სოფელ ხახაბოს მიმდებარედ, მთის ფერდობზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესი დაასრულეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, კიდევ ერთხელ, დეტალურად შემოწმდა პერიმეტრი. შემდგომ მონიტორინგს მეტყევეები განახორციელებენ.
პრევენციის მიზნით, ადგილზე რჩება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რამდენიმე ჯგუფი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. დაკვირვების პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.