logo_geo
eng_logo
„სააკაშვილის გუნდი უკრინაში იმიტომ არის, რომ საქართველოში ფიასკო განიცადა“
- +

13 აპრილი. 2016. 15:02



„ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის გუნდი უკრაინაში იმიტომ მუშაობს, რომ საქართველოში ფიასკო განიცადა და იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა", - ამის შესახებ  „Davidzon Radio"-ს ეთერში განაცხადა უკრაინელმა ჟურნალისტმა ვიტალი პორტნიკოვმა სააკაშვილის მიერ პრეზიდენტ პოროშენკოსათვის წაყენებული ულტიმატუმის კომენტირებისას. ჟურნალისტი დისკუსიაში შევიდა მსმენელ ქალბატონთან, რომელიც პირდაპირ ეთერში საქართველოდან ჩაერთო.


მსმენელმა უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა სააკაშვილის გუნდის წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებაში, რამაც პორტნიკოვის მკვეთრი რეაქცია გამოიწვია.


„ის რეფორმები (სააკაშვილის გუნდის საქართველოში) იმით დამთავრდა, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრი (ვანო მერაბიშვილი) ახლა ციხეში ზის, ისევე როგორც მაშინდელი რეფორმების ბევრი მონაწილე", - შეახსენა მსმენელს ჟურნალისტმა.

„თქვენს საპარლამენტო არჩევნებზე ახალი ხელისუფლება აირჩია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ. თქვენი პრემიერი კი ციხეში მოხვდა. სააკაშვილის ბევრი თანაგუნდელი ციხეშია, ზოგი ემიგრაციაში წავიდა, მათ შორის თვითონ მიხეილ სააკაშვილი", - აღნიშნა პორტნიკოვმა.


ჟურნალისტმა შეახსენა, რომ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს და ვერ შეძლებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.


„იმ საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, სააკაშვილის მიმართ გაჟღერდა ბევრი ბრალდება კორუფციაზე, ნათლიმამობაზე, სააკაშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის მიერ რესურსების მითვისებაზე.  არ ვაპირებ, დავეთანხმო ამ ბრალდებებს, მაგრამ ისინი დაიჯერა ამომრჩეველთა უმეტესობამ. საქართველოში ყოფნის ბოლო თვის განმავლობაში სააკაშვილს თბილისში მშვიდად ცხოვრება აღარ შეეძლო - მას შეურაცხყოფას აყენებდნენ, ამცირებდნენ. საქართველოს პრეზიდენტობისას მას თავს ესხმოდნენ საყვედურებითა და შეურაცხყოფით. ვინც ამას აკეთებდა, ის ხალხი ლაპარაკობდა კორუფციასა და ნათლიმამობაზე", - განაცხადა ჟურნალისტმა.

 

„მე არ ვამტკიცებ, რომ ეს ბრალდებები დამსახურებულია. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ თქვენი ხელისუფლების წევრები ჩვენს ქვეყანაში იმიტომ არიან, რომ სამშობლოში ფიასკო განიცადეს. და როცა ამბობთ, რომ ჩვენთან ნათლიმამობაა, თქვენთან კი არა, - შეგრცხვეთ! ეს ხალხი ჩვენთან ემიგრაციაშია, ჩვენ მივიღეთ, მოქალაქეობა და სამსახური მივეცით. მადლობა გვითხარით და ნუ უხეშობთ", - განაცხადა პორტნიკოვმა.




http://newsonline24.com.ua/komanda-saakashvili-naxoditsya-v-ukraine-potomu-chto-poterpela-fiasko-v-gruzii-portnikov


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner