ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული გელა ღურწკაიას ადვოკატმა მილერი წოწორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალდებული გელა ღურწკაია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას აღიარებს.
ადვოკატის განცხადებით, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, გელა ღურწკაიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს გამოართვა და გადაწყვიტა, მიეტანა ჟურნალისტ ელისო კილაძისთვის, სანაცვლოდ კი გელა ღურწკაია მიიღებდა 1 000 ლარს. თუმცა აღნიშნული გარიგება არ მოხდა, რადგანაც ადვოკატის ინფორმაციით, ელისო კილაძემ არ ისურვა აღნიშნული მასალის მიღება.
წოწორიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა მას საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჯამალაშვილი არასდროს უხსენებია.
რაც შეეხება საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილს, მისი ადვოკატი გიორგი ფოფხაძე დღეს სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლას გირაოთი მოითხოვს. ადვოკატი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ პროკურატურას მისი კლიენტის ბრალეულობის დასამტკიცებლად არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.