ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
SIS !!! SIS !!!
ევროპარლამენტის დეპუტატის ვოლსკის პროვოკაციული განცხადების შესახებ:
*****************************************************
ევროპარლამენტის დეპუტატმა ბატონმა ვოლსკიმ (ჩვენ ვოლსკში არ შეგეშალოთ), დღეს, ტვ „რუსთავი2"-ის პირდაპირ ეთერში ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან უკანონოდ ჩამოართვა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა.
რამდენადაც ჩვენი საზოგადოებისთვის უტყუარად ცნობილია, სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილებით. და ეს მოხდა ავტომატურად, მას შემდეგ, როცა მან მოითხოვა და მიიღო უკრაინის მოქალაქეობა.
ეჭვს გარეშეა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატი ვოლსკი ან შეცდომაშია შეყვანილი(?), ან აშკარად ტყუის(!).
პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ვოლსკი, იმდენად აქტიურად არის ჩართული მ. სააკაშვილის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ აქციებში, რომ შეუძლებელია ღრმად არ იყოს ინფორმირებული საქმის არსში, მაგრამ პოლიტიკური თუ „სხვა" კონიუნქტურის გამო, ის სრულიად შეგნებულად ავრცელებს მცდარ, საქართველოს საწინააღმდეგო და რეპუტაციის შემლახავ ინფორმაციას.
არადიპლომატიურ ენაზე ბატონ ვოლსკის ამ ქმედებას სიცრუის შეგნებულად გავრცელება, ანუ, ტირაჟირება ჰქვია და, აქედან გამომდინარე, თუკი გავაანალიზებთ რატომ და რა ვითარებაში თქვა (გაავრცელა) ეს სიცრუე ევროპარლამენტის დეპუტატმა, შეგვიძლია უყოყმანოდ განვაცხადოთ, რომ ბატონი ვოლსკი გახლავთ პ რ ო ვ ო კ ა ტ ო რ ი!
ზემოთქმულის გათვალისწინებით პროვოკატორ ვოლსკის საქციელს და მის საჯარო განცხადებას უნდა მიეცეს შესაბამისი შეფასება, რასაც უნდა მოჰყვეს ადეკვატური რეაქცია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, ისევე, როგორც ევროპარლამენტში საქართველოს დელეგაციის მხრიდან.
და ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რამეთუ პროვოკატორ ვოლსკის ამ განცხადების მიზანი, არ გახლავთ უბრალო „ენის მოფხანვა". იგი გამიზნულია უკრაინის დესტაბილიზაციისკენ და, სრულებით არ არის გამორიცხული, რომ უკრაინაში არეულობამ შესაძლოა ავტომატურად გამოიწვიოს ვითარების ამღვრევა საქართველოში. და სწორედ ეს იყოს დეპუტატ ვოლსკის და მისნაირი ტიპაჟის მიზანიც.
ვინაიდან ასეთი პროვოკაციული განცხადებები იშვიათი როდია ევროსტრუქტურების ზოგიერთი გავლენიანი ჩინოსნის და ევროპოლიტიკოსის მხრიდან (უნგრეთის პრემიერი ორბანი, ევროკავშირის ელჩი ზალბერი და სხვ.), მოვლენათა განვითარების ბუნდოვანი (ეგებ, სახიფათო) პერსპექტივაც მოითხოვს შესაბამის ქმედებას და არა „ენის მოჩლექვას" და სირაქლემის პოზიციის დაკავებას.
ახლა ბურთი ჩვენს მაღალჩინოსანთა მოედანზეა.