი იყო, რომელიც სტამბოლში სამკურნალოდ იმყოფებოდა.


სამი კვირის შემდეგ 2011 წლის 8 ოქტომბერს სტამბოლის ზეითინბურნუს რაიონში, სადაც ძირითადად ჩეჩენი ლტოლვილები ცხოვრობენ, აღკვეთეს იჩქერიის უმაღლესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის შამსუდინ ბატუკაევის მკვლელობა.


პოლიციამ ყოფილი მოსამართლის სახლში შეპარული შეიარაღებული ჩეჩენი ბახრამ ბატუმაევი დააკავა, სავარაუდოდ სწორედ მან გასცა ინფორმაცია თემურ მახაურის შესახებ. მახაური მალევე სტამბოლის აეროპორტში დააკავეს, სადაც ის თბილისიდან ჩავიდა. ის დანაშაულს უარყოფდა და აცხადებდა, რომ მკვლელობების დროს საქართველოში იმყოფებოდა.


რუსული გამოცემა „კომერსანტის" ცნობით, მახაური 2012 წელს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის მონაწილეც იყო.


უკრაინაში, კიევში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მაქაური ემსხვერპლა, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შს სამინისტრომ დაადასტურა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner