„ალია" გთავაზობთ ინტერვიუს შალვა რამიშვილთან (სტილი მაქსიმალურად დაცულია):
- პროკურატურაში დავიკითხე მე უკვე და დანარჩენი საგამოძიებო ქმედებები თუ იქნება, ჩემს კომპეტენციაში ამაზე პასუხი არ შედის. - დაკითხვა რას ეხებოდა - „იმედიდან" თქვენი დათხოვნის თემას, თუ თათია სამხარაძის განცხადებას, ჩანაწერის შესახებ?
- როდესაც გავიგე, რომ თათია სამხარაძეს ჰქონდა რაღაც ფარული ჩანაწერი, რომელშიც იყო ასახული ჩემი მასზე ძალადობა, მე იმწუთში მივმართე კომპეტენტურ ორგანოს, პროკურატურას და შემდეგ უკვე დაიწყო ჩემი დაკითხვა. ჩანაწერის თაობაზე მე პროკურატურაში ვერ ვისაუბრებდი, რადგან არც მოსმენილი მაქვს ეს ჩანაწერი და არც ვიცი, რას ეხება. საუბარი იყო იმაზე, რომ თათია სამხარაძემ გაავრცელა კულუარულად ინფორმაცია, კონკრეტულად ტელევიზიის დირექტორს უთხრა, რომ აქვს ჩანაწერი, რომელზედაც ჩანს, რომ მე მასზე სექსუალურად ვძალადობ.
- ერთ-ერთ თქვენს ბოლო განცხადებაში ამბობთ, რომ ამ ყველაფრის უკან სხვა რამ დგას, თათიას ვიღაცები იყენებენო...
- მე მგონი, ახლა ეს არის რაღაც გარკვეული კამპანია ჩემს წინააღმდეგ, უნდათ, ასეთ სიბინძურეში გამსვარონ და მოიგონონ, მოხლართონ... ამ რაღაც სისულელის გამო 50 კაცი, სტუდიის წევრები, დატოვეს ქუჩაში და გააუქმეს ყველა გადაცემა, რომელიც იყო...
_ ვინ შეიძლება იყენებდეს თათიას და რა პოლიტიკურ წრეებზეა საუბარი?
- პოლიტიკური წრეები აქ არაფერ შუაშია, ცალსახად შემიძლია გითხრათ. აქ არის უკვე ბიზნესწრეებზე საუბარი, რომელზეც მე კომპეტენტურად მოგვიანებით ვისაუბრებ.
_ ჭორის დონეზე, კულუარული ინფორმაციით, თავის დროზე თინა კანდელაკმაც თქვა, რომ მის მიმართაც გქონდათ სექსუალური შევიწროების მცდელობა...
- აი, ამას რომ ამბობთ, რაღაც წყარო ხომ უნდა მიუთითოთ?
- კულუარულ ინფორმაციაზე მაქვს საუბარი.
- ჭორებზე ნუ მეკითხებით, იმიტომ, რომ დავიღალე უკვე... მეკითხებით რაღაც სრულიად აბსურდულ რაღაცას.
_ 2013 წელს, როდესაც თინა საქართველოში იყო, მის დაბადების დღეზე...
- მე ვიყავი მის დაბადების დღეზე მთელი დღე და ამ დროს კანდელაკმა ვიღაცას უთხრა, რომ მასზე სექსუალურად ვძალადობდი ადრე? რას ნიშნავს ეს?.. რას მეკითხები? ახლა შენ ამას დაბეჭდავ და ჩემი ცოლი ამას ნახავს. რას აკეთებთ ახლა? შეიძლება ასე ადამიანის პირად ცხოვრებაში ქექვა?
- კულუარულად გავიგეთ და ვამოწმებ... ამბობენ, თინას უთქვამს ეს ერთ კონკრეტულ წრეში...
- სად თქვა, ვის უთხრა? რომელ კონკრეტულ წრეში? მოდით, ჩავყვეთ ამ ყველაფერს. შენი სახელი მითხარი, გენაცვალე?!
- ნინო ლაბარტყავა.
- ნინო, რატომ აკეთებ ამას? ახლა ამას წაიკითხავს ჩემი შვილი, ჩემი დედა, ცოლი და რას წერ, რას მეკითხები? როგორ შეიძლება ასეთი რაღაცების კითხვა?
- მე იმას ვამბობ, რომ იქნებ ეს ამბავიც თქვენს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ნაწილია, რომ ასეთი ჭორი ვრცელდება კანდელაკთან დაკავშირებით?
