დაახლოებით ორი კვირა რჩება რუსეთ-ბელორუსის ერთობლივ, სტრატეგიულ სწავლებამდე, Запад-2017, რომელიც რუსული მედიის თქმით, რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხის შემცველია. gazeta.ru -ს ინფორმაციით, ბალტიისპირეთში მიაჩნიათ, რომ რუსეთი წვრთნების შემდეგ, ბელორუსში თავისი სამხედრო ტექნიკის ნაწილს დატოვებს. იგივე ეჭვი აქვთ უკრაინაშიც, - ბელორუსსა და კალინინგრადში გამოყენებული სამანევრო იარაღი და ტექნიკა, შესაძლოა, შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე წარმატებით გამოიყენონ. თუმცა, მოსკოვსა და მინსკში აცხადებენ, რომ სწავლებები მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა.
„Запад 2017-ში""რუსეთი როგორც ტაქტიკური სახმელეთო მეთოდების, ასევე სადესანტო და საჰაერო ოპერაციების გამოყენებას გეგმავს. საუბარია ტაქტიკური ბირთვული ბომბის გამოყენების წვრთნებზეც... საქმე ის არის, რომ 2018 წელს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი და რუსული მედიის თქმით, პუტინს სურს რუს ხალხს ქვეყნის სიძლიერე დაანახოს, მით უფრო მაშინ, როდესაც სანქციების ფონზე, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური დაღმასვლაა და მოსახლეობის სოციალური პირობები უარესდება...
2008 წელს, რუსეთის ჩრდილოეთის სამხედრო ოლქმა ჩრდილოეთ კავკასიაში, „კავკასია 2008" სახელწოდებით სამხედრო-სტრატეგიული წვრთნები ჩაატარა. მაშინ მოსკოვმა წვრთნებში მონაწილე რამდენიმე დანაყოფი დისლოცირების ადგილზე არ დააბრუნა, შემდეგში კი, ისინი საქართველოში საომარი მოქმედებებისთვის გამოიყენა... ასე რომ, დასავლურ მედიაში პირდაპირ საუბრობენ, რომ "ზაპად 2017", რომელიც ნატოს წინააღმდეგ არის მიმართული, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის რეალურად საფრთხის შემცველია.
Financial Times -ის ინფორმაციით, „ცივი ომის" შემდეგ, ეს ყველაზე მასშტაბური სწავლებებია, რომელსაც რუსეთი „დასავლეთი - 2017" სახელწოდებით ატარებს და როგორც აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები შიშობენ, მათთვის უკვე გარკვეული საფრთხეების შემცველია... სტრაგეტიული სწავლებების ფარგლებში გამოყენებული სამხედრო ტექნიკის ხელმეორედ გამოყენების საფრთხეებზე, უკრაინასთან ერთად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი საუბრობენ.
რისკებზე საუბრობს პოლონეთიც, რომელიც ასევე ესაზღვრება ბელორუსს. ვარშავაში აცხადებენ, რომ რუსეთი, სამხედრო სწავლებების დასრულების შემდეგ, სამხედრო ტექნიკის ნაწილს მის მეზობლად დატოვებს.
„რუსეთი ყოველთვის ცდილობს ასეთი ვითარებით ისარგებლოს და თავისი პოლიტიკური გავლენები გაზარდოს. ამიტომაც, თუ რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ საფრთხეები სავსებით რეალურია", - აცხადებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხაილ დვორჩიკი.
თავის მხრივ, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ირწმუნება, რომ უკრაინასთან ახლოს დაგეგმილი სამხედრო წვრთნები ამ ქვეყანას საფერთხეს არ შეუქმნის და მით უფრო, ბელორუსის ტერიტორია სამხედრო პლაცდარმად არ იქცევა.
თუ რას უნდა ველოდეთ ამ წვრთნებიდან და რა არის რუსეთის მიზანი?- ამ თემაზე „ამერიკის ხმა" ომის კვლევების ინსტიტუტის ექსპერტს, ფრენკლინ ჰოლკომს ესაუბრა, რომლის თქმითაც, - რუსეთი ამ წვრთნების საშუალებით, რამდენიმე მიზნის განხორციელებას დააპირებს; პირველ რიგში, მისი მთავარი მიზანი ისაა, შეამოწმოს პროგრესი, რომელსაც რუსულმა ჯარმა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია. ამასთან, რუსეთის ხელმღვანელობა ამოწმებს, საკუთარი შეიარაღებული ძალების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოსვლის შესაძლებლობას.
მისივე თქმით, „ზაპადის" ბოლო წვრთნების შემდეგ, რომელიც 2013 წელს ჩატარდა, რუსეთი ორ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობს - უკრაინასა და სირიაში. რუს სამხედროებს ამ ოპერაციებში ნასწავლი გაკვეთილების გამოცდა შეეძლებათ.
„რუსეთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პუტინს სურს რუს ხალხს ქვეყნის სიძლიერე დაანახოს - განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანა ეკონომიკურ სტაგნაციაშია და მოსახლეობის მდგომარეობა არ უმჯობესდება..." - აცხადებს ექსპერტი "ამერიკის ხმასთან" საუბარში და დასძენს, რომ ყველაფერთან ერთად, რუსები სხვადასხვა მიზეზების გამო, ნატოს საფრთხედ აღიქვამენ და სამყაროზე პარანოიდული შეხედულება აქვთ. „სწორედ ამის გამო, სურთ ყველას, განსაკუთრებით ამერიკას საკუთარი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები დაანახონ", - აღნიშნავს ექსპერტი.
რაც შეეხება, წვრთნების ჩასატარებელ ტერიტორიას, მისივე შეფასებით, ეს ადგილი მათ შემთხვევით არ აურჩევიათ, მით უფრო, რომ რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე არაერთი ადგილის შერჩევა შეეძლო, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებს ესაზღვრება. ამით იმის დემონსტრირება უნდათ, რომ ბელორუსს მნიშვნელოვან ქვეყნად მიიჩნევენ და რომ ბელორუსი რუსეთს ეკუთვნის.
„შემდეგი სიგნალი ბელორუსისკენ არის მიმართული - რუსეთი მინსკს ეუბნება, რომ რუსეთის ორბიტიდან გადახვევა არც კი იფიქროს. ასევე უდავოა ის, რომ რუსეთი ნატოს ეუბნება, რომ იცის, რომ ბალტიისპირეთი ნატოს ერთგვარი სუსტი წერტილია...",- აღნიშნავს ფრენკლინ ჰოლკომი, რომლის თქმითაც, რუსეთი დასავლეთის სამხედრო ოლქს უკვე რამდენიმე წელია აძლიერებს და მისი ჯარი სტრატეგიულ ადგილებში უკვე განლაგებულია...
რაც შეეხება წვრთნების პოლიტიკურ გზავნილს, - რუსეთი დასავლეთს ეუბნება, რომ რუსეთი ძლიერი სამხედრო ძალაა და მის საქმეებში ჩარევაზე არც კი იფიქრონ. ამით კრემლს უნდა თქვას, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან შესაძლო იქნება სამხედრო რეაგირება.
ლალი პაპასკირი