logo_geo
eng_logo
ნობელის პრემიის ლაურეატი მეცნიერების მდგომარეობის შესახებ
- +

9 სექტემბერი. 2017. 19:54

 

 

  მოსკოვში გამოვიდა მსოფლიოში სახელგანსმენილი მეცნიერის, ნობელის პრემიის ლაურეატის, აკადამიკოს ჟორეს ალფიოროვის წიგნი, რომელიც მოგვითხრობს იმ პრობლემებზე, რომლითაც ხასიათდება მეცნიერების მდგომარეობა რუსეთში და ის საფრთხეები, რაც ემუქრება მომავალში მის განვითარებას. წიგნი იმითაც არის საინტერესო, რომ იქ წარმოჩენილი პრობლემები დამახასიათებელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მეცნიერების მდგომარეობისათვის.
„რეპორტიორმა" სთხოვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს, გამოეთქვა აზრი ამ წიგნის და მასში წარმოჩინებული პრობლემების შესახებ, რომლებიც საინტერესო იქნებოდა ქართული სამეცნიერო ინტელიგენციისა და მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის.

გთავაზობთ ბატონ როინ მეტრეველის მოსაზრებებს:

 

 

 

  ნობელის პრემიის ლაურეატი მეცნიერების მდგომარეობის შესახებ

2014 წელს მოსკოვში გამომცემლობა ,,ალგორითმმა" გამოსცა გამოჩენილი რუსი მეცნიერის, ნობელის პრემიის ლაურეატის (ფიზიკაში), რუსეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის ჟორეს ალფიოროვის წიგნი სკანდალური სათაურით,,Власть без мозгов (кому мешают академики)". ჟორეს ალფიოროვი რუსული მეცნიერების სიამაყედ ითვლება, იგი რამდენიმე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო და იცოდა რა მეცნიერების მდგომარეობა, თავგამოდებით იცავდა მის ინტერესებს. მეცნიერის აზრით, ხელისუფლება (სახელმწიფო) მხოლოდ სიტყვით ზრუნავს სამეცნიერო პოტენციალზე, საქმით კი ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ მეცნიერების სამუშაო მხოლოდ შეუდრეკელი ოპტიმისტების ხვედრია.

 

 

 

  ჟორეს ალფიოროვი თავის წიგნში მნიშვნელოვან ადგილს უთმობს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ და მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარებულ რეფორმებს. მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს რეფორმა ბევრ შეკითხვას ბადებს და სერიოზულ დახვეწას მოითხოვს. მას მომავლის შესახებ გარკვეული პროგნოზი აქვს და ხელისუფლებას და სამეცნიერო საზოგადოებას სთავაზობს კონკრეტულ ზომებს რუსული მეცნიერების ღრმა კრიზისიდან გამოყვანის მიზნით.

 

 

 

  „Власть без мозгов (кому мешают академики)" სახელმწიფო დუმის ექსპერტის ვლადიმერ ბაბკინის წინათქმით („Диктатура невежд") იწყება. მინიშნებულია, რომ უკანასკნელ წლებში აღმასრულებელი ხელისუფლება ისწრაფვის, მეცნიერებისა და განათლების სახელმწიფო სექტორი გააუქმოს. ბევრი ლაპარაკია „ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე", განვითარების ინოვაციურ ეტაპზე, კვლევების შედეგების ზრდაზე, რეალურად კი ზუსტად საწინააღმდეგო პროცესი მიდის.

