შემთხვევით დაწყებული კინოკარიერა... მომღერალი ბუბა კიკაბიძე „პრაიმტაიმს" უყვება, თუ როგორ დაიწყო მისი კინოკარიერა.
„კინო კი მიყვარდა ძალიან, მაგრამ ფილმში თუ გადამიღებდნენ, ვერასდროს წარმოვიდგენდი. კოლია სანიშვილი იყო ასეთი რეჟისორი. დამირეკა, ფილმს ვიღებ „შეხვედრა მთაშიო". ვიფიქრე, სიმღერა უნდათ-მეთქი. მაშინ „დიელოში" ვმღეროდი. დამამტკიცეს. ვიფიქრე, დაიწყო ჩემი კინოკარიერა-მეთქი, მაგრამ მას მერე 4 წელი პაუზა მქონდა. ერთხელაც, გია დანელიას ჯგუფიდან დამირეკეს, მოსკოვიდან. საქართველოში ფილმის გადაღებას ვიწყებთ, ხვალ ჩამოვფრინდებით თბილისში, მსახიობებს ვეძებთ და მოდი გასაუბრებაზეო. თურმე ყველა არტისტი ჰყავს მთავარი გმირის გარდა. სცენარში ბენჟამენი იყო სქელი, რიჟა, ოფლიანი, ლოთი კაცი. არაფერი ემთხვეოდა. მივედი გასაუბრებაზე. პარალელურად თურქეთში გასტროლისთვის ვემზადები ჯგუფიდან. თურქეთი მაშინ დახურული ქვეყანა იყო, წარმოუდგენელი იყო იქ გასტროლი. სასტუმრო „საქართველოში" იყო გასაუბრება, მივედი. იპოლიტე ხვიჩია გამოდის სასტუმროდან. მოვიკითხეთ ერთმანეთი, მოსკოველები არიან ჩამოსულები, როლზე დამამტკიცესო, მითხრა გახარებულმა და წავიდა. შევედი სასტუმროში. ვიღაც პატარა, ყვითელი კაცი გამოვიდა ოთახიდან, სიგარეტს სიგარეტზე ეწევა. მანამდე ნანახი არ მყავდა გია დანელია. თურმე ბოტკინი აქვს. არ მომეწონა, არც გაუღიმია, შემომხედა და მითხრა, აბა დაიყვირეო. ვერ დავიყვირებ, კვირა დღეა, დილის ათი საათი, ხალხს სძინავს-მეთქი, ვუთხარი. მერე ვიღაც მეორე პატარა კაცი გამოვიდა, სცენარი მომცა, წაიღე და დაგირეკავთო. რომ წავიკითხე სცენარი, ისე მომეწონა, გული დამწყდა.
სამი დღის მერე დამირეკეს, გია ვარ დანელია, დღეს დეიდაჩემთან მივდივარ და ხომ არ წამომყვებით სავახშმოდო. წავყევი. მეორე დღეს კიდევ სხვაგან წამიყვანა, მესამე დღეს სხვაგან. მივხვდი, რომ ეს სინჯები იყო. ბოლოს დანიშნა ნიშნობის სცენა. სერგო ზაქარიაძე, სოფიკო რომ დავინახე გადასაღებ მოედანზე, ფეხები წამერთვა. გაიჭედა იქაურობა ვარსკვლავებით. გადავიღეთ ეს სცენა. ამათ გააგზავნეს პოლონეთში ფირი და მე ჩემს „ორერასთან" ერთად წავედი თურქეთში გასტროლზე. აღარც მახსოვს დანელია და „არ დაიდარდო", ინგრევა დარბაზი. სტამბოლში მომივიდა „მოსფილმის" დირექტორის დეპეშა, მთავარ როლზე დამტკიცებას მილოცავდა. თბილისში რომ დავბრუნდი, გაღიმებული დანელია ვნახე პირველად, სიყვითლეც გადასვლოდა. პირველი გადაღებები რომ დავიწყეთ ბეთანიაში, დიდი ქვა აიღო დანელიამ და მთელი ეს პერიოდი თავის ჯაყვას ლესავდა. გადაღებების ბოლოს ეს დანა მახათივით გახდა. მოპარვა მინდოდა და ვიღაცამ დამასწრო. აქედან დაიწყო ჩემი კინოკარიერა. მერე უკვე სცენარებს ვარჩევდი, ზოგს ვთანხმდებოდი, ზოგს - არა", - იხსენებს ბუბა კიკაბიძე.