- ვინა ხარ შენ, ნინო? საიდან მოხვედი ჟურნალისტიკაში? რას მეკითხები - თინა კანდელაკმა რომელიღაც კონკრეტულ წრეში დაბადების დღეზე, რომელსაც ვესწრებოდი... თინა არის ჩემი მეგობარი, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა. თინამ ინტერვიუში ეს თქვა, რომ ჩემი პირველი რომანი არის შალვა რამიშვილიო, ეს ინტერვიუ არსებობს და შენ მეკითხები - სადღაც იმ დაბადების დღეზე, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი სტუმარი მე ვიყავი, ცალკე წრეში სადღაც თქვა, რომ მე მასზე ვიძალადე? რას მეკითხებით, ხალხო, გამოშტერდით სულ?
- არ გინდა ასეთი საუბარი!
- აბა, რას მეკითხები? (ყვირის) შენ რომ ამას დაწერ, დედაჩემი, ჩემი ცოლი ხომ წაიკითხავს ამას?.. ჟურნალისტიკაში ვარ 25 წელი, სად დაიწერა, ვინ თქვა მაშინ კონკრეტულად მიმითითეთ წყარო, რაზე დაყრდნობით მეკითხებით. ახლა მე რომ გკითხო შენ - გორდება ინფორმაცია, რომ შენ „პანელზე" დგახარ ხიდთან, სწორი ვიქნები?
_ თუ დამირეკავ კომენტარზე და შემეკითხები, პასუხს გაგცემდი... შენ ყვირილზე გადადიხარ. გეკითხები უკვე მერამდენედ, ასეთი ინფორმაციის აგორება ხომ არ არის იმ კამპანიის ნაწილი, რომელიც შენს წინააღმდეგ აგორდა...
- სად მუშაობ? ვინ გასწავლა ჟურნალისტიკა? დებილი ხარ შენ, ვიღაცა ხარ! (ყვირის) დავაი, დაახვიე, რა! (ყვირის).
ზუსტად 2 წუთში უკვე თვითონ მირეკავს:
- ნინო, ბოდიშს გიხდი, ავღელდი წეღან... ახლა დავწყნარდი და შეგვიძლია, ვისაუბროთ, გისმენთ, რა გაინტერესებს?
- (ვუხსნი ისევ)...
- მოდი, პირდაპირ ასე დაწერე, რა: თუ ვინმე მიიჩნევს თავს ჩემს მსხვერპლად, მაშინ გამოვიდეს და წავიდეს სასამართლოში, თუ არადა, მორჩეს ჭორაობას, რა. პროკურატურას მე მივმართე პირველმა.
დავმშვიდდი ახლა... თინა კანდელაკზე რა კითხვა არის, რომ ნორმალური პასუხი გაგცე?
- (ვუმეორებ)...
_ 2013 წელს დაბადების დღეზე თბილისში რომ გადაიხადა, ნომერ პირველი სტუმარი ვიყავი მე, თავიდან ბოლომდე. ეს მოხდა მთაწმინდის რესტორანში. იყო ძალიან ბევრი ადამიანი, მეორე ოთახში იყვნენ დეპუტატები „ქართული ოცნებიდან", ჩემი მეგობრები, რომლებიც მე თინას გავაცანი. თინა კანდელაკს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, თითქმის ბავშვობიდან. ჩვენ ვიყავით ერთმანეთის შეყვარებულები, პირდაპირ გეტყვით და ამას იმიტომ ვამბობ, რომ თინამ უკვე დაწერა ეს. სექსუალური შევიწროება მასთან არ დამჭირვებია არასდროს და არც მქონია სექსი, პირდაპირ გეტყვით, რა. ხომ შეიძლება, მაგ ასაკში პლატონურად იყო შეყვარებული? შენ გაინტერესებს, მქონდა თუ არა სექსი კანდელაკთან?
- მე ის კითხვა დავსვი იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ხომ არ თვლიდი, რომ ეს...
- თინასთან დაკავშირებით, ძალიან სერიოზული ქონების პატრონია ის ქალი და უსერიოზულესი ტელევიზიის მენეჯერია, ხო? თუ „ალია", ან სხვა გაზეთი შეძლებს, მისწვდეს, ჰკითხოს - შევავიწროე თუ არა 2013 წელს დაბადების დღეზე? მანამდე ეს გოგო, ჩემი მეგობარი, არ მინახავს. სკაიპით ვურეკავ ხოლმე, შეიძლება ტელეფონით ვავიწროებდი, ეს დაწერე ყველაფერი, რა... შეიძლება ვავიწროებდი სკაიპით და ვეუბნებოდი... ხო, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარის ქონების პატრონია და მე ჩემს სამსახურეობრივ მდგომარეობას ვიყენებდი და ვეუბნებოდი - გავაგდებინებ შენს თავს მაგ მედიას, თუ არ გაიხდი და ტელევიზორში მკერდს არ მაჩვენებ-თქო, სკაიპში... მოკლედ, როგორი საგიჟეთია, იცი?
- აბსოლუტურად მესმის...