 

 

 

  სტრატეგიული კვლევების ცენტრის საგანგებო მასალაში პირდაპირი მოწოდებაა რუსეთის აკადემიის პრეზიდიუმის გაუქმების თაობაზე (,,Ж. Алферов, Власть без мозгов (кому мешают академики) М, 2014, стр. 6), სანაცვლოდ სასურველადაა მიჩნეული მენეჯერული საბჭოს შექმნა მეცნიერული საქმიანობის მართვისათვის. აკადემიის მატერიალური ქონების უფრო მეტად გამოყენებისათვის უნდა შექმნილიყო ჰოლდინგი, რომელიც შეფასებას მისცემდა, რამდენად ეფექტურად გამოიყენებოდა აკადემიური უძრავი ქონება და დანადგარების ბაზა. რუსეთის ფედერაციის სამთავრობო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაციის შესახებ, სადაც პირდაპირ ჩაიწერა: „Предусмотреть исключение из законодательства положения о деле расходов на науку в объщих расходах федерального бюджета". მიზნად დაისახა მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობიდან იმ კვლევითი დაწესებულებების გამოყვანა, რომლებიც „სტრატეგთა" აზრით, არ არიან დაკავებული ფუნდამენტური კვლევებით. რუსეთის სახელმწიფო დუმის ექსპერტს ვლადიმერ ბაბკინს გამოაქვს დასკვნა, რომ თანამედროვე რუსეთის ხელისუფლების არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკა „Ставит под угрозу существование не только отечественной науки, но самой Росии, как суверенного государства" (დასახ. ნაშრ., გვ:7).

 

 

 

  ეს წინათქმა პრელუდიაა ჟ. ალფიოროვის ავტორობით გამოსული წიგნისა, რომელშიც დაბეჭდილია ნობელიანტის სტატიები და ინტერვიუები, აქ გამოხატულია მეცნიერის გულისტკივილი რუსეთში შექმნილი ვითარების გამო ზოგადად და კონკრეტულად ხაზგასმულია მეცნიერების სავალალო მდგომარეობა. წიგნი რამდენიმე ნაწილისგან შედგება, სადაც გამოყოფილია: 1. „საბჭოთა კავშირის დანგრევა. როგორი ხელისუფლება მივიღეთ", 2. „მეცნიერება და ხელისუფლება დღევანდელ რუსეთში", 3. „აქვს კი მომავალი რუსულ მეცნიერებას?" 4. ჟ. ალფიოროვის „გამოსვლები, საუბრები, მონოგრაფიები".

 

 

ჩვენ ძირითადად შევეხებით ჟ. ალფიოროვის მოსაზრებებს თანამედროვე მეცნიერების შესახებ, თუმცა არ შეიძლება არ გავჩერდეთ ზოგიერთ საკითხზე, რომელიც საფანელია წიგნში წარმოქმნილი და განვითარებული ვითარებისა. რა მოგვივიდა ჩვენ? - სვამს კითხვას ჟ. ალფიოროვი. პასუხად ინგლისელი ჟურნალისტის პოლ ხლებნიკოვის წიგნიდან „Крестний отец Кремля Борис Березовский, или история разграбления России" ახდენს ციტირებას: „Превращение России из мировой сверхдержавы в нищую страну - одно из самых любопитных событии в истории человечества. Это крушение произошло в мирное время всего за несколько лет. По темпом и масштабу этот крах не имеет в мировой истории прецедентов" (დასახ. ნაშრ. გვ:8)

 

 

  ჟ. ალფიოროვი მართებულად მიიჩნევს ინგლისელი ჟურნალისტის შეფასებას რუსეთში შექმნილი ვითარებისადმი. იგი განიხილავს 1989-1991 წლებს, როცა სწრაფად შეიჭრა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი. ასეთი გაჭირვება მოსკოვსა და ლენინგრადში არ ყოფილა ომისშემდგომ წლებშიც კი. მეცნიერი გულისტკივილით ამბობს, რომ რუსეთში შექმნილი იყო ძლიერი ინდუსტრია, არსებობდა რიგი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წინსვლები, გამოგონებები, იყო უდიდესი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალი, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო დარგებში. მნიშვნელოვანი იყო ის მოვლენა, რომ ქვეყანაში არსებობდა საშუალო ფენა: მეცნიერ-მუშაკები, მასწავლებლები, ინჟინრები, კვალიფიციური მუშები, ექიმები, აგრონომები. ეს ის კლასია, რომელიც რეალურად ქმნის ქვეყნის სიმდიდრეს. ჟ. ალფიოროვი მითს უწოდებს მოსაზრებას, რომ საკუთრების ფორმა ბადებს ეფექტურ ეკონომიკას. დღესდღეობით მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დაქირავებული მუშები არიან. რაც შეეხება მსხვილი მესაკუთრეების, ე.წ. ოლიგარქების გამოჩენას, მათი ასპარეზზე გამოსვლით ეკონომიკა არ განვითარებულა. მეცნიერი შეკითხვას სვამს: განა ის კომპანიები, რომლებსაც დაეუფლნენ ბერეზოვსკი, პოტანინი, ხოდორკოვსკი და სხვები, ახლა უფრო აქტიურად მუშაობენ, ვიდრე მაშინ, როცა ისინი სახელმწიფოსი იყვნენ? პასუხი ერთმნიშვნელოვანია - არა.

