„NDI-ის კვლევები და მისი შედეგები გამიზნულია „ნაციონალური მოძრაობის" როგორც შიდა პოზიციონირებაზე, ასევე განსაკუთრებით გარე პოზიციონირებაზე. შედეგებით მანიპულირება პოლიტიკური და პროპაგანდისტული ტექნოლოგიების სივრცეა", - ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საკუთარ facebook-გვერდზე წერს და აცხადებს, რომ NDI-ის კვლევებს სერიოზულად არ აღიქვამს.
„პირველი, „ნაციონალური მოძრაობის" გარე პოზიციონირების კუთხით ამ შედეგებით მანიპულირება და შემდეგ ყოფილი ხელისუფლების რიტორიკა საშუალებას მისცემს მათ მიერვე დაქირავებულ ლობისტურ ჯგუფებს საქართველოს სახელმწიფოს შესახებ ცრუ, მცდარი წარმოდგენა შექმნას, რაც თავისთავად ანტისახელმწიფოებრივი ძალისხმევა იქნება - მიმართული ჩვენი ქვეყნისა თუ ხალხის წინააღმდეგ.
მეორე, „ნაციონალური მოძრაობის" შიდა პოზიციონირების კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ ამ შედეგებს სერიოზულად არ იღებს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მაინც მისცემს საშუალებას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს მოქალაქეებზე. ამას გარდა, ამგვარი შედეგები ყოფილ მმართველ ძალას მისცემს დესტრუქციების გამართლების (ე.წ. „გაპრავების") წინაპირობებს - გავიხსენოთ, რომ 2003 წელს ე.წ. რევოლუცია სწორედ გამოკითხვის შედეგებს მოჰყვა. მსგავსი ცრუ შედეგები მანიპულირების საშუალებას ქმნის და დესტრუქციის მომწიფების გარემოს ქმნის.
ვფიქრობ, კითხვები არ დარჩა NDI-ის ქართული წარმომადგენლობისა და „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესთა გადაკვეთაზე. ამ მხრივაც, NDI იყენებს ე.წ. აუდიტორიის (სამიზნე ჯგუფების) სვოთ ანალიზით მიღებული მაჩვენებლებით საზოგადოების სისუსტეებზე ზემოქმედების ხერხებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ საერთო ჯამში NDI აქტიურად იზღვევს თავს, როდესაც პასუხებში აქტიურია „არ ვიცი"-ს, „არ უპასუხა"-ს მაჩვენებლები, რაც უქმნის ნიღაბს არატენდენციურობის კუთხით, თუმცა, ის იყენებს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრს არა იმდენად ამ პასუხებისადმი, რომელიც მთლიანობაში აბათილებს სხვა მონაცემებს, არამედ კონკრეტული პოზიციების მიმართ ყურადღებას.
მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ NDI-ის კვლევები არის პოლიტიკურად მოტივირებული, ტენდენციური, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ მიზანმიმართული პროპაგანდისტული ვექტორი გააჩნია, მეორე მხრივ, თავად იქმნის ნიღაბს ასევე გარე პოზიციონირების კუთხით და მესამე, საზოგადოებაში ქმნის ერთ პროპაგანდისტულ სივრცეს, სადაც არსებითი პოზიციონირების შესაძლებლობას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისათვის" ქმნის.
პ.ს. NDI-ის კვლევების შედეგებზე ბევრი ვიცინეთ, თუმცა, ამ სიცილში მოცემული კვლევების სერიოზულ მიზნებზეც უნდა ვისაუბროთ", - წერს გამზარდია.