- მე და თათია სამხარაძეს რა ურთიერთობა გვქონდა, რაზე ვსაუბრობდით და როგორ ვხუმრობდით, ეს არის ჩემი და თათია სამხარაძის საქმე, ხო? როგორც კი ამ გოგომ ჩაწერა რაღაც, ამით რაღაც ზღვარს გადავიდა, ხო? ეგრეა ახლა, ადამიანურად რომ განვიხილოთ, ასეა, არ ვარ მართალი? ოთხი წელია ვიცნობ. ჩემს ცოლს რეებს წერს, რომ იცოდე, როგორ უყვარს და როგორ უნდა ბავშვების მონახულება, აი, ზუსტად ამ შევიწროების ფაქტის შემდეგ. არსებობს ეს მიმოწერა. ჩემთან სახლში რამდენჯერმე ნამყოფია, საქმიანი, მეგობრული ურთიერთობა რომ აქვს ჩემთან, ჩემს ცოლთან, ყველასთან, ჩემს უახლოეს მეგობარ პროდიუსერთან, რომელიც, სხვათა შორის, გოგონაა, ვინც ჩემთან მუშაობს და რომელიც, სხვათა შორის, სულ იცავდა მაგას თავის დაგვიანებების და უდისციპლინო მოქცევის გამო. მე ვარ გაოგნებული უბრალოდ ამით, მაგრამ არ მიკვირს, რა, რადგან ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადა-ს პრინციპია. ახლა ეს ფემინისტი ქალბატონები, რომლებიც რაღაც გარკვეული პროცესის მედროშედ იყენებენ და კანონმდებლობაში ცვლილება უნდათ, ჩემი აზრით, მალე ნახავენ, რომ ეს არის აბსურდული საქმე და ჩემს სექსუალურ მონსტრად გამოყვანა როგორ უნდა... მე უკვე მივხვდი, რომ ეს ადამიანები არც ჩემს საქმიან რეპუტაციას დაგიდევენ რამედ, არც დედაჩემს, ჩემს ცოლს, რომელსაც ოთხი ღამეა არ უძინია - ამათ არაფრად არ თვლიან, მაგრამ ნუ, ახლა, როგორ გითხრათ, სასამართლო არსებობს ამ ქვეყანაში და ამ პროცესებს მე ყველას მოვიგებ, მე დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში და მოვიგებ და დამთავრდება ეს ყველაფერი. აი, მერე რას იტყვიან ის ადამიანები, რომლებიც ახლა თათია სამხარაძეს უდგანან გვერდში? რაც მთავარია, ტელეკომპანია „იმედზეა" აქ პრობლემა, არ გაინტერესებთ ეგ თემა?
- როგორ არ მაინტერესებს? გისმენთ!
- ტელეკომპანია „იმედმა" 50 კაცი გამოაგდო და დღემდე არ იძახის - რატომ? ეს არის სამარცხვინო ტელევიზია, რომელსაც სამარცხვინო დირექტორი ჰყავს, რომელსაც არ ჰყოფნის იმის გამბედაობა, გამოვიდეს და მე კი არა, საზოგადოებას უთხრას, ჩემს გარდა 50 კაცი რატომ გააგდეს? ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, რომ ნომერ 2 ტელევიზია საქართველოში არის ისეთი, როგორიც არის და რომელსაც მართავს სრულიად უსუსური ადამიანი, რომელიც ახლა ჩირგვებში ზის, არ საუბრობს და ძალმომრეულ გადაწყვეტილებებს იღებს და მათი მიღების შემდეგ, ეშინია საუბარი ამ თემაზე. ეს არის ყველაზე ამაზრზენი, რაც ხდება. ამ საქმის გასაღები არის ეს: რატომ მომიშორეს ეკრანიდან? ამაზე უნდა ვისაუბროთ.
- როგორ ფიქრობთ, რატომ მოგიშორეს?
- კი არ ვფიქრობ, ზუსტად ვიცი, რატომ. უბრალოდ მე მინდა, მოვაგროვო ყველა სამხილი, რომ შემდეგ... სასამართლო პროცესების განაჩენებით ჯერ უნდა დამტკიცდეს, რომ მე ძალადობა არ ჩამიდენია, ხომ უნდა დამტკიცდეს, ხომ უნდა თქვას პროკურატურამ, არის თუ არა იქ ძალადობა? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მერე ბევრი რაღაც უნდა გაირკვეს. მე „ფეისბუკში" დროდადრო ვაწყდები ვიღაც გოგონების სტატუსებს, ჩემზეც იძალადაო, შემდეგ ეს სტატუსები ქრება. ვინ არიან ეს გოგონები, არც მახსოვს. ეს არის ძალიან დაბალი დონის კამპანია, გესმით? და შესაბამისად, მოვითხოვ, რომ ყველაფერი გაირკვეს.
ნინო ლაბარტყავა