 

 

ჟ. ალფიოროვის აზრით, ახალგაზრდა რეფორმატორებმა, ნებსით თუ უნებლიეთ, უპირველესად ყოვლისა გადაწყვიტეს პოლიტიკური საკითხი - საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა ხელისუფლების ლიკვიდაცია. ამან კი ქვეყანა ეკონომიკურად ათეული წლებით უკან დასწია: „Это реальность, остальное - мифи... Нам внушали: надо пройти стадию накопление капитала. Горько и смешно, что в конце xx века из-за пристрастия к каким-то мифам Россия должна погружатся в пучину дикого, бандитского капитализма" (დასახ. ნაშრ. გვ:11).

 

 

  ჟ. ალფიოროვს მიაჩნია, რომ „იმპერიალიზმის აგენტებმა" (ასახელებს გაიდარს და ჩუბაისს) და მათმა მხარდამჭერებმა დაანგრიეს რუსეთის ეკონომიკა და შესაბამისად საბჭოთა კავშირი, რომ ეს „ცრუ"-სგან მიღებული ინსტრუქციებით გაკეთდა. მათ არც ცოდნა, არც გამოცდილება არ გააჩნდათ, შინაგანი რწმენით მოქმედებდნენ. მათ თანდათან ანგარებითი მიზნებიც გაუჩნდათ და გამდიდრდნენ კიდეც (დასახ. ნარ. გვ: 12). გამდიდრების პირობები მხოლოდ ერთეულებს - რჩეულებს გააჩნდათ. რაც შეეხება ყოფილ საშუალო ფენას (კლასს) - მილიონობით ინჟინერს, მეცნიერ-მუშაკებს, ქარხნების სპეციალისტებს სამოქმედო სფერო გაუქრათ. მათ სხვადასხვა სახის სამუშაოს მოჰკიდეს ხელი (ზოგჯერ მცირე ბიზნესს), რომ როგორმე თავი გამოიკვებონ. მილიონობით ადამიანისთვის სწორედ თავის გადარჩენა იქცა ძირითად პრობლემად („Поистине удручающий итог").

 

 

  ჟ. ალფიოროვი აღშფოთებით წერს, რომ რეფორმატორებმა გადმოისროლეს ლოზუნგი - ფუნდამენტურმა მეცნიერებამ თავად უნდა შეინახოს თავიო. შედეგად მოჰყვა ის, რომ კატასტროფულად დაეცა მეცნიერების დაფინანსება, ამან განაპირობა მრეწველობის მეცნიერებატევადი დარგების დანგრევა, რაც მთავარია, არ გამოიყენება მეცნიერების მიღწევები (ამის შესახებ ჟ. ალფიოროვი სხვაგანაც არაერთგზის აღნიშნავს), მეცნიერება აღარ არის მოთხოვნადი.

 

 

ნობელიანტი ხაზს უსვამს, რომ სამეცნიერო დარგების წარმომადგენლები, საერთოდ ინტელიგენცია - შინაგანად ყოველთვის დისიდენტურები არიან. ბევრი რამ არ იყო მოსაწონი საბჭოთა სისტემაში. პარტიული მეთაურები არ იყვნენ სიახლის მომხრენი - მათ მიიყვანეს საბჭოთა კავშირი კრიტიკულ ხაზამდე. სწორედ მათ „Опорочили прекрасную по своей сути социалистическую идею" (დასახ. ნაშრ. გვ: 17). რისთვის ვიბრძოდით დემოკრატიზაციისათვის? ჟ. ალფიოროვის აზრით, სტალინის დროს თუ ავიღებთ, თანდათან ხდებოდა დემოკრატიის მიმართულებით სახელმწიფოს ევოლუცია. თუნდაც ბიუროკრატიული სოციალისტური წყობა, სადაც შესაძლოა დეფექტებით, მაგრამ მაინც ხდებოდა ჰუმანისტური პრინციპების რეალიზება, გაცვლილიყო ველური კაპიტალიზმის პირობებში საეჭვო თავისუფლებაზე, ეს ნიშნავდა უაზრო იდეისათვის არაზომიერი, კატასტროფული ფასის გაღებას. სწორედ ამგვარმა ნაბიჯებმა რუსეთი ეკონომიკურად დააქვეითა. როცა იგი მეორე-მესამე ადგილზე იმყოფებოდა თავისი შემოსავლებით, ამჯერად იგი 67-ე ადგილზეა. გაუარესებულია სხვა მაჩვენებლებიც.

 

 

  ჟ. ალფიოროვის წიგნში შეტანილია ინტერვიუები გამოჩენილ საზოგადო მოღვაწესთან ვლადიმერ პოზნერთან („Поединок на телевидение с В. Познером"). ეს საუბარი ორი დიდი მოღვაწისა მეტად საინტერესოა. შეკითხვაზე, თუ როგორ ცხოვრობს იგი, მეცნიერმა ლაკონურად უპასუხა: ,,Живется в этой стране, безусловно, сегодня очень непросто. Материально, в общем, я живу совершенно нормально, но живется, конечно, очень тяжело. Я отношусь к оптимистом, потому что я считаю, что у России будущее безусловно есть и нужно за это будущее бороться" (დასახ. ნაშრ. გვ:27). როცა ვლადიმერ პოზნერი ეკითხება ჟორეს ალფიოროვსб თუ რა აზრის არის ფასიანი სასკოლო განათლების შესახებ, ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ პრინციპულად არ მიაჩნია სწორად. მეცნიერის აზრით, სასკოლო განათლების მიღება კი არ უნდა იყოს დამოკიდებული მშობლების ჯიბეზე, არამედ მოსწავლის უნარზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ჟ. ალფიოროვი პირდაპირ ამბობს: წინააღმდეგი ვარ. ამგვარი წესით (პრინციპით) ქუჩაში მოძრაობის წესების ჩაბარება უფრო შეიძლება. მას მიაჩნია, რომ აუცილებელია გამოსაცდელთან პირადი კონტაქტი. მაგალითად მოჰყავს ის დრო, როცა უმაღლეს სასწავლებლებში ოქროს მედალიც არ იძლეოდა ჩარიცხვის გარანტიას გასაუბრების გარეშე.

 

 

