უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი „ფეისბუქ"-გვერდზე წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შესვლა „შეგინის" გამშვებ პუნქტზე ან საიმიგრაციო სამსახურში უნდა გააფორმოს.
მისი თქმით, პროვოკაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა უსისხლოდ და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.
„თითოეული პირი, რომელიც მონაწილეობას იღებდა საზღვრის გარღვევაში და მესაზღვრეებზე და პოლიციელებზე თავდასხმაში, პასუხს აგებს კანონის საფუძველზე.
სააკაშვილმა და ყველამ, ვინც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, ორი ვარიანტიდან ერთი უნდა აირჩიონ: მივიდნენ „შეგენის" გამშვებ პუნქტზე და პროცედურები გაიარონ და/ან საიმიგრაციო სამსახურის დანაყოფს ეწვიონ. საზღვრის გარღვევის ყველა მონაწილე, მათ შორის დეპუტატები, პოლიციაში უნდა მოვიდნენ ჩვენების მისაცემად", - განაცხადა არსენ ავაკოვმა.
ავაკოვის თქმით, ის შეეცადა, ყველაფერი გაეკეთებინა, რათა მესაზღვრეები და პოლიციელები პოლიტიკური პროცესიდან გამოეყვანა.
„მე ავუკრძალე მათ, იარაღი ან ფიზიკური ზემოქმედების საშუალებები გამოეყენებინათ", - განაცხადა არსენ ავაკოვმა.