  წიგნში დაბეჭდილია ჟორეს ალფიოროვის სტატია „Наука должна обеспечиваться из бюджета", რომელიც თავის დროზე „როსიისკაია გაზეტა"-ში იყო გამოქვეყნებული. მთავარი დებულება გახლავთ ის, რომ მეცნიერის დაბეჯითებული და დასაბუთებული მოთხოვნით ჯანმრთელობის დაცვა, განათლება და მეცნიერება ქვეყნის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. ჟ. ალფიოროვი მიიჩნევს, რომ მეცნიერის ხელფასი დღესდღეობით უკმარისია. დაპირებების მიუხედავად, ხელისუფლება არ ასრულებს მეცნიერისათვის მატერიალური ანაზღაურების გაზრდის საკითხს („Очень важно, чтобы люди получали, я не говорю достойную, просто приличную зарплату, на которую можно было бы жить"). ჟ ალფიოროვი მიუთითებს, რომ მეცნიერების მოთხოვნადობის გაზრდისთვის საჭიროა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა. ქვეყანას სჭირდება მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებების ფორმირება და არა რესურსების გაყიდვის ეკონომიკა. ჟ. ალფიოროვი მიიჩნევს, რომ ქვეყანას არ გააჩნია მეცნიერების განვითარების რეალური პროგრამა. ყოველივე ამას, მისი აზრით, სჭირდება ნამდვილი „გოსპლანის" ტიპის დაწესებულება (თანამედროვე პირობებში ამ ამოცანის გადაჭრა მთავრობას არ ძალუძს). მიაჩნია, რომ ადრე არსებული მეცნიერების და ტექნიკის კომიტეტი, ე.წ. „გკნტ" ართმევდა თავს ამ საქმეს.

 

 

ჟორეს ალფიოროვი 2006 წლის 10 მარტს გამოვიდა ტელევიზიით, ე.წ. „სამთავრობო საათზე" (დასახ.ნაშრ. გვ:53-58), სადაც მან მთელი ძალით განავითარა დებულება - ეკონომიკის აღორძინება სამეცნიერო დაწესებულებების გარეშე არ შეიძლება. მას რამდენადმე ხელოვნურად მიაჩნია მეცნიერების დაყოფა გამოყენებით და ფუნდამენტალურად. მას მოჰყავს ბრიტანეთის ლონდონის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტის ჯორჯ პორტერის სიტყვები, რომ მთელი მეცნიერება - გამოყენებითია.

 

 

  ჟ. ალფიოროვს კატეგორიულად არასწორად მიაჩნია უმაღლესი სკოლებისა (უნივერსიტეტებისა) და აკადემიური მეცნიერების დაპირისპირება. საუნივერსიტეტო მეცნიერება მხოლოდ მაშინ განვითარდება წარმატებულად, თუ მოხერხებულად გამოიყენებს მეცნიერებათა აკადემიის პოტენციალს. უკანასკნელ ხანს არის საუბარი იმის შესახებ, რომ აკადემიური მეცნიერების რეიტინგი უფრო დაბალია, ვიდრე საუნივერსიტეტო მეცნიერებისა. ჟ. ალფიოროვი არ ეთანხმება ამგვარ მტკიცებულებას. მიაჩნია, რომ რეიტინგის განმსაზღვრელი არსებული მოდელი არაა მისაღები. მეცნიერთა რეიტინგი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუროკრატიულმა წარმომადგენლებმა კი არ უნდა განსაზღვრონ, არამედ სამეცნიერო საზოგადოებამ. რეიტინგის განსაზღვრის არსებული სისტემა მეცნიერთა მიღწევებს არ განსაზღვრავს რეალურად.

 

 

ჟ. ალფიოროვის სტატია ,,რეფორმები რეფორმებისათვის", რომელიც „სოვეტსკაია როსიაში" დაიბეჭდა, აფასებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას, აღნიშნავს, რომ ძალიან რთული პერიოდი აქვს მას. „იმის ნაცვლად, რომ მეცნიერება რეალურად გავხადოთ ძლიერ ძალად, რომელიც განაპირობებს ეკონომიკის ეფექტურად განვითარებას, 1991-1992 წლების რეფორმები არაეფექტურად, რეფორმები - რეფორმებისათვის გატარდა". მას შეცდომად მიაჩნია მთავრობის მიერ წამოყენებული თეზისი არაწამგებიანი (безубыточной) მეცნიერებისათვის ბრძოლისა. ჟ. ალფიოროვი მიუთითებს, რომ ეს აბსურდული თეზისია. გამომდინარე აქედან, ფინანსურ შესაძლებლობების შესაბამისად შემცირდა მეცნიერ-მუშაკთა რიცხვი. სინამდვილეში რუსეთის სამეცნიერო პოტენციალის მხარდაჭერის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ქვეყნის ფინანსური საშუალებების ზრდა.

 

 

ჟორეს ალფიოროვს აქსიომურ აუცილებლობად მიაჩნია მეცნიერებისა და განათლების ინტეგრაცია. განათლება და მეცნიერება - ეს ერთიანი სისტემაა. არ არსებობს განათლება მეცნიერების გარეშე და პირიქით, მეცნიერება - განათლების გარეშე. იგი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მეცნიერებისა და განათლების ინტეგრაციის პროგრამა, რომელიც არსებობდა და შესაძლებლობის ფარგლებში ცხოვრებაშიც ტარდებოდა, აღარ ფუნქციონირებს. არადა, ამ პროგრამის შესაბამისად ბევრი სასარგებლო რამ გაკეთდა - ხელი შეეწყო უმაღლესი სკოლისა და აკადემიური დაწესებულებების ურთიერთობის განვითარებას, შეიქმნა აკადემიური საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრები. ამგვარი პროგრამის აღდგენა - ესაა გზა მეცნიერებისა და განათლების რეალური ინტეგრაციისათვის.

 

 

  მეტად საინტერესოა ჟორეს ალფიოროვის პოზიცია რუსეთის მეცნიერების „მოდერნიზაციის სტრატეგიის" შესახებ. ამ პრობლემის გადასაჭრელად საგანგებო პროგრამაა რუსეთის ხელისუფლების მიერ შემუშავებული. სწორედ ამ პროგრამის შესახებ აღნიშნავს მეცნიერი, რომ იგი გაუმართავია. ედავება პირველივე ფრაზას, სადაც აღნიშნულია, რომ „Главной функцией академического сектора науки является расширенное воспроизводство знании...". ჟ. ალფიოროვი საგანგებოდ მიმართავს დალის ლექსიკონს, სადაც ეს ტერმინი განმარტებულია: „воспроизводство - это производство снова, того, что было уже сделано раньше". აქ კი გარკვევით პასუხობს, რომ მიღწეული ცოდნის გამეორებისათვის მეცნიერებათა აკადემია არ არის საჭირო. მითითებაზე, რომ პროგრამაში „расширенное производство" წერია, ჟ. ალფიოროვი პასუხობს: „Да термин взят из политэкономики Маркса" (დასახ. ნაშრ. გვ: 59). შთაბეჭდილება ისეთია, რომ პროგრამა ეკონომისტების დაწერილია, თუმცა მასზე ხელმოწერა ორი მათემატიკოსისააო (მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი). არც ის მიაჩნია მართებულად, რომ აკადემიის პრეზიდენტს ამტკიცებს ქვეყნის პრეზიდენტი. ფიქრობს, რომ ასეთი პროცედურის არსებობა უთუოდ განაპირობებს არჩევნების პროცედურით მანიპულირებას; შეახსენებს საზოგადოებას, რომ საბჭოთა პერიოდშიც კი ამგვარ ვითარებას ადგილი არ ჰქონია. მეცნიერი ეჭვს გამოთქვამს, რომ პროგრამაში აკადემიური ინსტიტუციების როლი დაკნინებულია და კითხულობს „Это не оправдавщая себя форма?" მეცნიერი ღიად ეწინააღმდეგება აკადემიური ინსტიტუტებისათვის სააქციონერო საზოგადოების ფორმის მიღებას. წინააღმდეგია მეცნიერების არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანისა. მეცნიერის აზრით, აღნიშნული პროგრამა ყველაზე მეტად დარგობრივ მეცნიერებას აზარალებს.

 

 

  ჟორეს ალფიოროვი კმაყოფილებით ამბობს, რომ ამ რთულ ვითარებაში ბევრი სამეცნიერო სკოლა იქნა შენარჩუნებული. სანამ ქვეყანაში არცთუ ისე ცუდი განათლება არსებობს, შესაძლებელია აღდგეს კვლევათა ის მიმართულებები, რომლითაც ამჯერად არავინაა დაკავებული.

 

 

  მეცნიერი კმაყოფილებას გამოხატავს პროვინციული ტექნიკური უნივერსიტეტების შემოქმედებითი ზრდის გამო. მიაჩნია, რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოღვაწეობს მეცნიერებაში, რაც მომავლის იმედს იძლევა.

 

 

  აქვს თუ არა მომავალი რუსეთის მეცნიერებას? - ეს ფრონტალური კითხვაა ჟ. ალფიოროვის მიმართ დასმული. ჟ. ალფიოროვი ოპტიმისტია, მომავლის სჯერა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ „Нужно сообща спасать науку". იგი განიხილავს სამეცნიერო დარგების მდგომარეობას და მიიჩნევს, რომ მომავალი ნანოტექნოლოგიებს ეკუთვნის. ზოგადად კი ამბობს: „Наша заслуга в том, что несмотря на очень трудные годы, мы сохранили такую организацию, как Академия наук - высшую и уникальную! - научную и образовательную структуру России" (დასახ. ნაშრ. გვ:114). გასული საუკუნის 90-იან წლებში, როგორც მეცნიერი აღნიშნავს, უნდოდათ მეცნიერების, როგორც ,,ტოტალიტარული რეჟიმის მემკვიდრეობის" მოსპობა. სწორედ აკადემიის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მიზნით დათანხმებულა ჟ. ალფიოროვი სახელმწიფო დუმის დეპუტატობას. „Ради сохранения Академии наук мы иногда шли на компромиссы с властью, но никогда - со своей совестью".

 

 

  „ჩვენ გვაქვს მომავალი" - აცხადებს ჟორეს ალფიოროვი. ამასთან მიიჩნევს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური თუ სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი, ჟურნალისტი, მწერალი ივიწყებს ჭეშმარიტებას: იმისათვის, რომ დარწმუნებული იყო ხვალინდელ დღეში, მომავალში, არ შეიძლება, აუგად მოიხსენიო წარსული, მას დაფასება უნდა; წარსული საფუძველია, ჩვენი ფესვებია. მხოლოდ აქედან მოდის რეალური მომავალი. საჭიროა დაუდგრომელი, შემოქმედებითი, გმირული შრომა, ბრძოლა უკეთესი მომავლისათვის.

 

 

  ჟორეს ალფიოროვის წიგნში დაბეჭდილია მეცნიერის გამოსვლები, საუბრები. ამაზე ჩვენ არ შევჩერდებით. ვიტყვით ზოგადად, რომ წიგნი „Власть без мозгов (кому мешают академики)" მნიშვნელოვანია, თამამია, კრიტიკულია, ამასთან ისიც უნდა დავინახოთ, რომ მასში რუსეთის მეცნიერების რეალური(ძალიან მძიმე) სურათია მოცემული. წიგნში ნაკლოვანებათა ღიად ჩვენების ფონზე მეცნიერების განვითარების კარდინალური საკითხებია დაყენებული.

 

 

  ვფიქრობთ, ანალოგიური პრობლემები (იქნებ უფრო მწარეც) ქართულ მეცნიერებას, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასაც უხვად გააჩნია. მეცნიერების რეალური წინსვლისათვის საზოგადოებისა და ხელისუფლების განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მათი აქტიურობის შემთხვევაში ქართულ მეცნიერებასა და მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ჭეშმარიტად წარმატებული მომავალი ექნება. მიგვაჩნია, რომ ნობელის პრემიის ლაურეატის, რუსეთის აკადემიის აკადემიკოსის ჟორეს ალფიოროვის წიგნი არ არის ლოკალური მნიშვნელობის. მასში დასმული პრობლემების გათვალისწინება დადებითად წაადგება მსოფლიო მეცნიერების განვითარებას.

 

 

 

                                                                                     

 

                                                                                            როინ მეტრეველი
                                                                                            აკადემიკოსი





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner